თეგი: ხარჯები
პოლონეთი თავდაცვისთვის მშპ-ს 5%-მდე დახარჯავს
პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის თქმით, ქვეყანა თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას გეგმავს. მისი თქმით, პოლონეთის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4%-დან 3%-მდე და შემდგომში მშპ-ს 5%-მდე გაზრდა იგეგმება. ცენტრალური პოლონეთის ქალაქ პლოკში გამართულ პარტიულ მიტინგზე კაჩინსკიმ თქვა, რომ ქვეყანა აპირებს გააგრძელოს თავდაცვის ხარჯების გაზრდა. „იმისათვის, რომ რუსეთი არ დაგვესხას, ჩვენ გვჭირდება ძლიერი არმია შეკავებისთვის”, - აღნიშნა კაჩინსკიმ. მან არ დააკონკრეტა, როდის დახარჯავს პოლონეთი მშპ-ს 5%-ს თავდაცვაზე, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ აჩვენა, რომ გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ რუსეთი კონტრშეტევას არ დაიწყებს, „ამიტომ ევროპის უსაფრთხოება ძალიან სერიოზულად უნდა იყოს დაცული“. „სამშობლოს დაცვის შესახებ“ ახალი კანონის თანახმად, მომავალ წელს პოლონეთმა თავდაცვაზე მშპ-ს 3% უნდა დახარჯოს. თუ სხვა მოკავშირეები არ გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს, პოლონეთი NATO-ს წევრებს შორის თავდაცვის ხარჯების მონაცემებით ლიდერი გახდება. ახლა ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს შეერთებული შტატები, რომელიც, თავად ალიანსის მონაცემებით, ჯარზე მშპ-ს თითქმის 3,5%-ს ხარჯავს.
2022 წელს, საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა 17.3%-ით, ხარჯები კი, 20.3%-ით გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 596.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.3 პროცენტით მეტია. ამასთან, 2022 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 19.0 პროცენტით გაიზარდა და 1 453.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 18.6 პროცენტით გაიზარდა და 432.7 ლარს გაუტოლდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლები ქალაქის ტიპის დასახლებებში 14.9 პროცენტით გაიზარდა და 967.9 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 21.4 პროცენტით გაიზარდა და 628.1 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 46.1 პროცენტი შეადგინა. ასევე გაზრდილია თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 2.2 პროცენტული პუნქტით და 12.4 პროცენტს უტოლდება. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.6 პროცენტი შეადგინა. 2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 551.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.3 პროცენტით მეტია. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 22.0 პროცენტით გაიზარდა და 1 413.6 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 21.7 პროცენტით გაიზარდა და 420.7 ლარს გაუტოლდა. უწყების მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში გაიზარდა 1.4 პროცენტული პუნქტით და 71.5 პროცენტი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის ჯამური ხარჯები ქალაქის ტიპის დასახლებებში 19.2 პროცენტით გაიზარდა და 951.5 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 22.2 პროცენტით გაიზარდა და 600.4 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 41.8 პროცენტს შეადგენს, რაც 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.