თეგი: ხელფასები

2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება - ფინანსთა მინისტრი

„2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრა გარკვეული პრინციპები, თუ როგორ უნდა მოწესრიგებულიყო საჯარო სამსახურებში შრომის ანაზღაურების ნაწილი. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას დაევალა, საქართველოს პარლამენტისთვის წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საჯარო სამსახურებში ხელფასების მოწესრიგება. „დღეს განისაზღვრა ის ძირითადი პრინციპები, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის მოწესრიგება გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად, ჩამოყალიბდა გარკვეული მიმართულებები, თუ რას უნდა ეფუძნებოდეს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი და ეს მიმართულებები არის შემდეგი: კერძოდ, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს იმ პროცენტული მაჩვენებლით, რა პროცენტულადაც ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში არასახელმწიფო სექტორში გაიზრდება საშუალო ხელფასი. ასევე, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არ იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი - ანუ განისაზღვრა ის დიაპაზონი, რა დიაპაზონშიც უნდა იყოს საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე, კერძო სექტორთან მიმართებით. დღევანდელი მოცემულობით საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე, კერძო სექტორთან მიმართებით, დაახლოებით, 74%-ს შეადგენს, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი იცვლებოდა და იყო 93-94 პროცენტიც, თუმცა 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი შემცირებულია 74%-მდე. კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით, ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 2026-წლამდე, ყოველწლიურად, საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება იმისთვის, რომ მიღწეული იქნას ის პარამეტრები, რომელზეც ჩვენ საუბარი გვქონდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, აღნიშნული პარამეტრები უკვე განხილული იქნება კანონმდებლობის დონეზე, როდესაც წარდგენილი იქნება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი და შესაბამისად, მისი თქმით, აღნიშნულ კანონში მთავრობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება აისახება.   

ირაკლი ღარიბაშვილი: 2026 წლამდე, ყოველ წელს, საჯარო მოხელეების ხელფასები მინიმუმ 10%-ით გაიზრდება

2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები, ჯამში დაახლოებით 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა და ამიტომ, სექტემბერში ბიუჯეტის კორექტირება მოხდება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დამატებითი შემოსავლები უფრო მეტი პროექტის დაფინანსების საშუალებას მისცემს მთავრობას. „ჩვენ, სავარაუდოდ სექტემბრის თვეში მივმართავთ პარლამენტს და მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას. ბიუჯეტი გაიზრდება, ვინაიდან დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო და რა თქმა უნდა, უფრო მეტი თანხები გვექნება გასანაწილებელი უწყებების მიხედვით, უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება იზრდება. მინდა ასევე შევახსენო საზოგადოებას, რომ წლების განმავლობაში, დაახლოებით 2017 წლიდან 2020 წლამდე პრაქტიკულად არც ერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩვენ თუ შევადარებთ კერძო სექტორში და საჯარო სექტორში არსებულ შრომით ანაზღაურებას, ჩამორჩენა არის საგრძნობი და ამას სჭირდება მოწესრიგება. 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება - ფინანსთა მინისტრი ამიტომ, ჩემი დავალებით, წელს, იანვარში დავიწყეთ ამის მოწესრიგება, იანვარში 10%-ით გაიზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელისთვის. ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით უკვე მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები. ჯამში დაახლოებით 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტენდენციებს, პროცესს, დინამიკას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება სამინისტროებს, მეტი კარგი ინიციატივები, რომელსაც ძალიან მალე გავაჟღერებთ და დავიწყებთ სექტემბრიდან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, მთავრობამ, მმართველმა გუნდმა შევინარჩუნეთ ამ რთულ პერიოდში და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქსტატმა გამოაქვეყნა, რომ 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით (213,3 ლარით) გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა. მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდაა და ეს მაჩვენებელი ბოლო 7 თვის განმავლობაში 10,3 % გაუტოლდა.  საქსტატისა და პრემიერ-მინისტრის პოზიტიური მონაცემების ფონზე, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე საქართველოს მოსახლეობისთვის კვლავ მწვავე საკითხებია. გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ მათთვის სამუშაო ადგილები ყველაზე მწვავე საკითხია. 36% პრობლემად ფასების ზრდას, 32% სიღარიბეს, ხოლო 18% პენსიებს ასახელებს. რატომ ვერ გრძნობს საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკურ კეთილდღეობას საშუალო ხელფასისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ფონზე? Europetim-თან ასოცირებული პროფესორი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა ამბობს, რომ საქსტატის მიერ საშუალო ხელფასის ზრდის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემით, საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კუთხით შექმნილ ვითარებას ვერ შევაფასებთ. „ეს არ ზომავს ქვეყანაში მოსახლეობის კეთილდღეობის დონეს. ამ მონაცემით, დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობის საშუალო დონეს შევაფასებთ. თუ ქვეყანაში დასაქმების დონე იქნება დაბალი, ბუნებრივია დავაკვირდებით იმას, თუ როგორ იცვლება მილიონიდან 900 ათასამდე დასაქმებულის ხელფასი. ის რომ საშუალო ხელფასი იზრდება, ეს არ ნიშნავს, რომ სახელფასო სარგო ყველა დასაქმებულს გაეზარდა. ანუ შესაძლოა, ვიღაცას ხელფასი გაეზარდა, ვიღაცას იგივე დარჩა ან შეუმცირდა“, -ამბობს პაპავა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი ამბობს, რომ ქვეყანაში კეთილდღეობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი მონაცემია აბსოლუტური სიღარიბე, დასაქმებულთა რაოდენობა და უმუშევრობის დონე. როგორ იცველებოდა უმუშევრობის დონე და აბსოლუტური სიღარიბე  2012-2021 წლები (საქსტატი)  უმუშევრობის დონე: 2012 წელი - 26,7%; 2013 წელი - 26,4%; 2014 წელი - 23%; 2015 წელი - 21,9%; 2016 წელი - 21,7%; 2017 წელი - 21,6%; 2018 წელი - 19,2%; 2019 წელი - 17,6%; 2020 წელი - 18,5%; 2021 წელი - 20,6%.  აბსოლუტური სიღარიბე: 2012 წელი - 30%; 2013 წელი - 26,2%; 2014 წელი - 23,5%; 2015 წელი - 21,6%; 2016 წელი - 22.0%; 2017 წელი - 21,9%; 2018 წელი - 20.1%; 2019 წელი - 19,5%; 2020 წელი -21,3%; 2021 წელი - 17,5%.  „საშუალო ხელფასის მოსახლეობის კეთილდღეობაზე განზოგადება რომ შევძლოთ რამდენიმე  საკთხი უნდა გადაიჭრას“, - ამბობს პაპავა. პირველი: სწრაფი ტემპით უნდა იზრდებოდეს  დასაქმება, მეორე - ამ საკითხთან თანდართული უნდა იყოს სტაბილური ეკონომიური ზრდა. არ უნდა იყოს ამოვარდნა, როგორც ჩვენს შემთხვევაში ხდება. 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა იყო მაღალი, 2021 წელს კი ზრდის მაჩვენებელი. გარკვეულწილად დავაკომპენსირეთ, მაგრამ მაინც არ გვაქვს იმის თქმის შესაძლებლობა, რომ  უკეთესი ეკონომიკური კეთილდღეობა გვაქვს. ეკონომისტის პროგნოზით, თუ ორნიშნასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა გვექნება 7-10 წლის განმავლობაში, ამის შემდეგ უკვე რთული იქნება იპოვო ადამიანების ის ჯგუფი, რომელსაც ეს ზრდა არ შეეხო. პაპავას თქმით, ქვეყანაში დღეს კეთილდღეობის დონეს მხოლოდ ადამიანების გარკვეული ჯგუფები აღწევენ.  „როცა ვლაპარაკობთ ეკონომიკის ზრდის მოკლევადიან ეფექტზე, როცა ქვეყანაში ინფლაციური ნაკადებია, უძრავი ქონება გაძვირდა, ამ დროს ადამიანების კონკრეტული ჯგუფები აღწევენ კეთილდღეობას. ისინი ან უძრავ ქონებას ფლობენ, ან ტურიზმის სექტორში არიან დასაქმებულნი და იმ მომენტში იღებენ სარგებელს, რადგან ეკონომიკური ზრდა ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული. კეთილდღეობის განცდა იმიტომ არ გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალია, მაგრამ მოკლევადიანია, რომელიც ყველა ჯგუფსა და სექტორზე არაა განზოგადებული. შესაბამისად არიან ადამიანები, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ და არც ტურისტი უნახავთ, რომელმაც ბევრი ფული დახარჯა ან დამოკიდებული არიან სახელმწიფო შემწეობაზე, რომელიც ვერ გაიზრდებოდა იმ დონეზე, გაუჩინოს განცდა, რომ მაღალი სასურსათო ინფლაციის პირობებში მისი კეთილდღეობა გაიზარდა“- ამბობს პაპავა.  კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკური კეთილდღეობის განცდაზე, პაპავას შეფასებით არის ინფლაცია. რადგან მზარდი ინფლაციის დროს, დასაქმებულების ხელფასზე, სასურსათო კალათის გაძვირება დამატებითი წნეხია. შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10.9% შეადგინა. უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაციაა, რომელიც ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და 9.5%-ს გაუტოლდება. სებ-ში აცხადებენ, რომ სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის რისკები არ შერბილდება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება. ამ დროისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია.  

რა გავლენა აქვს ორნიშნა ინფლაციის პირობებში საშუალო ხელფასის ზრდას, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე

2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ეკონომიკისა და საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკა 7,1%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ყოველთვიური ხელფასი 16.1 % -ით (213,3 ლარით) და 1 541.3 ლარი შეადგინა. ორივე ტრენდი დადებითია. გაუმჯობესდება თუ არა მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა ორნიშნა ინფლაციის პირობებში?   Europetime-თან, ეკონომისტი, პროფესორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ეკონომიკისა და საშუალო ხელფასების ზრდის დადებითი ტრენდი ერთმანეთს დაემთხვა, თუმცა იმისთვის, რომ მოსახლეობამ ეკონომიკური კეთილდღეობა იგრძნოს, ეს საკმარისი არ არის. „საქსტატის მონაცემებით, ბოლო თვეებში დაქირავებულთა რაოდენობა სულ მცირე 36 ათასით გაიზარდა. იზრდება საშუალო ხელფასიც. გვაქვს ორი დადებითი ტრენდი ამ მიმართულებით. ამასთან, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია 225 მილიონი ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულთა შემოსავლებმა 4%-ით მოიმატა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, როცა ინფლაცია ორნიშნაა. რეალურად, აგვისტოში წლიურ 10,9%-იან ინფლაციას მოსახლეობა შემოსავლების 4%-იანი ზრდით დაუპირისპირდა“, - ამბობს სოსო არჩვაძე. მისი თქმით, მზარდ ინფლაციას, საქართველოში ხელფასების ზრდის ტემპი ვერ ეწევა და ამას თავისი მიზეზები აქვს. „ეს ყველაფერი დამოკიდებულია მთლიანი შიდა პროდუქტის [ეკონომიკის] ზრდაზე. რა დოვლათსაც ვქმნით, იმის განაწილება შეგვიძლია. ტრენდი დადებითია, თუმცა იმისათვის, რომ ინფლაციას გაუსწროს და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გაიზარდოს, არადამაკმაყოფილებელია“, - ამბობს არჩვაძე. წლიური ინფლაციის დონე საქართველოში. საქსტატის 2022 წლის მონაცემები: იანვარი - 13,9; თებერვალი -13,7%; მარტი - 11,8%; აპრილი - 12.8%; მაისი - 13.3%; ივნისი- 12,8% ; ივლისი - 11.5% ; აგვისტო -10,9%. საშუალო ხელფასი: 2022 წელი პირველი კვარტალი - 1456,5 ლარი; მეორე კვარტალი 1 541.3 ლარი; 2021 წლის პირველი კვარტალი - 1256, 2 ლარი; მეორე კვარტალი 1328 ლარი; რეალური მშპ-ს ზრდა: 2022 წლის პირველი კვარტალი - 14,9%; მეორე კვარტალი - 7,1%; 2021 წლის პირველი კვარტალი კლება - 4,1%; მეორე კვარტალი ზრდა - 28,9%; საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკისა და საშუალო ხელფასის ზრდის ფონზე, მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ გამოწვევად რჩება. გასულ კვირას ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ მათთვის სამუშაო ადგილები ყველაზე მწვავე საკითხია. 36% პრობლემად ფასების ზრდას, 32% - სიღარიბეს, ხოლო 18% პენსიებს ასახელებს. Europetim-თან, ასოცირებული პროფესორი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, გიორგი პაპავა ამბობს, რომ საქსტატის მიერ საშუალო ხელფასის ზრდის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემით, საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კუთხით შექმნილ ვითარებას ვერ შევაფასებთ. „თუ ქვეყანაში დასაქმების დონე იქნება დაბალი, ბუნებრივია, დავაკვირდებით იმას, თუ როგორ იცვლება მილიონიდან 900 ათასამდე დასაქმებულის ხელფასი. ის რომ, საშუალო ხელფასი იზრდება, ეს არ ნიშნავს, რომ სახელფასო სარგო ყველა დასაქმებულს გაეზარდა. ანუ შესაძლოა, ვიღაცას ხელფასი გაეზარდა, ვიღაცას იგივე დარჩა, ან შეუმცირდა“, - ამბობს პაპავა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი ამბობს, რომ ქვეყანაში კეთილდღეობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი მონაცემია აბსოლუტური სიღარიბე, დასაქმებულთა რაოდენობა და უმუშევრობის დონეა. როგორ იცველებოდა უმუშევრობის დონე და აბსოლუტური სიღარიბე 2012-2021 წლები (საქსტატი) უმუშევრობის დონე: 2012 წელი - 26,7%; 2013 წელი - 26,4%; 2014 წელი - 23%; 2015 წელი - 21,9%; 2016 წელი - 21,7%; 2017 წელი - 21,6%; 2018 წელი - 19,2%; 2019 წელი - 17,6%; 2020 წელი - 18,5%; 2021 წელი - 20,6%.  საქსტატის მონაცემებით 2022 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონემ 19.4% შეადგინა, მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 18,1% იყო. აბსოლუტური სიღარიბე: 2012 წელი - 30%; 2013 წელი - 26,2%; 2014 წელი - 23,5%; 2015 წელი - 21,6%; 2016 წელი - 22.0%; 2017 წელი - 21,9%; 2018 წელი - 20.1%; 2019 წელი - 19,5%; 2020 წელი -21,3%; 2021 წელი - 17,5%. „საშუალო ხელფასის ზრდის შედეგად, მოსახლეობამ რომ ეკონომიკური კეთილდღეობა იგრძნოს, რამდენიმე საკითხი უნდა გადაიჭრას“, - ამბობს გიორგი პაპავა. პირველი: სწრაფი ტემპით უნდა იზრდებოდეს დასაქმება, მეორე - ამ საკითხთან თანდართული უნდა იყოს სტაბილური ეკონომიური ზრდა. არ უნდა იყოს ამოვარდნა, როგორც ჩვენს შემთხვევაში ხდება. 2020 წელს, ეკონომიკური ვარდნა იყო მაღალი, 2021 წელს კი, ზრდის მაჩვენებელი. გარკვეულწილად, დავაკომპენსირეთ, მაგრამ მაინც არ გვაქვს იმის თქმის შესაძლებლობა, რომ უკეთესი ეკონომიკური კეთილდღეობა გვაქვს. ეკონომისტის პროგნოზით, თუ 7-10 წლის განმავლობაში, ორნიშნასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა გვექნება, ამის შემდეგ, უკვე რთული იქნება საქართველოში ადამიანების ისეთი ჯგუფის პოვნა, რომელიც საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდის შედეგად ეკონომიკურ კეთილდღეობას ვერ იგრძნობს. გიორგი პაპავას თქმით, ახლა ეკონომიკისა და ხელფასების ზრდის დადებით ეფექტი, მხოლოდ ადამიანების კონკრეტულ ჯგუფებზე აისახება.   „ეკონომიკის ზრდას მოკლევადიანი ეფექტი აქვს. ქვეყანაში ინფლაციური ნაკადებია, უძრავი ქონება გაძვირდა და ამ ფონზე, ადამიანების კონკრეტული ჯგუფები აღწევენ ფინანსურ კეთილდღეობას. ისინი ან უძრავ ქონებას ფლობენ, ან ტურიზმის სექტორში არიან დასაქმებულნი და იმ მომენტში იღებენ სარგებელს, რადგან ეკონომიკური ზრდა ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული. კეთილდღეობის განცდა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალია, თუმცა მოკლევადიანია და მოსახლეობის ყველა ჯგუფსა და ეკონომიკის სექტორზე არაა განზოგადებული“, - ამბობს პაპავა.  კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკური კეთილდღეობის განცდაზე, პაპავას შეფასებით, არის ინფლაცია. რადგან მზარდი ინფლაციის დროს, დასაქმებულების ხელფასზე სასურსათო კალათის გაძვირება დამატებითი წნეხია. შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10.9% შეადგინა. უკვე ერთ წელზე მეტია, საქართველოში ორნიშნა ინფლაციაა, რომელიც ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და 9.5%-ს გაუტოლდება. სებ-ში აცხადებენ, რომ სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის რისკები არ შერბილდება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება. ამ დროისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია.  

ლევან დავითაშვილი: ხელფასები საკმაოდაა გაზრდილი

ხელფასები საკმაოდ არის გაზრდილი, მაგრამ კიდევ დიდი პოტენციალია იმ კუთხით, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სექტორში ანაზღაურება კერძო სექტორისას უნდა გავუთანაბროთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. საქსტატი: 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი, გასულ წელთან შედარებით, 11.2%-ით გაიზარდა „საქსტატმა საკმაოდ საყურადღებო კვლევა გამოაქვეყნა. პოზიტიური ელემენტიც იყო, საკმაოდ გაზრდილია ხელფასები, საშუალო ხელფასი, მაგრამ არის კიდევ დიდი პოტენციალი იმ კუთხით, რომ დავინახეთ, მაგალითად, კერძო და საჯარო სექტორში მნიშვნელოვანია განსხვავება, თუმცა მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ რამდენიმე წელში ჩვენ უნდა დავაწიოთ კერძო სექტორში არსებულ ხელფასებს საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეების ანაზღაურება. ქვეყანას მოუწევს ბევრი კომპლექსური ნაბიჯის გადადგმა ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კუთხით. ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში უნდა დავძლიოთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.  

ევროკავშირში საათობრივი ანაზღაურება 2022 წელს 4,4%-ით გაიზარდა - Eurostat

ევროზონაში საათობრივი ანაზღაურება და ხელფასები ყველა წევრს შორის გაიზარდა. Eurostat-ის თანახმად, ანაზღაურებამ ყველაზე ნაკბელად მოიმატა იტალიაში, მალტასა და ფინეთში (+2,3%) და ყველაზე მეტად ლიეტუვაში (+13,4%), ესტონეთსა (+8,8%) და ხორვატიაში (+8,7%). ევროზონის გარეთ ევროკავშირის ქვეყნებისთვის, საათობრივი ანაზღაურება და ხელფასები ეროვნულ ვალუტაში ასევე გაიზარდა ყველა ქვეყანაში. ისინი ყველაზე ნაკლებად გაიზარდა დანიასა (+2.2%) და შვედეთში (+3.0%) და ყველაზე მეტად უნგრეთში (+16.4%), ბულგარეთში (+15.5%), რუმინეთსა (+12.3%) და პოლონეთში (+11.7%).  

პარლამენტმა თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტის წევრებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა წარუდგინა. „ცვლილების თანახმად, კანონპროექტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კანონით განსაზღვრულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება იმ კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. ამასთანავე, არ ხდება ზედა ზღვრის კოეფიციენტების ცვლილება. საკანონმდებლო ცვლილებით წესრიგდება შემდეგი პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესი: საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და მთავრობის თავმჯდომარის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის და მინისტრის პირველი მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის,“ წერს პარლამენტის პრესსამსახური. მომხსენებლის განცხადებით, გასულ წელს, ამ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რაც აღნიშნულ კოეფიციენტებთან საპარლამენტო თანამდებობის პირების სახელფასო სარგოების შესაბამისობაში მოყვანას ისახავდა მიზნად. ახლა მნიშვნელოვანია, რომ იგივე სტანდარტი გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, მათ შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე სახალხო დამცველისა და გენერალური აუდიტორის მიმართ. კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შედის ასევე „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და „აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს პარლამენტის წევრისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით. შესაბამისად, ხელფასები შემდეგნაირად განისაზღვრება: საქართველოს პრეზიდენტი — 13 300 ლარი; პრემიერ-მინისტრი — 13 300 ლარი; მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი — 11 305 ლარი; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს/მთავრობის თავმჯდომარეები — 11 305 ლარი; მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე — 9 975 ლარი; მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილე — 9 642 ლარი; ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება.