თეგი: ჩუტყვავილა

გორში 4 წლის ბავშვი სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებით გარდაიცვალა

17 მაისს, გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. რაც შეეხება კლინიკას, „გორმედის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა, შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან. „თბილისში უნდა წაგვეყვანა, ძალიან ცუდად რომ იყო. ექიმი გამოვიდა, „უიმე ჩუტყვავილა აქვსო, აქ როგორ უნდა მივიღოო“. ვეუბნები, ექიმს, რომ ჩქარა, ცუდად არის, გადასხმა გაუკეთეთ, ან სხვა რამე-თქო, მაგრამ მოიცადე ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო. ბავშვს მოვკიდეთ ხელი, მაგრამ ერთი არ უთქვამს მოიცადე და აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო-არა! პირდაპირ გამოვიტაცეთ ბავშვი და წამოვედით. საავადმყოფოსთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ბავშვმა გონება დაკარგა, გული ჰქონდა გაჩერებული“, - განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ ჟურნალისტებთან საუბარში. ბავშვის მკურნალი ექიმი კომენტარს არ აკეთებს  

საქართველოში ჩუტყვავილას შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა საგანგაშო მატება არ არის - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ჩუტყვავილას შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა საგანგაშო მატება არ არის. „ამ ეტაპზე ჩუტყვავილას შემთხვევები არის, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი და უჩვეულო მატება, რაც სხვა დროს ქვეყანაში არ ყოფილა. საყურადღებოა ის, რომ ჩუტყვავილას შემთხვევების უდიდესი ნაწილი მცირე ასაკის ბავშვებში არის მსუბუქი მიმდინარეობის, თუმცა, თუ სიმპტომები არის მკაფიოდ გამოხატული, ოჯახის ექიმი აუცილებლად უნდა ჩაერთოს. ჩუტყვავილას ვაქცინაცია არ შედის რუტინული კალენდრის ფორმატში და ბევრი ქვეყანა ისე, როგორც საქართველო ამას არ მიმართავს. ჩუტყვავილას ვაქცინაცია მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, თუ ერთდროულად მოხდება მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია ერთი წლის განმავლობაში, რაც ექსპერტების მოსაზრებით, პრაქტიკაში განხორციელებაში ვერ იქნება. არასრული ვაქცინაცია პირიქით, გაზრდის რისკებს. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მთავარი პრინციპი არის ის, რომ თუ ბავშვს ჩუტყვავილა დაემართა, დარჩეს სახლში და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მოზრდილ ადამიანებში ჩუტყვავილას მდგომარეობა არის უფრო სერიოზული და საყურადღებო. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ზრდასრულ ადამიანს ჩუტყვავილა დაემართა, მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს სწრაფი რეაგირებისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.  

ჩუტყვავილა არის, ბევრი შემთხვევაა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია - იმნაძე

ჩუტყვავილა ყოველ მესამე წელიწადს არის ხოლმე ძალიან ბევრი - ჩვეულებრივ, ერთი წელია მატების პერიოდი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩუტყვავილა მძვინვარებს, ტყუილია. ჩუტყვავილა პერიოდულად მატულობს ხოლმე. არის წლები, როცა ბევრია, არის წლები, როცა ცოტაა. ახლა ჩუტყვავილას მატების პერიოდში ვართ. ჩუტყვავილა დიდებში უფრო რთულად მიმდინარეობს, ხოლო ბავშვებში, საბედნიეროდ მსუბუქად გვხვდება. ეს შეიძლება ერთი წელიწადი გაგრძელდეს. ჩუტყვავილას სეზონურობა კი არ აქვს - ციკლურობა ახასიათებს. ერთი წელი მოიმატებს ძალიან, მერე ერთი-ორი წელიწადი ნაკლები შეიძლება იყოს. ეს არის ჩუტყვავილას ეპიდემია. ჩუტყვავილა არის, ბევრია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ჩუტყვავილა ყოველ მესამე წელიწადს არის ხოლმე ძალიან ბევრი. ჩვეულებრივ ერთი წელია მატების პერიოდი", - განაცხადა იმნაძემ.