თეგი: ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი
ილია დარჩიაშვილი ყაზახ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მუხტარ ტლეუბერდს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, საუბრისას განხილული იქნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, რომელიც მოიცავს აქტიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური დერეფნის ფუნქციონირების ეფექტურობისა და გამტარიანობის გაზრდის საკითხებს. კმაყოფილებით აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა, მათ შორის საერთაშორისო სტრუქტურებში კანდიდატურების მხარდაჭერის მიმართულებით. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის ეფექტურობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართება 2022 წლის ბოლოს საქართველოში. შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა ხაზი ასევე გაუსვეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.
ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვს შეხვდა. პრემიერების პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყაზახეთსა და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ეს ჩემი მეორე ვიზიტია თქვენს ქვეყანაში და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი თბილი მიღებისთვის. ჩემი მთავარი გზავნილი ის არის, რომ მინდა დავადასტურო პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენი მზაობა, რომელიც, უნდა ითქვას, რომ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში. ისტორიულად ძალიან ძლიერი ურთიერთობები და მეგობრობა გვაკავშირებს. წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილე და სწორედ ამიტომ, ჩემი მთავარი გზავნილი გახლავთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. როგორც ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყაზახეთი მზადაა გააძლიეროს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა. „მოგესალმებით ყაზახეთში. ჩვენს ქვეყანაში ეს თქვენი მეორე ვიზიტია და მინდა მოგილოცოთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაარსებიდან 30 წლის იუბილე. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება თანამშრომლობის და პარტნიორობის, ნაყოფიერი პარტნიორობის პრინციპებს. ჩვენი მთავრობა მზადაა, გააძლიეროს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და მინდა ვისურვო ამ პარტნიორობის წარმატებით გაგრძელება“, - განაცხადა ალიხან სმაილოვმა.