თეგი: ხარგის კუნძული
ტრამპის თქმით, აშშ-მ ხარგის კუნძული დაბომბა
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-მ ირანის ხარგის კუნძულზე ყველა სამხედრო სამიზნე გაანადგურა. ხარგის კუნძული ირანისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია. კუნძულზე თეირანის მთავარი ნავთობტერმინალი მდებარეობს, რომლის გავლითაც ექსპორტზე ირანის ნედლი ნავთობის დაახლოებით 90% გადის. „ცოტა ხნის წინ, ჩემი ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა განახორციელა და ირანის ძვირფას მარგალიტზე - ხარგის კუნძულზე - ყველა სამხედრო სამიზნე სრულიად გაანადგურა,“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე. „თავაზიანობის გამო, გადავწყვიტე, რომ კუნძულის ნავთობის ინფრასტრუქტურა არ გაგვენადგურებინა, თუმცა, თუ ირანი ან სხვა ვინმე გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ხელს შეუშლის გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, მე ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გადავხედავ,“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იუწყება, რომ აშშ-ის თავდასხმების დროს კუნძულზე 15-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა. სააგენტოს Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ თავდასხმების სამიზნე საჰაერო თავდაცვის ობიექტები, საზღვაო ბაზა, აეროპორტის საკონტროლო კოშკი და ვერტმფრენების ანგარი იყო. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ხარგის კუნძულზე ნავთობის ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.