თეგი: წევრი
შარლ მიშელი: კრემლი ვერ შეგვაშინებს, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას და მიუხედავად კრემლის მუქარისა უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. ამის შესახებ მან კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ეს სამიტს აქვს ორ მკაფიო გზავნილი: პირველი - თქვენთვის და უკრაინელი ხალხისთვის - ევროკავშირი ყველანაირად დაგიჭერთ მხარს. კრემლმა ვერ შეგვაშინა და ვერც მომავალში შეგვაშინებს. იმიტომ რომ ევროკავშირი და უკრაინა ერთი ოჯახია“, - თქვა შარლ მიშელმა. „მეორე გზავნილია - უკრაინის მომავალი ევროკავშირში. უკრაინელებმა გააკეთეს მკაფიო არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. თქვენი მომავალი ჩვენთანაა, ჩვენს საერთო ევროკავშირში. თქვენი ბედი ჩვენი ბედია“, - დასძინა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ერთ-ერთი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციას ეხება.