თეგი: წვრთნა

ვაზიანში საარტილერიო წვრთნა ჩატარდა

ვაზიანის სასროლეთზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. საველე წვრთნებში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51 -ე ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები და ჰაერსაწინააღმდეგო ჯგუფები მონაწილეობდნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა საველე პირობებში პრაქტიკულ მეცადინეობას დაეთმო, სადაც ბრძოლის წარმოებისას ბატარეაში შემავალი ელემენტების კოორდინირებული მოქმედება დაიხვეწა. მეორე ფაზა ბატარეის ტაქტიკურ მოქმედებაზე 48 საათიან დაკვირვებას მოიცავდა, ხოლო მესამე ფაზა კი, საცეცხლე პოზიციების დაკავებითა და საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლების დასკვნით ნაწილს სპეციალურად შერჩეული დამკვირვებელთა კომისია აფასებდა. წვრთნების მიზანს ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და სხვადასხვა საბრძოლო ელემენტის კოორდინაცია და შერწყმა წარმოადგენდა.  

მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა სიტუაციური სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის “ბრავო” ასეულმა სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  „წვრთნა ორი კვირის განმავლობაში ვაზიანში მიმდინარეობდა და ასეულის დონეზე ამოცანაზე ორიენტირებულ მომზადებას ისახავდა მიზნად. სწავლების განმავლობაში “ბრავო” ასეულმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, ასეულმა დასახლებულ პუნქტში შეტევითი ოპერაცია და დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე, შენობაში განლაგებული მოწინააღმდეგის განადგურების მიზნით რეიდი განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო სნაიპერთა ჯგუფი, რომელსაც ოპერაციის რაიონის იზოლირება დაევალა. წვრთნებში გამოყენებული იყო საცეცხლე მხარდაჭერის, გამრღვევი და მოიერიშე ელემენტები, ასევე დრონი, სსსტც “დელტას” წარმოების ხელყუმბარები და სხვა შეიარაღება,“- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.   

ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, სამართალდამცავი სტრუქტურების მონაწილეობით, სასწავლო წვრთნა დღეს ჩატარდება

საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები და ამერიკის საელჩო სასწავლო ერთდღიან წვრთნას საელჩოს ტერიტორიაზე და მის გარშემო დღეს გამართავენ. ამერიკის საელჩოს განცხადებით, წვრთნების ჩატარების მიზანია საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ამერიკის საელჩოს უსაფრთხოების პერსონალს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განმტკიცება. „ეს წვრთნები არის ადგილობრივ სამართალდამცავებსა და ამერიკის საელჩოს შორის თვეების განმავლობაში დაგეგმილი პროგრამის კულმინაცია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შესანიშნავი თანამშრომლობა აქვთ მრავალი მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაკავშირებულ საკითხებში. დღევანდელი წვრთნის მსგავსი პროგრამა უზრუნველყოფს აღნიშნული პარტნიორობის წარმატებულ გაგრძელებას“, - აცხადებს აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა.  

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ დაიწყო

სამთავრობო უწყებებს შორის კრიზისულ სიტუაციებში კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწის მიზნით შექმნილი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს და მასში ყველა სახელმწიფო უწყება მონაწილეობს. სწავლება კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა. „თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ ყურადღება საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობასა და მის ეფექტიანობაზე გაამახვილა. გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და სწავლებაში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყების მაღალი დონის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოგვიანებით, გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან და სწავლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად თანამედროვე, NATO-ს სტანდარტების ინფრასტრუქტურა - სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალ შენობა დაათვალიერა, სადაც იმიტირებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და ფორმირებული გენერალური შტაბია მოწყობილი, ამავე სივრცეშია განთავსებული სტრატეგიული და ოპერატიული დონის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სხვადასხვა უჯრედი. მონაწილეებს კომპეცენტიის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების შესრულება ჰიბრიდული თუ სხვა გამოწვევების ფონზე კოორდინირებული ურთიერთქმედებით მოუწევთ,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბური და გამორჩეულია. მასში საშტაბო ნაწილის გარდა სხვადასხვა სასწავლო უბანზე ძალების მიზიდვით საველე კომპონენტებიც გათამაშდება. საშტაბო ნაწილში სწავლების არქიტექტურაში ახალი უწყებათშორისი კომპონენტები ჩამოყალიბდა - სტრატეგიული კომუნიკაციების უწყებათშორისი ჯგუფი და სიმულაციური მედიაცენტრი. საველე ნაწილს კი, სრულიად ახალი კომპონენტები დაემატა, მათ შორისაა საზღვაო, ასევე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) ელემენტები. საველე კომპონენტებში პირველად ჩაერთვებიან მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ტერიტორიული რეზერვისა და წინააღმდეგობის ელემენტებთან ერთად.