თეგი: ჩინეთის ელჩი

ლევან დავითაშვილმა ჩინეთის ელჩთან, შუა სატრანსპორტო დერეფნისა და ვაჭრობის საკითხები განიხილა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩ ჭოუ ციენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ ვაჭრობაზე, აგრეთვე თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საგარეო ვაჭრობა ქვეყნებს შორის ბოლო წლებია, ზრდადი დინამიკით ხასიათდება. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთს აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. 2022 წლის 5 თვეში სავაჭრო ბრუნვა 42 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 38 პროცენტით გაიზარდა. შედეგად, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით ჩინეთი იკავებს მე-2 ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 11%-იანი წილით. ხაზი გაესვა ასევე თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში. აღინიშნა, რომ ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 750 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, საინვესტიციო პორტფელი კი მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა საბანკო საქმე, ტურიზმი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, მეტალურგია და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და სატვირთო გადაზიდვების გაზრდის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად ახორციელებს საკუთარი სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და მშენებლობას, რათა უფრო ეფექტიანად შეძლოს ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციის შესრულება. ითქვა, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, როდესაც აზიიდან ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვა ზრდადი დინამიკით ხასიათდება. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოზე გამავალ შუა სატრანსპორტო დერეფანს აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც ხელს შეუწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, გაზრდის TRACECA-ს დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას ჩინეთიდან საქართველოს გავლით, ევროპისა და უკუმიმართულებით. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ვაჭრობის განვითარებისა და საერტაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასკუა.  

ჩინეთის ელჩის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და კავშირები ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეს

პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა დავისახოთ, - ამის შესახებ საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა, 18 ნოემბერს, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. ჩინეთის ელჩის თქმით, სამწუხაროა, რომ შუა დერეფანში ტვირთბრუნვის მოცულობა სწრაფად არ იზრდება.  „სამწუხაროა, რომ დღეს, ტვირთების დიდი ნაწილი არ მოდის შუა დერეფანზე. ჩვენ ვხედავთ დაბრკოლებას აზერბაიჯანის მხრიდან. ხშირად, საბაჟოზე ჩერდება ტვირთები, ამიტომ, აუცილებელია, დაისახოს გეგმები იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა, კავშირები, რადგან ამის გარეშე საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობას უპირატესობა ეკარგება“, - აღნიშნა ჭოუ ცინმა.  ამასთან, ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა, თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტი. ასევე დაგეგმილია ახალი პროექტები, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია შუა დერეფნის გასავითარებლად. „ჩვენთვის საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიზეზია ის, რომ განვითარებადი ქვეყანაა. ჩინეთი, როგორც დიდი სოციალისტური ქვეყანა, თავის მოვალეობად თვლის, დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს. თანამშრომლობის მიზეზია კიდევ ის, რომ ჩინეთსა და საქართველოს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ორმხრივი ურთიერთობების გასავითარებლად, ძალიან კარგი პოლიტიკური გარემოა. ეს უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები და კავშირები გადავიდეს ახალ საფეხურზე“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.   

ჩინეთის ელჩი: შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში, საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ

შუა დერეფნის კონცეფცია, ძალიან შეესაბამება ჩინეთის მიერ ინიცირებულ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას. ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან ვითანამშრომლოთ შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში“, - ამის შესახებ საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა, დღეს მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთი საქართველოსთან თანამშრომლობას, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების განვითარების მხრივაც გეგმავს.  „გვჯერა, რომ შუა დერეფნის პროექტი საქართველოს, ევრაზიის დამაკავშირებელი პროექტების რეალიზაციაში დაეხმარება“, - განაცხადა ჭოუ ცინმა. ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას, ყველაზე ძლიერი ინფრასტრუქტურა აქვს მსოფლიოში. „ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთში, ყველაზე მეტი ავტობანი და ურთულესი კონსტრუქციის ხიდები აშენდა ხმელეთსა და ზღვაზე. ჩინეთს არამხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობის მხრივ აქვს კარგი გამოცდილება, არამედ, კარგად იცის, როგორ გამოიყენოს ინფრასტრუქტურა ეკონომიკური განვითარებისთვის. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა. შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.