თეგი: ყასიმ ჯომართ-თოყაევი
თოყაევი SPECA-ს სამიტზე: ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებაზე დიდ იმედებს ამყარებს
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის ეკონომიკებისთვის გაეროს სპეციალური პროგრამის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შუა დერეფნის დაკავშირება „სარტყელისა და გზის“ პროექტთან, ასევე „ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან“ და „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიასთან, მძლავრ მულტიპლიკატორულ ეფექტს მისცემს მსოფლიო ვაჭრობას. სამიტზე სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, უზბეკეთის პრეზიდენტი, შავქათ მირზიოევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთის პრემიერ მინისტრი, ვიქტორ ორბანი. „ჩვენი ქვეყნები (SPECA) ევროპასა და აზიას შორის კონტინენტურ ხიდად გადაიქცა. ეს არის უზარმაზარი უპირატესობა, რომელიც სრულად უნდა გამოვიყენოთ. ამ კუთხით, ყაზახეთი დიდ იმედებს ამყარებს შუა დერეფნის განვითარებაზე. მომავალ წლებში ჩვენ ველოდებით ტვირთების რაოდენობის ზრდას ამ მარშრუტით. დარწმუნებული ვარ, შუა დერეფნის დაკავშირება „სარტყელისა და გზის“ პროექტთან, ასევე „ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან“ (TEN-T) და „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიასთან მძლავრ მულტიპლიკატორულ ეფექტს მისცემს მსოფლიო ვაჭრობას. ამავდროულად, ყაზახეთი მზად არის აქტიური თანამშრომლობისთვის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის განვითარებაში. ვიწვევ ყველა პარტნიორს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის კასპიის ზღვის პორტების შესაძლებლობების გასაფართოებლად, ასევე სატრანსპორტო გემების ერთობლივი წარმოებისთვის,“ – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.