თეგი: შინ ევროპიკენ
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის წევრებმა მიმართეს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის წევრებმა მიმართეს. ანა ფოტიგას, ჟიგიმანტას პავილიონისის, რასა იუკნევიჩიანეს, მარკეტა გრეგოროვასა და ანდრიუს კუბილიუსის ვიდეომიმართვები აქციაზე ცოტა ხნის წინ აჩვენეს. ევროპარლამენტარებმა აქციის მონაწილეებთან მიმართბით, მხარდაჭერა გამოხატეს. ანდრიუს კუბილიუსი - ევროპარლამენტარი „ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ცხოვრებას, საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროკავშირის ნაწილი. ევროკავშირის მომავალი კი საქართველოს როგორც კავშირის წევრი ქვეყნის ყოლაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ასეთი საერთო მომავლისთვის, როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს შიგნით. ქართველი ერი პრო-ევროპელია და მას უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს ფასადური დემოკრატია კი არ სჭირდება, არამედ ნამდვილი დემოკრატია სადაც პატივს სცემენ ოპოზიციას, სხვადასხვა აზრს და სადაც არ იქნება პოლიტიზებული მართლმსაჯულება“, - განაცახდა კუბილიუსმა. ანა ფოტიგა - ევროპარლამენტარი „წლებია ვიცი, რომ ქართული საზოგადოება ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია, რომელიც მხარს უჭერს არსებობას, ფუნქციონირებას და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას. შესაბამისად, საქართველოს არაერთი მთავრობის ძალისხმევის შემდეგ, ჩვენც მხარს ვუჭერთ ევროკომისიის ამ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს, განსაკუთრებით იმ დიდი საფრთხის ფონზე, რომელსაც ქმნის რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოზიცია უკრაინის მიმართ ამ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრით. ბევრი ქართველი მხარს უჭერს უკრაინას ისევე, როგორც ჩვენ, ევროკავშირის წევრები“, - განაცხადა ფოტიგამ. მარკეტა გრეგოროვა - ევროპარლამენტარი „ჩემთვის ესაა მომავალი, რადგან მოხვედით, რომ აჩვენოთ, რა გსურთ მომავალში. მადლობთ რომ ზრუნავთ, მადლობთ, რომ მოხვედით, მე სრულად გიჭერთ მხარს, რომ ზრუნავთ თქვენს ევროპულ მომავალსა და მისწრაფებაზე. ნამდვილად ვფიქრობ რომ თქვენ არა მხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკოთ თქვენზე როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე. თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა კარგად იცით, რომ ცოტა კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობისა და საქართველოში არსებული ვითარების მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ურთიერთობებსა და სურვილს, რომ პროგრესს მიაღწიოთ და შეძლოთ ევროკავშირის ნაწილი გახდეთ. გახსოვდეთ თქვენს უკან ვდგავართ მაშინ, როდესაც გაკრიტიკებთ. დარჩით ძლიერები, პრო-ევროპელი იდეალისტები, თუ ეს ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის“, - განაცხადა გრეგოროვამ. რასა იუკნევიჩიენე - ევროპარლამენტის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის“ თანათავმჯდომარე „კომისია გარკვევით ამბობს - „ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან. ასეთი პოლიტიკა არ მიგიყვანთ ევროკავშირში, ეს არის კრემლისთვის საჩუქარი. ძვირფასო ქართველებო, დარწმუნებული იყავით, ვითარება უიმედო არ არის. თქვენ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ბევრი ქვეყანა, რომელმაც გამოსცადა საბჭოთა რეჟიმი, იგივე პრობლემების წინაშე იდგა. ყველგან არსებობენ მსგავსი მანიპულატორები და კრემლის მეგობრები. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თითოეულმა თქვენგანმა აიღოს პირადი პასუხისმგებლობა თქვენი ქვეყნის მომავლისთვის. როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ, ვინ დახია საქართველო უკან, რუსეთისკენ. ძალიან კარგად ვიცი, რამდენად საშიშია ეს ცვლილება თქვენი ქვეყნისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის დღის წესრიგში. მივმართავ ყველა პოლიტიკოსს მმართველ გუნდშიც და ოპოზიციაშიც, თქვენ უნდა აიცილოთ თავიდან მძევლის სტატუსი, იპოვოთ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი საოცარი ხალხი ამას იმსახურებს“, - განაცხადა იუკნევიჩიენემ. ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე „ძვირფასო ქართველებო, დღეს ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია. გახსოვთ, რომ 2007 წელს ევროკომისიამ არ გასცა რელომენდაცია ლიეტუვასა და ლატვიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს ჩვენ გავაკეთეთ ორი წლის შემდეგ - გავატარეთ რეფორმები და გავაკეთეთ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი მოითხოვდა. თქვენ გაქვს საგზაო რუკა, 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შაელ მიშელის შუამავლობით. ის ექვსი თვის განმავლობაში სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში. დაუბრუნდით ბრიუსელთან შეთანხმებულ მოლაპარაკებებს. მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ. ჩვენ თქვენთან ვართ", - თქვა ვიდეომიმართვაში ჟიგიმანტას პავილიონისმა. თბილისში აქცია „შინ ევროპისკენ მიმდინარეობს. თბილისის გარდა, დღეს, ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.