თეგი: ყურძენი
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში 20 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
"რთველი 2022-ის ფარგლებში, კახეთში გადამუშავდა 20 ათას ტონამდე ყურძენი. 6 სექტემბრის მდგომარეობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 1 000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 16 მლნ ლარს აღწევს", - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, რთველი აქტიურ ფაზაშია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. გადამუშავებული 20 ათასი ტონიდან 7 ათას ტონამდე რქაწითელი, 9 ათას ტონამდე საფერავი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 200-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 70-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა. სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და ერთ კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს.
13 სექტემბრის მდგომარეობით კახეთის რეგიონში 53 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
13 სექტემბრის მდგომარეობით კახეთის რეგიონში 53 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, მევენახეებს ყურძნის რეალიზაციის პრობლემები არ შექმნიათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ყურძნის დღიური გადამუშავება 8-10 ათასი ტონის ფარგლებშია. ღვინის კომპანიები ყურძენს ხარისხის მიხედვით აფასებენ. რქაწითელის ჯიშის ხარისხიან ყურძენზე ფასმა 1.10 ლარსაც მიაღწია. გადამუშავებული 23 ათასი ტონა რქაწითელიდან 5,3 ათას ტონამდე ამ ჯიშის ყურძენში ღვინის კომპანიებმა 95 თეთრიდან 1.10 ლარამდე გადაიხადეს. ხოლო გადამუშავებული 23 ათას ტონამდე საფერავიდან 15 ათას ტონაში კერძო კომპანიების მიერ გადახდილია 1.55 ლარიდან 1.75 ლარამდე“ - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემა ლევან მეხუზლამ. მათივე ცნობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 4200-მა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 47 მილიონ ლარს აღწევს. :რთველი აქტიურ ფაზაშია გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტები ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 130-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა. სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებს ყურძენი 16 000-მდე მევენახემ ჩააბარა - ღვინის ეროვნული სააგენტო
26 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებს ყურძენი 16 000-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 174 მილიონ ლარს აღწევს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ რეგიონში 175,5 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. „ყველაზე დიდი რაოდენობით ყურენი გადამუშვებულია ყვარლის მუნიციპალიტეტში - 47,7 ათასი ტონა, შემდეგია: გურჯაანი - 45 ათასი ტონა, თელავი - 34 ათასი ტონა, სიღნაღი - 20,3 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 11,1 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 6,5 ათასი ტონა, ახმეტა - 6,8 ათასი ტონა და საგარეჯო 3,7 ათასი ტონა. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი. ამ ეტაპამდე ყურძნის დაწურვის პროცესში 225 საწარმო იყო ჩართული. ყურძნის დღე-ღამური გადამუშავება 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია. გასული წლების ანალოგიურად, რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს კოორდინაციას რთველის შტაბი უწევს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მთავრობა: სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება
მთავრობის განცხადებით, რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის - 103 მილიონი ლიტრი, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო. მინისტრის თქმით, ღვინის ექსპორტთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზეც. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კლიმატური პირობების გამო, მოსალოდნელია, რომ წელს ყურძნის მოსავლის ნაწილი არასათანადო ხარისხის იყოს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება,“ - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მუხუზლა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ესწრებოდნენ.