თეგი: ხადერ ადნანი

ისრაელის ციხეში 86-დღიანი შიმშილობის შემდეგ, პალესტინური დაჯგუფების „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის ფიგურა, ხადერ ადნანი გარდაიცვალა - BBC

BBC-ის თანახმად, ისრაელის ციხეში 86-დღიანი შიმშილობის შემდეგ პალესტინური დაჯგუფების „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის ფიგურა, ხადერ ადნანი გარდაიცვალა. ისრაელში განაცხადეს, რომ ადნანი უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ციხის სამსახურის განმარტებით, ხადერ ადნანი, ბოლო პერიოდში, სამედიცინო გამოკვლევებსა და მკურნალობაზე უარს აცხადებდა. ხადერ ადნანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ღაზის სექტორიდან სულ მცირე სამი რაკეტა გაუშვეს. ხადერ ადნანი, რომელსაც ტერორიზმის ხელშეწყობასა და ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ადანაშაულებდნენ, ე.წ ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა. ადმინისტრაციული პატიმრობის პირობებში, ისრაელს ეჭვმიტანილების დაკავება განუსაზღვრელი ვადით, ბრალის გარეშე, განახლებადი ექვსთვიანი ვადით შეუძლია. ეს არის სადავო ზომა, რომელსაც უფლებადამცველები აკრიტიკებენ.