თეგი: ცისანა შარტავა
პატრიარქის ექიმის თქმით, მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ექიმის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო (მუჯირი) თავს კარგად გრძნობს. როგორც შარტავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია მას საპატრიარქოდან მიაწოდეს, ხოლო თავად მეუფესთან არ უსაუბრია. ექიმი აცხადებს, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, თითქოს, მეუფე შიო მოწამლეს. „არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, შემთხვევით გავიგე წუხელ, გვიან. ტელევიზიაში უთქვამთ და დამირეკეს. ალბათ გაკეთდება ახლა განცხადება, თვითონ მეუფე ჯერ არ პასუხობს, ვერ ვაწუხებ. მისი ექიმი არ ვარ, უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობა მაქვს, მის ჯანმრთელობაზე ინფორმაცია არ მაქვს. თვითონ პოსტკოვიდურ მდგომარეობაში ვარ და სახლიდან ვმუშაობ, ამიტომ ვერც გეტყვით, ბოლოს როდის ვნახე. კარგად გრძნობს თავს. დავრეკე და მითხრეს, რომ აბსოლუტურად კარგად ბრძანდება. რაც მთავარია, ეს კი გავიგე, უამისოდ ვერ მოვისვენებდი და დანარჩენი არაფერი ვიცი. ეს ისტორია რა იყო, რა არის, არაფერი ვიცი“, – განაცხადა ცისანა შარტავამ. რიგ ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. ოფიციალური კომენტარი საპატრიარქოში ჯერ არ გაკეთებულა. პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, საპატრიარქოს იურისტი გამოეხმაურა