თეგი: შუალედური არჩევნები

შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს

რუსთავისა და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 131 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1 048 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1 206 მსურველის განაცხადი. მათგან 54-მა კონკურსანტმა არჩევის პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო საერთო არჩევნებზე ისინი იყვნენ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები, რაც საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით აკრძალულია. „მნიშვნელოვანია, რომ  საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული წევრებიდან: 13 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის ერთი წევრი; 12 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 108 წევრი; 11 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის ორი წევრი; 10 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 69 წევრი; ცხრა ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 867 წევრი. საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები და არჩევის პროცესი საჯაროობის პრინციპის დაცვით ჩატარდა და ღია იყო ყველა უფლებამოსილი პირისთვის. №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას, ასევე ესწრებოდა ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებელი.

რუსთავში „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს

რუსთავში შუალედურ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მედიას განუცხადა, რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნება, რადგან ხელისუფლება „მთელი რესურსით მობილიზაციას შეეცდება, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალური გაკეთდება. „ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ბატონ ბადრისთან და შევთანხმდით, რომ დღეს გვექნებოდა კონსულტაციები. რაც შეეხება მის კანდიდატურას რუსთავში, ბადრი ჯაფარიძეს სრულიად უსამართლოდ ჩამოართვეს მანდატი, ეს იყო მანდატის პოლიტიკური ქურდობა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ იყოს ძლიერად წარმოდგენილი. არ გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიები შევქმნათ. ამიტომ, ბრძოლის ეს ფაზა, რომელიც არის საკმაოდ რთული, მათ შორის შუალედური არჩევნები მისი ხასიათიდან გამომდინარე არის ძალიან პრინციპული. რაც შეეხება მის მხარდაჭერას რუსთავში, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააყენებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში. ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ ეს უნდა იყოს საერთო პლატფორმა, ეს უნდა იყოს ერთიანი ძალისხმევა. ასევე ვიაზრებთ იმასაც, რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნება, რადგან ხელისუფლება მთელი რესურსით მობილიზაციას შეეცდება, მაგრამ ნამდვილად დასაფასებელია ბატონი ბადრის ეს გადაწყვეტილება. ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ მაქსიმალურს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.

2 აპრილის შუალედური არჩევნების შესახებ, ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს

ხვალ, 2 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკო-ს ცნობით, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს, როგორც რუსთავს, ასევე გარდაბნის ნაწილს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი, №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121 (პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი სამი უბანი და ერთი ე.წ. კოვიდუბანი), ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ ტრენინგები და მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად. „აღსანიშნავია, რომ ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ივე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – 139 989-ს შეადგენს,საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული“, – აცხადებენ ცესკო-ში. უწყების ცნობით, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია სამი, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ორი საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ. ცესკო-ს ცნობით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1 590 დამკვირვებელი და ოთხ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე, ასევე საარჩევნო უბნების შედეგების ხელახალი გადათვლის მიზნით წინასწარ შერჩეულია გადათვლის ცენტრები რუსთავსა და გარდაბანში. „ყველა საარჩევნო უბანზე დაცული იქნება პანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციები, საარჩევნო უბნები აღჭურვილია სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით და უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო. ამასთან, ხვალ დილიდან ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიებში განხორციელდება „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით შემოწმება“, – აცხადებენ ცესკო-ში. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩევლებისთვის ნათარგმნია საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენის შევსების წესი, ამომრჩეველთა ერთიანი სია, (სამაგიდო და კედელზე გასაკრავი) და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი. საარჩევნო უბნები რუსთავსა და გარდაბანში 07:00 საათზე, ბათუმში კი 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 07:00 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით. ასევე, მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. 2 აპრილს, 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკო-ს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე  results.cec.gov.ge. ამასთან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება. „ასევე, მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებისმაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში, როგორც ბათუმში, სადაც შუალედური არჩევნები საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ისე გარდაბანსა და რუსთავში“, – აცხადებენ ცესკო-ში.

დღეს რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართება

დღეს რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართება. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავის 84 და გარდაბნის 33 უბანზე აირჩევენ, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს - 14 საარჩევნო უბანზე. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის. პარტიას „მამუკა ტუსკაძე ‐ სოციალური სამართლიანობისათვის“ მამუკა ტუსკაძე, „ქართულ ოცნებას“ - ირაკლი შატაკიშვილი, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიას“ კი კამალ მურადხანოვი წარმოადგენენ.  №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 139 989 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რაც შეეხება ბათუმს, ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევთ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მათე ფუტკარაძე, ხოლო „ქართულ ოცნებას“ რამაზ ჯინჭარაძე წარმოადგენს. №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები 09:00, 13:00, 18:00 და 21:00 საათზეა  ჩანიშნული.

პ​ირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

პ​ირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. „შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. დღესვე ცესკომ არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა. მათ შორის გამოცხადდა კონკურსი №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ასევე განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები, ვადები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ შუალედური არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით. უზრუნველყოფილი იქნება ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაცია. საარჩევნო უბნებზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები. შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა“, – აცხადებენ ცესკო-ში.  

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს პირველი ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს პირველი ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს. პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. „საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, პერიოდულად იგეგმება ცესკო-სა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომების გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა კი, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მოგმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად. აღნიშნული მოგცემთ შესაძლებლობას, რომ გქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, შეუფერხებლად შეძლოთ ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრება, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება და გაშუქება. ინფორმაცია შუალედური არჩევნების აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადების და წესების შესახებ იხილეთ ბმულზე. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცესკო-ს ვებგვერდს – cesko.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე – 2 51-00-51“, – აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.