თეგი: შპიონაჟი

დონალდ ტრამპს შპიონაჟის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესი იწყება. აშშ-ის ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული საქმე ეხება საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებას. ტრამპის ადვოკატმა ჯიმ ტრასტიმ ტელეკომპანია CNN-თან დაადასტურა, რომ 7-პუნქტიანი ბრალდება მომდინარეობს კანონიდან შპიონაჟის შესახებ და ეხება შეთქმულებას, ცრუ განცხადებებს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვას. ყოფილმა პრეზიდენტმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ ის მაიამის ფედერალურ სასამართლოში სამშაბათს დაიბარეს. „მე უდანაშაულო ვარ. არაფერი დამიშავებია. უდანაშაულო ვარ და ამას ძალიან, ძალიან მტკიცედ და იმედია ძალიან სწრაფად დავამტკიცებთ“, - აღნიშნა ტრამპმა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს ფედერალური ბრალდება წაუყენეს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს წელს უკვე მეორედ წაუყენეს ბრალი. აპრილში, მანჰეტენის ოლქის პროკურორმა მას ბრალი ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებასთან დაკავშირებით 34 მუხლით წაუყენა.