თეგი: შამანი
იაკუტიელ შამანს, რომელიც პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა გაუხანგრძლივეს
რუსეთის პრიმორსკის მხარის უსურიისკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაკუტიელ შამან ალექსანდრე გაბიშევს, რომელიც პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა გაუხანგრძლივეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „12 ივლისს პრიმორსკის რეგიონული ფსიქიატრიული საავადმყოფოს სამედიცინო კომისიამ დაასკვნა, რომ მიზანშეწონილი იყო ალექსანდრეს გადაყვანა ზოგად საავადმყოფოში და სასამართლოს მიმართა შესაბამისი წარდგენით. მაგრამ უკვე 27 ივლისს, იმავე საავადმყოფოს კომისია, მაგრამ განსხვავებული შემადგენლობით, მოულოდნელად მივიდა დასკვნამდე ალექსანდრეს მდგომარეობის გაუარესებისა და სპეციალიზებულ საავადმყოფოში დატოვების აუცილებლობის შესახებ", - წერს გაბიშევის ადვოკატი. მისივე თქმით, ამ ახალი დასკვნის შესახებ არც დამცველებმა და არც თავად ალექსანდრე გაბიშევმა არაფერი იცოდნენ. იაკუტიელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი 2021 წლის იანვარში 50 პოლიციელისა და ცხრა მანქანის თანხლებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით ჰოსპიტალიზაციისთვის გადაიყვანეს. ალექსანდრე გაბიშევმა, თავის მომხრეებთან ერთად 2019 წლის გაზაფხულზე, იაკუტსკიდან მოსკოვში, „პუტინის განდევნის რიტუალის“ჩატარების მიზნით მსვლელობა მოაწყო. შამანი რამდენიმე კვირაში ბურიატიის და ირკუტსკის ოლქების საზღვარზე დააკავეს. შემდეგ ის ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში მოათავსეს და მის წინააღმდეგ ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით საქმე აღძრეს.