თეგი: ხელოვნური ინტელექტი

Microsoft-მა საოფისე პროგრამებში ტექსტების დასაწერად შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს

Microsoft-ი თავის საოფისე აპლიკაციებში (Office apps) ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გეგმავს. ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მომხმარებლებს შეეძლებათ, თავიანთ ტექსტებში ასევე ავტომატურად გენერირებული ტექსტების ფრაგმენტები მოთხოვნის საფუძველზე შეიტანონ. ინფორმაციას ამის შესახებ The Information-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 2019 წელს მაიკროსოფტმა OpenAI-ში თავისი პროდუქციის ახალი ტექნოლოგიის შესაქმნელად ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოახდინა. 2021 წელს კომპანიამ წარმოადგინა Copilot ინსტრუმენტი, რომელიც პროგრამისტებს ეხმარება, OpenAI-თან ერთად შექმნილი კოდი დაწერონ.

ხელოვნურმა ინტელექტმა და ტექნოლოგიებმა შეიძლება, სამუშაო კვირა სამ დღემდე შეამცირონ

მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიამ შეიძლება, ვერ შეცვალოს ადამიანი, მაგრამ მას შეუძლია, 3-დღიანი სამუშაო კვირა გახადოს შესაძლებელი. ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის დამფუძნებელს ჰკითხეს სამუშაოსთვის ხელოვნური ინტელექტის საფრთხის შესახებ, რასაც გეითსმა უპასუხა, რომ შეიძლება, დადგეს დრო, როდესაც ადამიანებს „აღარ მოუწევთ ამდენი შრომა.“ „თუ საბოლოოდ მიიღებთ საზოგადოებას, სადაც კვირაში მხოლოდ სამი დღე უნდა იმუშაოთ, ეს ალბათ კარგია,” - აღნიშნა გეითსმა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტს გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია, გეითსმა ხელოვნური ინტელექტის რისკებიც აღიარა, თუ ის არასწორად იქნება გამოყენებული. ივლისში მან ხელოვნური ინტელექტის პოტენციური გავლენის შესახებ 3000-სიტყვიანი ბლოგიც გამოაქვეყნა. „მე არ ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენა ისეთივე დრამატული იქნება, როგორც ინდუსტრიული რევოლუცია, მაგრამ ის ნამდვილად იქნება ისეთივე დიდი, როგორც კომპიუტერის დანერგვა. ტექსტის დამუშავების აპლიკაციებმა ვერ გაანადგურეს საოფისე სამუშაო, მაგრამ ცვლილებები დანერგეს. დამსაქმებლებსა და თანამშრომლებს ადაპტაცია მოუწიათ და ეს გააკეთეს კიდეც,“ - აღნიშნავს გეითსი.  

Upday Italia ჟურნალისტებს ხელოვნური ინტელექტით ცვლის: პირველი რედაქცია მილანში „გაუქმდა“

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამომცემელმა, მილანში რედაქცია დახურა. ახალი ამბების ვებგვერდი მსოფლიოს 34 ქვეყანაშია წარმოდგენილი. Axel Springer-მა, Upday Italia-ს ახალი ამბების განყოფილებაში რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლა. მათ ახალი ხელოვნური ინტელექტის სისტემა ჩაანაცვლებს, რომელიც ახალი ამბების ავტომატურად გენერირებას შეძლებს. მილანის რედაქცია მალე დაიხურება და სამი ჟურნალისტი და ერთი პოლიგრაფი გათავისუფლდებიან. განცხადება ამის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამომცემელმა Axel Springer-მა გააკეთა. "Upday" წარმოდგენილია არამხოლოდ იტალიასა და გერმანიაში, არამედ, საფრანგეთში, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში: ის 2016 წელს „ალექს სპრინგერსა“ და “სამსუნგს“ შორის შეთანხმების შედეგად დაფუძნდა. აპლიკაცია მალევე გახდა წარმატებული და, შესაბამისად, Samsung-ის მობილური ტელეფონების გარდა, სადაც ის წინასწარ იყო დაინსტალირებული, მისი ჩამოტვირთვა სხვა მოწყობილობებზეც იყო შესაძლებელი: ის 34 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. “Upday“-ის დახურვამ  ჟურნალისტებსა და პროფკავშირებში შეშფოთება გამოიწვია. არსებობს შიში, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება, სამუშაო ადგილების დაკარგვა გამოიწვიოს, თუმცა ხელოვნური ინტელექტი სრულად ვერ ჩაანაცვლებს ჟურნალისტებს. მედიის წარმომადგენლებს მოუწევთ ამ ცვლილებასთან ადაპტაცია და ახალი უნარების განვითარება კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.  

ბილ გეითსი განმარტავს, რომ ხელოვნური ინტელექტი 5 წელიწადში ყველას ცხოვრებაში გარდამტეხ როლს შეასრულებს

Microsoft-ის თანადამფუძნებელ, მილიარდერ ბილ გეითსის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ყველასთვის გარდამტეხ როლს შეასრულებს. CNN-თან ინტერვიუში, გეითსმა იწინასწარმეტყველა, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველას ცხოვრებას გაამარტივებს. ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ გამოიწვია შიში, რომ ტექნოლოგია მთელ მსოფლიოში მილიონობით სამუშაო ადგილს გააუქმებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამ კვირაში გამოაცხადა, რომ მსოფლიოში სამუშაო ადგილების დაახლოებით, 40% შეიძლება, ხელოვნური ინტელექტის ზრდამ დააზარალოს. გეითსი ამ აზრს არ ეთანხმება. მას სჯერა - ისტორია აჩვენებს, რომ ყოველი ახალი ტექნოლოგია იწვევს შიშს და შემდეგ უკვე მას ახალი შესაძლებლობა მოაქვს. „ბევრი ახალი რამ, ბევრი ახალი სამუშაო კატეგორია შეიქმნა და ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე მაშინ, როცა ყველა ფერმაში მუშაობდა. ახლაც ასე იქნება,“ განაცხადა გეითსმა სოფლის მეურნეობის სფეროს მაგალითზე საუბრისას. გეითსი ხაზს უსვამს, რომ ხელოვნური ინტელექტი მედიცინის სფეროში დიდ წვლილს შეიტანს და ექიმების სამუშაოს ის ნაწილი, რომელიც მათ დიდად არ მოსწონთ (რუტინული სამუშაო, რომელიც მოიცავს წერილობით დოკუმენტებს - მოხსენებები, საბუთები) შეგვიძლია, უფრო ეფექტიანი გავხადოთ.  იმის გამო, რომ არ არის საჭირო „ბევრი ახალი აპარატურა“, AI-ზე წვდომა ტელეფონით ან კომპიუტერის საშუალებით მოხდება. ცნობისთვის, მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიამ შეიძლება, ვერ შეცვალოს ადამიანი, მაგრამ მას შეუძლია, 3-დღიანი სამუშაო კვირა გახადოს შესაძლებელი. ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის დამფუძნებელს ჰკითხეს სამუშაოსთვის ხელოვნური ინტელექტის საფრთხის შესახებ, რასაც გეითსმა უპასუხა, რომ შეიძლება, დადგეს დრო, როდესაც ადამიანებს „აღარ მოუწევთ ამდენი შრომა.“ „თუ საბოლოოდ მიიღებთ საზოგადოებას, სადაც კვირაში მხოლოდ სამი დღე უნდა იმუშაოთ, ეს ალბათ კარგია,” - აღნიშნა გეითსმა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტს გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია, გეითსმა ხელოვნური ინტელექტის რისკებიც აღიარა, თუ ის არასწორად იქნება გამოყენებული. ივლისში მან ხელოვნური ინტელექტის პოტენციური გავლენის შესახებ 3000-სიტყვიანი ბლოგიც გამოაქვეყნა. „მე არ ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენა ისეთივე დრამატული იქნება, როგორც ინდუსტრიული რევოლუცია, მაგრამ ის ნამდვილად იქნება ისეთივე დიდი, როგორც კომპიუტერის დანერგვა. ტექსტის დამუშავების აპლიკაციებმა ვერ გაანადგურეს საოფისე სამუშაო, მაგრამ ცვლილებები დანერგეს. დამსაქმებლებსა და თანამშრომლებს ადაპტაცია მოუწიათ და ეს გააკეთეს კიდეც,“ - აღნიშნავს გეითსი. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, გეითსის ქონება 140 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში მეოთხე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.  

მოლდოვამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამზადებული ღვინო, საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა

საერთაშორისო გამოფენაზე ProWein2024, რომელიც 10-12 მარტს გერმანიაში, დიუსელდორფში იმართება, მოლდოველმა მეღვინეებმა წარმოადგინეს პირველი მოლდოვური ღვინო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი. ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა. სამინისტროს ცნობით, ProWein2024 გამოფენაში მოლდოვაში 50-ზე მეტი მარანი მონაწილეობს. დიუსელდორფში, Wine of Moldova-ს სტენდზე, უცხოელი ვიზიტორები შეძლებენ, დააგემოვნონ Chelaris-ის პირველი ორი ღვინო. ეს ღვინოები ჯერ შეზღუდული რაოდენობით იწარმოება.  

ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში პირველი ისტორიული წესები დაამტკიცა

ევროკავშირმა 13 მარტს საბოლოოდ დაამტკიცა ფართო მასშტაბის წესები ხელოვნური ინტელექტის მართვის სფეროში, მათ შორის, ისეთი მძლავრის სისტემის, როგორიცაა OpenAI-ის პროდუქტი ChatGPT. წესები, რომლებიც პირველად 2021 წელს წარადგინეს, მოქალაქეებს ელვისებური სისწრაფით ცვალებადი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებისგან დაიცავს. ამავე დროს ეს წესები საფუძველს გაამყარებს ევროკავშირში ამ სფეროს განვითარებისთვის. ბრიუსელი განსაკუთრებით ჩქარობდა ახალი კანონის მიღებას მას შემდეგ, რაც 2022 წელს სცენაზე გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე ორგანიზაცია OpenAI-ის პროგრამა ChatGPT, რომელსაც Microsoft-ი უჭერს მხარს.  

ისტორიაში პირველად, გაეროს გენასამბლეამ ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტს მიიღო ისტორიაში პირველი რეზოლუცია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებისა და გამოყენების გლობალური რეგულირების შესახებ. დოკუმენტში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა, ლაპარაკია ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ერთიანი საერთაშორისო სისტემის შექმნის აუცილებლობაზე. გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია ერთხმად მიიღო. აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ლინდა ტომას-გრინფილდი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა. მან ისაუბრა თავის არგუმენტებზე ასეთი რეზოლუციის მიღების სასარგებლოდ. „რატომ უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტით დაკავებული ეს ორგანიზაცია, რომელსაც ამდენი ეგზისტენციალური საკითხის განხილვა უწევს? პასუხი მარტივია - ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი ეგზისტენციალურია,“ - განაცხადა ტომას-გრინფილდმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას მიესალმა. „შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს მუშაობას მთავრობებთან და სხვა პარტნიორებთან, რათა გარანტირებული იყოს, რომ ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, პროექტირება, განვითარება, დანერგვა და გამოყენება, იყოს უსაფრთხო, საიმედო და სანდო,“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ხელოვნური ინტელექტი უკვე გამოიყენება დაავადებათა დიაგნოსტიკისა და ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზისთვის, ის ფერმერებს ეხმარება მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოყვანაში, მასწავლებლებს კი - მეტი რაოდენობის მოსწავლეთათვის სწავლებაში.  

აშშ, ბრიტანეთი და ევროკავშირი პირველად აწერენ ხელს ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელ კონვენციას, ხელშეკრულებას საქართველოც შეუერთდა

ევროკავშირმა, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს პირველ გლობალურ ხელშეკრულებას ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელსაც ასევე შეუერთდა საქართველო. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იუსტიციისა და სერვისების მიწოდების სფეროში და, მეორე მხრივ, სათანადო სამართლებრივი რეგულაციების შექმნა, რათა ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სრულ შესაბამისობაში იყოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან. ამ მიზნით უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტრო გახსნის ხელოვნური ინტელექტის სამართლის ცენტრს. 5 სექტემბერს, ევროპის საბჭომ ხელმოსაწერად გამოაქვეყნა პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც წინასწარ შეთანხმდა ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებთან, შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან. ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე თავად ევროსაბჭომ გამოაქვეყნა. ევროპის საბჭოს განმარტებით, ეს არის პირველი საერთაშორისო იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება სრულად შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩარჩო კონვენციას ხელი მოაწერეს ანდორამ, საქართველომ, ისლანდიამ, ნორვეგიამ, მოლდოვამ, სან მარინომ, დიდმა ბრიტანეთმა, ასევე ისრაელმა, აშშ-მ და ევროკავშირმა. გლობალურ კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყნები საკუთარ თავზე ლეგალურ ვალდებულებებს აიღებენ. ხელშეკრულება 57 სახელმწიფოს შორის მიმდინარე დისკუსიების საფუძველზე შეიქმნა და ის ხელოვნური ინტელექტის რისკებთან ერთად, ინოვაციების პასუხისმგებლიან ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. „ეს კონვენცია მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების უზრუნველყოფისას, არ მოხდება ჩვენი უძველესი ფასეულობების ეროზია, როგორიცაა - ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა,“ - განაცხადა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შაბანა მაჰმუდმა, ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აცხადებს, რომ ის იმუშავებს მარეგულირებლებთან და ადგილობრივ მთავრობებთან, რათა ახალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეგულაციები დაინერგოს. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა, ხელშეკრულება უზრუნველყოფს სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების მთელ სასიცოცხლო ციკლს, ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის პროგრესს და ინოვაციებს, ხოლო აკონტროლებს რისკებს, რაც მან შეიძლება, გამოიწვიოს ადამიანის უფლებებისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება ძირს კი არ გამოუთხრის ჩვენს სტანდარტებს, არამედ - დაიცავს მათ. ჩარჩო კონვენცია შექმნილია სწორედ ამის უზრუნველსაყოფად,“ აღნიშნა ბურიჩმა. ცნობისთვის, კონვენცია ყურადღებას ძირითადად ადამიანის უფლებათა დაცვაზე ამახვილებს, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვა ეხება. ის რამდენადმე განსხვავდება ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტისგან, რომელიც გასულ თვეში ამოქმედდა. ევროკავშირის აქტი ევროპის კავშირის სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, დანერგვას და მისი სისტემების გამოყენებას არეგულირებს. ევროპის საბჭო 1949 წელს დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც ევროკავშირმა ადამიანის უფლებათა დაცვის მოვალეობა დააკისრა. მასში 47 სახელმწიფო შედის, რომელთა შორისაა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა.  

Microsoft-მა შექმნა მრავალრეგიონული ჰაბი, რომელიც საქართველოსაც მოიცავს

მომავალ წელს ყაზახეთი გეგმავს, შექმნას ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ცენტრი, რომელიც ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ინფრასტრუქტურისთვის ერთგვარ ხერხემალს უზრუნველყოფს, იტყობინება Trend. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Microsoft-ის პრეზიდენტ მიშელ სიმონსთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე განიხილეს ყაზახეთისა და Microsoft-ის  თანამშრომლობის პერსპექტივები IT ინდუსტრიის განვითარებისა და სტარტაპებისთვის ყოვლისმომცველი ეკოსისტემის შესაქმნელად. Microsoft-მა აცნობა თოყაევს, რომ მათ ყაზახეთში თავიანთი ოფისი გარდაქმნეს მრავალრეგიონულ ჰაბად, რომელიც მოიცავს ცენტრალურ აზიას, აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, მონღოლეთს და პაკისტანს. ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი აქტიურად მუშაობს კანონმდებლობაზე ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რომლის მიზანია, გამოიყენოს თავისი პოტენციალი ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. თავის მხრივ, მიშელ სიმონსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Microsoft აპირებს, გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა ყაზახეთთან ციფრული განვითარების მიმართულებით. თოყაევმა მიმდინარე წლის სექტემბერში მოუწოდა პარლამენტის დეპუტატებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ხსენებული ამოცანის განხორციელებაში და ხაზი გაუსვა ასტანაში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ცენტრის მომავალ წელს ამოქმედების მნიშვნელობას. მან ასევე ხაზი გაუსვა სატელეკომუნიკაციო ქსელების, მონაცემთა ცენტრების განვითარების გაგრძელების აუცილებლობას, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ამ სფეროში ყაზახეთის სპეციალისტების კომპეტენციების გაზრდას.