თეგი: შოთა გეწაძე

სააპელაციოს უვადო მოსამართლემ, შოთა გეწაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, შოთა გეწაძემ, თანამდებობა დატოვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, გეწაძე სხვა თანამდებობაზე დანიშვნის გამო, პირველი ივნისიდან გათავისუფლდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ, პირადი განცხადებით, სხვა თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველზე, მოსამართლის თანამდებობა დატოვა. საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით, შოთა გეწაძე დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე შვეიცარიის კონფედერაციაში, სადაც საქმიანობას მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან შეუდგება. ეს ფაქტი შოთა გეწაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა. „2023 წლის 2 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სხდომაზე განიხილეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, შოთა გეწაძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ პროტოკოლის დეპარტამენტში, ღონისძიებების და ცერემონიების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განაგრძობს. სხდომაზე ასევე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე პირველ ივნისს დაუკავშირდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ახალ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ აცნობა, რის გამოც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება მოითხოვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა ხმა მოსამართლის გათავისუფლების შესახებ საკითხს. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად სასამართლოს ერთი კარგი მოსამართლე მოაკლდება. შესაბამისად, 2023 წლის 1-ელი ივნისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლე შოთა გეწაძემ, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის 13-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 43-ე მუხლის, „მ“ ქვეპუნქტის თანახმად მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველია მოსამართლის სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა“, - აღნიშნულია "სასამართლოს გუშაგის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.