თეგი: შვეიცარიის ელჩი
მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიის ელჩთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიის ელჩს, ჰაიდი გრაუს უმასპინძლა და მასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს განხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტები გააცნო, მადლობა გადაუხადა მას საქართველოს, განსაკუთრებით კი განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის და პროფესიული განათლების განვითარების კუთხით წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მიხეილ ჩხენკელმა სტუმარს განათლების სისტემის მთავარი მეგაპროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან და ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების შექმნის პოლიტიკას და სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.