თეგი: წამლები
პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილა და მესამე - საბოლოო მოსმენით 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები. კანონპროექტის მთავარი არსი იმპორტირებულ პროდუქტზე GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნაა. ამასთან, მოქმედ კანონში ცვლილება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ კანონით უკვე ძალაში შესულია ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზე GMP-სტანდარტის მოთხოვნა და მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები თანაბარ პირობებში იყვნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე არის შემცირებული
წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ. წამლები საქართველოში უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია აფთიაქებში - მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, რათა ყველა ის წამალი, რომელიც საქართველოში წარმოებული იქნება, ან იმპორტირებული მაღალი ხარისხის იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე არის შემცირებული, ამასთან დასძენს, რომ ყველა წამალი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა მაღალი ხარისხის არის. „წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ. ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ მაღალი სტანდარტის წამლები შემოვიდოდა. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ წამლები საქართველოში უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია, აფთიაქებში უკვე იყიდება რამდენიმე დასახელების წამალი, ყველაზე მოთხოვნადი წამლები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილი: თურქეთიდან 200-მდე მედიკამენტი შემოვა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტს ჩაანაცვლებს
"თურქეთიდან 200-მდე მედიკამენტი შემოვა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტს ჩაანაცვლებს. შესაბამისად, მათი ფასების მკვეთრად გაიაფება მოხდება", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. „მედიკამენტების ფასები მკვეთრად გაიაფებულია. ზოგ შემთხვევაში 80-90%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს ერთი კვირის ან ერთი თვის წინ იყო. ამ პროცესს ჩვენ ვაგრძელებთ. ასევე, იმ რეკომენდაციებს, რაც ფარმაცევტულ ბაზარს საქართველოში უფრო გამჭვირვალეს გახდის. ვიმედოვნებთ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში მედიკამენტების ფასებს სტაბილურს გახდის და ხელმისაწვდომს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა აზარაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე არის შემცირებული
ირაკლი ღარიბაშვილი: 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება, წამალი საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს
11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება, ექიმი ვალდებული იქნება, წამალი საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ზურაბ აზარაშვილმა შეიმუშავა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და უკვე დღეიდან, 11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო და შემდეგ, ბატონი მინისტრი თავად ახსნის ამ ინიციატივის არსს. დღეიდან, ექიმი ვალდებული იქნება, წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ფარმაცევტი მომხმარებელს, ჩვენს მოქალაქეს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. ეს იქნება მისი ვალდებულება. მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებული იქნება, მოქალაქეს შესთავაზოს სამი ყველაზე იაფი წამალი. ამის შემდეგ, მოქალაქე თავად გადაწყვეტს, რომელი წამალი შეიძინოს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომლებიც ექიმების მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად, მაგრამ არსებობს ეს პრობლემები და იყო, უნდა ვაღიაროთ, ექიმების, ფარმაცევტების მხრიდან, შესაძლო ბრენდული, კონკრეტული კომპანიების, თუ მწარმოებლების, მედიკამენტების ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა იქნება დაზღვეული. ამით პრაქტიკულად აღმოიფხვრება ეს რისკი და ეს პრობლემა მოგვარდება. ეს დაეხმარება იმ პროცესს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ – თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა და ზოგადად, ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. ეს არის ჩვენი მოლოდინი და ჩვენს მოქალაქეებს სამართლიანად შესთავაზებენ მედიკამენტებს. მინისტრი აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, დარგის სპეციალისტებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან. ეს ყველაფერი გავლილია მათთან და დიდი იმედი მაქვს, აღნიშნული რეფორმა იქნება ძალიან წარმატებული და რაც მთავარია, ჩვენს ხალხს, მათ კეთილდღეობას წაადგება, მათ ჯიბეზე, მათ დანახარჯებზე აისახება ეს ყველაფერი, ნაკლები დანახარჯები ექნებათ მედიკამენტებზე. არაერთი ინფორმაცია მივიღეთ, რომ თუ ადამიანს კონკრეტული მედიკამენტის შეძენაში ეხარჯებოდა თვეში 300-400-500 ლარი, ახლა ეს თანხა არის განახევრებული კი არა, 60-70-80%-ით შემცირებულია ფასები, რაც დამერწმუნებით, მართლაც ძალიან კეთილი საქმეა და კიდევ ერთხელ მინდა, რომ მადლობა ვუთხრა ზურას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული რეცეპტების გენერიკებით გამოწერის ვალდებულება მოქმედებს ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში, ევროპაში, ამერიკაში და პრაქტიკულად ყველგან. „მე თავად მინახავს და ალბათ თქვენ, ვისაც გქონიათ საშუალება, შემთხვევა, როდესაც მედიკამენტებს ყიდულობთ ევროპაში, ამერიკაში, გთავაზობენ რამდენიმე ვარიანტს და თავად ირჩევს მომხმარებელი, რომელი შეიძინოს – ძვირიანი, იაფიანი, ნაკლებად იაფიანი და ა.შ.“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ჯანდაცვის სამინისტრო: გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას გარკვეული დასახელების მედიკამენტები ურეცეპტოდ გაიცემა
"ანტიარითმიული, სპაზმოლიზური, წნევის დამწევი, ანტიალერგიული, ანაფილაქსიური შოკის საწინააღმდეგო, შარდმდენი, ანტიდიაბეტური, ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე ბრონქული ასთმისა და სტენოკარდიული შეტევის კუპირების საშუალებები, აუცილებლობის შემთხვევაში, ურეცეპტოდ გაიცემა", - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "კაპტოპრილი, დექსამეტაზონი, ეპინეფრინი, ფუროსემიდი, გლუკოზა, ინსულინი, სალბუტამოლი, ნიფედიპინი, ამიოკორდინი, ატროპინი, დიფენჰიდრამინი, გლიბენქლამიდი, მეტფორმინი, მეტოპროლოლი, პრედნიზოლონი, ნიტროგლიცერინი, ნალოქსონი და სხვა დასახელების მედიკამენტის შეძენა, აუცილებლობის შემთხვევაში, რეცეპტის გარეშეც არის შესაძლებელი. აღნიშნული გამონაკლისი, მეორე ჯგუფის მედიკამენტებს ეხება, რომლის რეცეპტიც პირველი მარტიდან, მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება. რეცეპტის გარეშე გაიცემა III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებიც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედებით ხასიათდებიან. მსგავსი ტიპის პრეპარატებია: ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების დროს გამოსაყენებელი, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებები და სხვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების სია იხილეთ ამ ბმულზე.
ჯანდაცვის სამინისტრო: ელექტრონული რეცეპტის გარეშე, მეორე ჯგუფის წამლების გაცემის 939 ფაქტი გამოავლინდა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ელექტრონული რეცეპტის გარეშე, მეორე ჯგუფის წამლების გაცემის 939 ფაქტი გამოავლინა, მათ შორის 49 შემთხვევაში ფაქტი დაფიქსირდა განმეორებით, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის, მოსახლეობის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით ფარმაცევტულ რეფორმას ახორციელებს. ცვლილების მიხედვით მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ გამოიწერება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა. ამასთანავე დაინერგა, წამლის გენერიკული რეცეპტის გაცემის სისტემა. პირველი მარტიდან 16 სექტემბრამდე 1 522 640 ელექტრონული რეცეპტი გამოიწერა. 11 აპრილიდან 16 სექტემბრამდე პერიოდში კი გენერიკული სახით გაიცა 956,000 დანიშნულება. რეგულირების სააგენტო აგრძელებს სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას. მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის კონტროლი, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით ხორციელდება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ პრეპარატი „დიპროსპანი“ ბაზრიდან გამოითხოვა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიის Schering-Plough Labo N.V, წარმოებული პრეპარატი „დიპროსპანი“ (5მგ + 2მგ) / 1მლ ბაზრიდან გამოითხოვა. როგორც უწყებაში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზეზი ბელგიის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილება გახდა. „მარეგულირებლის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის პრობლემა ოთხ სერიაზე (W002247,W005812, W028823, W030207) დაფიქსირდა – კერძოდ, წარმოების პროცესში უჟანგავი ფოლადის პოტენციური ნაწილაკებით დაბინძურება. მწარმოებლის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ ყოფილა შეტყობინებები, რეალიზებული პროდუქტის პარტიებში მყარ ნაწილაკებთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების შესახებ“, – აღნიშნულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებაში. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეჩერების მიზეზის აღმოფხვრამდე, ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებსა და რეალიზატორებს დაევალათ, შეაჩერონ წამლის რეალიზაცია, გამოითხოვონ ბაზრიდან და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.
თურქეთის მთავრობამ შეზღუდა ექსპორტზე გასატანი მედიკამენტების ჩამონათვალი - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების ფასებზე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას დაუშვებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ფარმაცევტული სექტორისთვის მსგავსი ბრალდების რეჟიმში ყოფნა მიუღებელია. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რეფერენტული ფასების ვალდებულება კონკრეტული თარიღით არის განსაზღვრული, შესაბამისად ყველა კომპანია იცავს აღნიშნულ ვალდებულებას და კანონით განსაზღვრულ დროს უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის 22 თებერვლის განცხადებას მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების პროცესში ფარმაცევტული ბაზრის მიმდინარე გამოწვევებს. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და მასში გაერთიანებული წევრები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი განცხადების გავრცელება რეფერენტული ფასის რეგულირების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში არის ყოვლად დაუშვებელი მითუმეტეს, როდესაც მიმდინარეობს ბაზრის ადაპტაცია ცვლილებებზე და არ დარღვეულა კანონით განსაზღვრული ზღვარი. სექტორისთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდების რეჟიმში ყოფნა, მითუმეტეს, როდესაც შესაბამისი მიზეზი ნამდვილად არაა. რეფერენტული ფასების ვალდებულება კონკრეტული თარიღით არის განსაზღვრული, შესაბამისად ყველა კომპანია იცავს აღნიშნულ ვალდებულებას და კანონით განსაზღვრულ დროს უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. რეფერენტული ფასებად მედიკამენტების რეალიზაცია 15 თებერვლიდან გახდა სავალდებულო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 15.01.2023 წლის N2/ნ ბრძანება) და ყველა კომპანიამ მოახდინა ამ თარიღიდან კანონის აღსრულება. სამინისტროს პოზიცია გაუგებარია, რატომ შეიძლება ჩაითვალოს კანონით დადგენილი ვალდებულებების - კანონით დადგენილ დროში შესრულება არაკეთილსინდისიერ ქმედებად. ასევე კანონით განსაზღვრულია გარდამავალი პერიოდი 15 მარტამდე, რათა კომპანიებს ჰქონდეთ სხვადასხვა საკითხის დაზუსტების და ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლებლობა. თურქული მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ყოველთვის ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება. მიმდინარე მდგომარეობით თურქეთის მთავრობამ: შეზღუდა ექსპორტზე გასატანი მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობები; მედიკამენტების ფასები გასული წლის დეკემბრის თვიდან საშუალოდ გაიზარდა 36,77 %-ით და თვეზე მეტია გაძვირებული ფასებით შემოდის; შესაბამისად აღნიშნული ცვლილებები საქართველოს ბაზარზეც აისახება. ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას. ასოციაციაში შემავალი ფარმაცევტული კომპანიები მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი. შესაბამისად ასოციაციის ყველა წევრი გამოთქვამს მზადყოფნას სრული ინფორმაცია მიაწოდოს კონკურენციის სააგენტოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტული ბაზრის ოპერატორებისთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები და გაუგებარია თუ რას ემსახურება ამ სახის განცხადებები, მითუმეტეს როდესაც ადგილი არ ჰქონდა კანონის დარღვევას. ჩვენი ასოციაციის წევრები სრულიად ემიჯნებიან უკანონო ქმედებებს და საქართველოს კანონის დაცვით, აგრძელებენ ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფას და კვალიფიციური მომსახურების გაწევას“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 22 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა.
საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზადაა - აზარაშვილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზად არის. როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მედიკამენტები ლაბორატორიაში გადამოწმდება და საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება. „შემიძლია დავადასტურო, რომ წამლის ლაბორატორია უკვე მზად არის. ახლა ტექნიკურ დეტალებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით. ვგეგმავთ, როდის უნდა გაიხსნას. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტები გადამოწმდება და მათი საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრო: წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, იმ წამლებზეც გავრცელდა, როლებზეც ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ. მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად იყიდება - ჯანდაცვის სამინისტრო „რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე მოქმედებს. წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება. რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. რეფორმა ფარმაცევტული პროდუქტის ფასებს საშუალოდ, 40%-ით ამცირებს. მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული,” - ნათქვამია ინფორმაციაში.