თეგი: ცხინვალი

მეუფე შიო: დღეს ჩვენი ქვეყნის გეზი მშვიდობისკენაა მიმართული

"დღეს ჩვენი ქვეყნის გეზი სწორედ მშვიდობისკენაა მიმართული, ეს არის ერთადერთი საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც ბედნიერნი იყვნენ და აფხაზებიც, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი ჩვენი ძმებიც", – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას აღნიშნა. "პირველ რიგში, ვფიქრობთ აფხაზეთზე, ვფიქრობთ ცხინვალის რეგიონზე, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, იმ საშინელ ომზე, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ. ათასობით ადამიანი არის დაღუპული როგორც აფხაზი, ისე ქართველი, 300 ათასამდე ადამიანი განდევნილი, გამოძევებული თავისი მშობლიური კუთხიდან და ჩვენი სამშობლოს უმშვენიერესი მხარე, აფხაზეთი, დროებით ჩამოშორებულია. როგორც მისი უწმინდესობა ბრძანებს, არასდროს არ უნდა ვთქვათ, რომ დაკარგულია, არამედ დროებით ვერ ვაკონტროლებთ ამ მხარეს. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გეზიც სწორედ მშვიდობისკენ არის მიმართული, ეს არის ერთადერთი საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც ბედნიერნი იყვნენ და აფხაზებიც, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი ჩვენი ძმებიც“,- განაცხადა მეუფე შიომ.  

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. რეზოლუცია ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილების რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელების აუცილებლობას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში გაუარესებულ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობას, რაც გამოწვეულია იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებისა და უფლებების დარღვევით. რეზოლუცაი 2-6 ივლისს, ბირმინგემში, გამართული ყოველწლიური სესიის შემდეგ მიიღეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 29-ე სესიას რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია არ ესწრებოდა. მისი წევრები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო სანქცირებულთა სიაში არიან. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში მათ შეშვებაზე უარი თქვა.

მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად, ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობას დე ფაქტო პასპორტების გამოყენებისკენ მოუწოდებენ

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებსა და დეპარტამენტის სამოქალაქო პერსონალს, რეკომენდაციას აძლევეს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით გადაკვეთონ. ინფორმაციას, დე ფაქტო თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.   „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას უწევს, რომ დეპარტამენტის სამხედროებმა და სამოქალაქო პერსონალმა გადაკვეთონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის გამოყენებით, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი საბუთი. სამხედრო მოსამსახურის მოწმობა, სამხედრო პირადობის მოწმობა და სამსახურის ცნობა“, - ნათქვამია დე-ფაქტო სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პარალელურად, სამხრეთ ოსეთის ეროვნული არმია შეიარაღებული ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის შესანარჩუნებლად დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს. გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.  ამის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსთან" სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნის შესახებ განაცხადა. კრემლის კონტროლირებადი მედიის ცნობით, ზემო ლარსის საზღვარზე, მობილიზაციას დაქვემდებარებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გაწვევის უწყებებს უკვე იღებენ. 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მიერ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, რამაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გადატვირთვა გამოიწვია. საქართველოს საზღვართან კლომეტრიანი რიგებია.  21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლებულია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ამის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.  

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „საგარეო მინისტრები“ რუსეთში ირანის საელჩოში იმყოფებოდნენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევი მოსკოვში ირანის საელჩოში იმყოფებოდნენ. არძინბამ და ჯიოევმა ირანის ელჩს რუსეთში კაზემ ჯალალის შიიტურ სალოცავზე თავდასხმისას 15 ადამიანის დაღუპვის გამო მიუსამძიმრეს. საელჩოში არძინბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთისთვის საინტერესოა ირანის სახელმწიფოს განვითარებაზე დაკვირვება“. „გარდა ამისა, ჩვენ ინტერესით ვაკვირდებით, როგორ ვითარდება 3+3 ფორმატი. ეს ის ფორმატია, რომელშიც მუშაობენ რუსეთის ფედერაცია, ირანი, თურქეთი და ამიერკავკასიის რესპუბლიკები. ჩვენი აზრით, ეს არის ძალიან სერიოზული პლატფორმა მომავლისთვის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური საკითხების განსახილველად. აფხაზეთის რესპუბლიკა დაინტერესებულია, როგორ ვითარდება ამ პლატფორმის სამუშაო“, - განაცხადა ინალ არძინბამ. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ინალ არძინბასა და ახსარ ჯიოევს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ურთიერთობის აქტუალური საკითხები, ჟენევის დისკუსიების არსებული მდგომარეობა და სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება. „ინალ არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მონაწილეობას კონსულტაციების მექანიზმში აფხაზეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის და სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე. არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი გამიზნულია სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის გააქტიურებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში რადიო თავისუფლების ცნობით. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამ ორი ე.წ. სახელმწიფოს დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, რუსეთის მიერ ანექსირებულ მელიტოპოლში ჩავიდა

რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირებულ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში ჩავიდა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მან პირადად მოინახულა თანამემამულე მებრძოლები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობენ.  ალან გაგლოევმა მებრძოლებს ტექნიკური აღჭურვილობა და ეკიპირება გადასცა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაცემულ აღჭურვილობას შორის არის კვარდოკოპტერები, გენერატორები, ზამთრის ეკიპირება, პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები და საკვები. გაგლოევის პრესმდივანის ნატალია ბოსიკოვას თქმით, „სახელმწიფოს მეთაურს სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ოსეთიდან წასულ მებრძოლებთან კავშირი აქვს, კარგად იცნობს სიტუაციას და ინფორმირებულია პირველი რიგის საჭიროებების შესახებ“.  

მედია: ოკუპირებულ ცხინვალში მკვლელობისთვის ბრალდებული „ვაგნერის“ მებრძოლია

გიორგი სიუკაევი, რომელიც ცხინვალში 38 წლის სოსლან ვალიევის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლია, ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა ტელეგრამის არხებზე „Сапа 15“-სა და „Ног Ирыстон“-ზე დაყრდნობით წერს, ინფორმაციას აზიარებს ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „Рес“-იც. იუწყებიან, რომ სიუკაევი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა უკრაიინიდან სადაც ის მსახურობდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ სახმისით „არბალეტი“. მასალას უცვლელად გთავაზობთ: „სუიკაევი გიორგი ვაგნერელებთან საპატიმროდან მოხვდა, სადაც ის სასჯელს იხდიდა მეთაურის მკვლელობისთვის, რომელიც 2014 წელს ჩაიდინა დონბასში საბრძოლო მოქმედებებისას, სადაც სავარაუდოდ, მოხალისედ იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთიდან. მანამდე სრულიად ახალგაზრდა 2008 წლის ომში მონაწილეობდა“,- ნათქვამია ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე. ოკუპირებულ ცხინვალში ორშაბათს, საღამოს, დანით მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა 38 წლის სოსლან (ცუგრი) ვალიევი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული 1989 წელს დაბადებული გიორგი სიუკაევი ცხელ კვლაზე დააკავეს. მანამდე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შუაღამით ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი მოიწვია და მკვლელობაში ბრალდებულის სასწრაფოდ დაკავება მოითხოვა. „დიდი ტრაგედია მოხდა. თუ სიუკაევი დამნაშავეა და კვალი მისკენ მიდის, მიწაშიც რომ იყოს ჩამძვრალი, აუცილებელია მისი იქიდან ამოყვანა. ვინც მას ხელი დააფარა და მისი მანქანა გადამალა, ყველა დააკავეთ. თუ სამძებრო ღონისძიებებისთვის ხალხი არ არის საკმარისი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და OMON-ი დაგეხმარებათ. ეს არის რეზონანსული შემთხვევა“, - განაცხადა გაგლოევმა. მკვლელობას გამოეხმაურნენ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერებიც ანატოლი ბიბილოვი და ედუარდ კოკოითი. კოკოითის თქმით, რომ „ცუგრი კეთილი და უწყინარი ბიჭი იყო, რომელიც იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას ახლობელივით უყვარდა“. კოკოითი ტელეგრამზე წერს, რომ ის ფაქტობრივად ცხინვალის სიმბოლო იყო. ანატოლი ბიბილივის თქმით კი ვალიევს „უყვარდა ოსეთი და რუსეთი“ და დარწმუნებული იყო „ფაშიზმზე გამარჯვებაში“. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, უწყებაში ჩვენების მისაცემად ორი ადამიანი თავისი ნებით მივიდა. მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" უკრაინაში ომში მონაწილებისთვის პატიმრების გადაბირება გასულ ზაფხულს დაიწყო. დაქირავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, საუბარია ათობით ათას ყოფილ პატიმარზე. „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ომში გადარჩენილებს ექვს თვეში შეწყალებას დაჰპირდა. არსებობს ყოფილი პატიმრების ომიდან შინ დაბრუნების მაგალითებიც. პრიგოჟინის მტკიცებით, მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის შემთხვევები ძალზე იშვიათია. თუმცა, ამ საკითხზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა. რადიო თავისუფლების ცნობით, ისინი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ციხეში უკვე გადაიყვანეს. ერგნეთის მცხოვრები ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 15 მაისს დააკავეს. მეორე დღეს, 16 მაისს, პეტრიაშვილის მეგობარი, სოფელ მეღვრეკისის მცხოვრები არჩილ ბასანიძე, მეგობრის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა და ისიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ლევან პეტრიაშვილმა ოჯახთან დაკავშირება ცხინვალის ციხიდან შეძლო და ნათესავებს აცნობა, რომ პატიმრობა შეუფარდეს. ოჯახის ახლობელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პეტრიაშვილმა ცოტაოდენი ფული და ტანსაცმელი მოითხოვა. „ოჯახის წევრებს უთხრა, რომ თავს ნორმალურად გრძნობს. ვიდეოზარით დარეკა, გაპარსული იყო და ნორმალურად გამოიყურებოდა, მისგან გავიგეთ, რომ არჩილ ბასანიძესაც ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც გვითხრა, „საზღვრის დარღვევის" ბრალდება წაუყენეს. ოფიციალურად დედამისისთვის ჯერ არავის უცნობებია. ხვალიდან წითელ ჯვარს მივმართავთ დასახმარებლად“, - განაცხადა პეტრიაშვილის ოჯახის ახლობელმა. საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აამოქმედა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სუს-ი აცხადებს, რომ „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას". ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.  

რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად, „ანტიტერორისტული წვრთნების“ ჩატარებას გეგმავს

რუსული მედიის ცნობით, 10 თებერვალს რიწის ტბაზე ანტიტერორისტული წვრთნები გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ოკუპირებული აფხაზეთის, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების ძალების წარმომადგენლები. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო რია ნოვოსტის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა. „გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა და კატარღები, იმუშავებენ მყვინთავები,“ - განაცხადა კიუტმა. მისი თქმით, წვრთნების დროს, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდება, იგეგმება ტერორისტული ჯგუფის გარღვევის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკა. ოპერაციის დროს უსაფრთხოების ძალები და მაშველები წყალზე და წყალქვეშ იმუშავებენ დატბორილი მანქანის ეკიპაჟის გადასარჩენად.