თეგი: ჩრდილოეთ კვიპროსი
ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი, ჩრდილოეთ კვიპროსში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი თავისი ინტერესების დასაცავად, ჩრდილოეთ კვიპროსში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას გეგმავს. „მთელმა მსოფლიომაც რომ შეგვიშალოს გზაზე, თურქეთი არ გადაუხვევს თავის პოზიციას და დაიცავს თავის ინტერესებს კვიპროსში, ასევე ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებში“, - აღნიშნა მინისტრმა. „რეგიონში სამხედრო ყოფნის გაზრდის გარდა, დაგეგმილია საჭირო იარაღის მიწოდება“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა შეერთებული შტატების პოზიცია, რომელმაც კვიპროსის რესპუბლიკისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო გააუქმა. მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან ბოლო საუბრისას მან შესთავაზა, რომ „სურვილის შემთხვევაში, ფინანსური დახმარება გაუწიოს კვიპროსელ ბერძნებს, მაგრამ არ მიაწოდოს იარაღი, ღიად ვკითხე, ვის წინააღმდეგ აიარაღებთ [ნიკოსიას]?"
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი, ინალ არძინბა ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ მინისტრი, ინალ არძინბა ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა. მისი თქმით, „აფხაზეთი შეისწავლის ჩრდილოეთ კვიპროსთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს". „არძინბას თან ახლავს რუსეთის ფედერაციის სენატორი, ალექსანდრ ნეკრასოვი, რომელმაც განაცხადა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკა ტურიზმის და პერსპექტივების კუთხით გაცილებით უფრო მიმზიდველად გამოიყურება", - წერს საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესი". ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფო მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული. ის კუნძულ კვიპროსის მესამედს იკავებს და კვიპროსის რესპუბლიკის საზღვრებში მდებარეობს. ჩრდილოეთ კვიპროსი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თურქეთისგან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე. აღსანიშნავია, რომ არძინბა მანამდე თურქეთში იმყოფებოდა.