თეგი: ხერტ იან კოოპმანი

ევროკომისის გენერალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა

ევროკომისის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, 30 აპრილიდან 4 მაისამდე სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ეწვევა, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხების განხილვისა და ახალი ინიციატივების წარდგენის მიზნით. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 30 აპრილს, კოოპმანი სომხეთს ეწვევა. მისი ვიზიტი უშუალოდ მოსდევს ევროკავშირი–აშშ–სომხეთის 5 აპრილის მაღალი დონის შეხვედრას და სომხეთისთვის მედეგობის და ეკონომიკური ზრდის გეგმის გამოცხადებას. ვიზიტის დროს, გენერალური დირექტორი ისაუბრებს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე, მათ შორის, სექტორული თანამშრომლობის გაზრდასა და ევროკაშვირის ინვესტიციებზე, ასევე, ევროკავშირის დახმარებაზე რეფორმების განხორციელებასა და დევნილთა ინტეგრაციაში. კოოპმანი შეხვდება სომხეთის პრემიერ–მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, მთავრობის წევრებს, მათ შორის ვიცე–პრემიერებს მჰერ გრიგორიანს და ტიგრან ხაჩატრიანს, ეროვნული ასამბლეის წევრებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს; ბატონი კოოპმანი, ასევე, გახსნის ევკროკაშირისა და გერმანიის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და მდგრადი ენერგოინიციატივების განხორციელებაა. პირველ და 2 მაისს, კოოპმანი საქართველოს ეწვევა და ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. კოოპმანი შეხვდება პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს, მთავრობისა წევრებს, მათ შორის, ვიცე–პრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ის, ასევე შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პარტნიორებს საინვესტიციო საკითხებში. კოოპმანი გახსნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას საქართველოს საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში, ასევე ინვესტირების ხელშეწყობას განახლებადი ენერგოგენერაციის პოტენციალი გაზრდაში და სესხების ეროვნული ვალუტაში წახალისებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. 3 და 4 მაისს, ევროკომისის გენერალური დირექტორი ეწვევა აზერბაიჯანს, რომ განიხილოს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა, მათ შორის, რეგიონულ კავშირებისა და განახლებადი ენერგიების სექტორებში, კლიმატის ცვლილების კონფერენციის COP29 კონტექსტში, რომელსაც ნოემბერში აზერბაიჯანი უმასპინძლებს. გენერალური დირექტორი შეხვდება მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხტარ ბაბაევს და ციფრული განვითარების და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს. გენერალური დირექტორი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად გახსნის ,,ევროპის გუნდის“ ინიციატივას, რომელიც აზერბაიჯანში ჭურვების გაუვნებელყოფაზე იქნება მიმართული და დაეხმარება შესაძლებლობების გაზრდას, ჭურვებთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცოდნის გაზრდას და მსხვერპლთა მეტ ხელშეწყობას. ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად, გენერალური დირექტორი, ასევე, გახსნის ევროკავშირის დახმარების პროექტს მიკრო, მცირე და საშუალო საწაროებისთვის საფინანსო ჩართულობის გასაუმჯობესებლად.  

„ქართველებმა ბევრი იშრომეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად“ - ევროკომისის გენერალური დირექტორის ვიზიტი

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ხერტ იან კოოპმანი თბილისში დღეს ჩამოვიდა იმ ფონზე, როდესაც ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტია გამო ხალხმრავალი პროტესტი იმართება - კანონპროექტის, რომელსაც ევროკავშირი და დასავლელი პარტნიორები რისკის შემცველად მიიჩნევენ საქართველოს ევროპული გზისთვის. „ქართველებმა ბევრი იშრომეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მიმდინარე გამოწვევები უნდა მოგვარდეს და ჩვენ აქ ვართ მათ მოგვარებაში დასახმარებლად,“ დაწერა ხერტ იან კოოპმანმა მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვიდა. ბოლო პოსტი მან თბილისში ვიზიტის თაობაზე, სოციალურ პლატფორმა X-ზე ერთი საათის წინ განათავსა, როდესაც სამოქალაქო სექტორს შეხვდა. „ღრმად შინაარსიანი შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან დღეს, ევროკავშირის გზაზე საქართველოს რეფორმების წინსვლის შესახებ. ასევე ვისაუბრეთ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე. სამოქალაქო საზოგადოება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ქვაკუთხედი და მათი პერსპექტივა რჩება საკვანძო,“ წერს კოოპმანი. რა შეხვედრები გამართა ევროპელმა დიპლომატმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ პროცესს, წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობას და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ საუბარი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზეც. „საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროქტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“ აღინიშნა, რომ კანონპროექტის ერთადერთი მიზანია გამჭვირვალობა და ის არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთადერთ ვალდებულებას აკისრებს - ყოველწლიურად დაადეკლარირონ მიღებული დაფინანსება. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა ამ პროცესში ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის," - ნათქვამია ინფორმაციაში. თავის მხრივ, კოოპმანმა ხაზი გაუსვა, რომ მას გულწრფელი საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთების შესახებ და იმაზე, რა სჭირდება საქართველოს, რათა დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. „ევროკავშირი კვლავ მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს საქართველოში ძალისხმევას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში მისწრაფებებს შეესაბამება,“ – წერს ხერტ იან კოოპმანი. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა გერტ იან კოპმანთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ხორციელდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ უდიდესი იმედი და სტიმული მისცა ქართველ ხალხს, რომელიც დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს და ამ ურთულესი გამოწვევების დროს მას ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნათელია, რომ რუსეთი ყველა ხერხს იყენებს, რათა საქართველოს ევროპისკენ სვლა შეჩერდეს. როგორც პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს და ამ არჩევნებში ახალგაზრდებისა და დიასპორის აქტიურ ჩართულობას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები, რომელზეც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა აირჩიოს საქართველოს ევროპული მომავალი. „საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპულ პლატფორმაზე, ერთიან სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც შეუერთდებიან პოლიტიკური ძალები და არჩევნების შემდეგ განახორციელებენ იმ ინსტიტუციურ რეფორმებს, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების დასაწყებად. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. გერტ იან კოპმანმა განმარტა, რომ ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება დიდი საფრთხეა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის და უდავოდ შეაფერხებს ამ პროცესს. მისი თქმით, ივნისის თვეში ევროკავშირი გაფართოების ახალ ეტაპზე იმსჯელებს და, შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციული გახდეს და არ დააზიანოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი ხალხის ერთსულოვნება ქვეყნის ევროინტეგრაციასთან მიმართებით და მოუწოდა პარტნიორებს, კვლავაც მტკიცედ დაუჭირონ მხარი ქართველ ხალხს ევროპისკენ მიმავალ გზაზე,“ – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრა ოპოზიციასთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტნიორებს აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმ ვითარებაზე, რაც საქართველოში ხდება. „ჩვენს პარტნიორებს ზუსტი წარმოდგენა აქვთ ყველაფერზე, რაც ხდება. რამდენიმე საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება. პირველი საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გეოპოლიტიკურ არჩევანს არ ემთხვევა. ნებისმიერი სხვა პუნქტის შესრულებაზე როდესაც არის საუბარი, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა მკვეთრი შემობრუნება რუსეთისკენ. ამიტომ, ეს არის ის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც არის რუსეთის სასარგებლოდ. მეორე პუნქტი ეხება იმ ძალადობას, რომელიც გუშინ მოხდა, ადამიანების დაკავებები და დაშავებები. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ასევე ლევან ხაბეიშვილზე, მათ ჰქონდათ ძალიან ზუსტი ინფორმაცია და ასევე, ეს შეეხებოდა შედეგებს, რომელიც დადგება "ქართული ოცნებისთვის" იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს უგულებელყოფენ. ნებისმიერ ამ ფაქტორზე საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინფორმაციო. ჩვენი მხრიდან გაგრძელდება ის კოორდინაცია, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებთან. ერთი რამ შემიძლია გულწრფელად გითხრათ, არავინ მიატოვებს საქართველოს მოქალაქეებს და ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ევროკავშირი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები," - განაცხადა დეკანოიძემ. პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ თუ ხელისუფლება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მიიღებს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების არავითარი შანსი აღარ იქნება. „ძალიან მნიშვნელოვან დროს არის ჩამოსული ევროკავშირის გაფართოების დირექტორი, თავად ესწრება ამ მოვლენებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. თვითონ მიიღებს პირველი წყაროდან ინფორმაციას "ქართული ოცნების" მორიგი საბოტაჟის შესახებ. ცხადია, ვისაუბრებთ იმ მოვლენებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. აუცილებელია ჩვენს თანამოქალაქეებს სიმართლე ვუთხრათ - ამ კანონპროექტის მიღების შემდგომ გამოირიცხება ყოველგვარი მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამიტომ, ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ სიმართლე უნდა იცოდეს. "ქართული ოცნების" პროპაგანდამ ვეღარ უნდა შეიყვანოს შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეები, თითქოს ამ კანონის შემდეგ რჩება რაიმე შანსი, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. არანაირი შანსი არ იქნება გაწევრიანებაზე საუბრის დაწყების, ეს ყველამ უნდა იცოდეს," - განაცხადა ჯაფარიძემ. ევროკომისის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, 30 აპრილიდან 4 მაისამდე სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ეწვევა, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხების განხილვისა და ახალი ინიციატივების წარდგენის მიზნით. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, კოოპმანი საქართველოში ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. კოოპმანი გახსნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას საქართველოს საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში, ასევე ინვესტირების ხელშეწყობას განახლებადი ენერგოგენერაციის პოტენციალი გაზრდაში და სესხების ეროვნული ვალუტაში წახალისებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.  

ხერტ იან კოოპმანმა განმარტა, რა განსხვავებაა ევროკავშირის დირექტივასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს შორის

ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოოპმანმა თბილისში, ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რა განსხვავებაა ევროკავშირის დირექტივასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს შორის. „ევროკავშირმა გამჭვირვალობისა და დემოკრატიის შესახებ კანონის დირექტივა წარადგინა, რომელიც ძალიან განსხვავებული ტიპის კანონია. მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მხარეს ვდგავართ. კანონი საზოგადოებაში არსებული კონკრეტული აქტორების იდენტიფიცირებას მიზნად არ ისახავს და მათ უცხოური ინტერესების სასარგებლოდ მომუშავე აქტორებად არ განსაზღვრავს, როდესაც ისინი დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა. “საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის ჯერ კიდევ არის დრო“ - ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ვიზიტი შეაჯამა  

„ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლისთვის ჯერ კიდევ არის დრო“ - ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ვიზიტი შეაჯამა

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ხერტ იან კოოპმანი საქართველოში ვიზიტს ასრულებს. საქართველოში ყოფნის ორი დღის განმავლობაში კოოპმანი ესაუბრა მთავრობის წარმომადგენლებს - პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ასევე - ოპოზიციას. მან მედიასთან შეაჯამა თავისი შეხვედრები, რომლებიც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გამართა და ასევე უპასუხა შეკითხვებს. ის „უცხოური გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისში ძალიან დაძაბული კლიმატია. არის ესკალაცია და პოლარიზაცია. „ყველას მოვუწოდებ ტემპერატურის დაწევისკენ. ძალიან არაჯანსაღი სიტუაციაა,“ ამბობს ევროკომისიის მაღალჩინოსანი. კოოპმანმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი პრობლემებს ქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და საბოლოოდ დამტკიცებამდე, საჭიროა მის შინაარსზე მსჯელობა. „გარკვევით განვაცხადე, რომ ეს კანონი ძალიან პრობლემატურია გაწევრიანების გზაზე. კანონპროექტი ჯერჯერობით მეორე მოსმენით მიიღეს და წინ კიდევ არის მესამე მოსმენა, ასევე შეიძლება, მას მოჰყვეს პრეზიდენტის ვეტო. ვფიქრობ, დრო, რომელიც წინ გვაქვს, უნდა იყოს გამოყენებული კანონის შინაარსზე მსჯელობისთვის, ჩვენთვის იმ სახით, როგორც არის, კანონპროექტი მიუღებელია, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. გამჭვირვალობა, როგორც ფასეულობა, კარგია, ჩვენ ევროპაში ვაფასებთ გამჭვირვალობას, იმედი მაქვს, ეს კანონი ამ სახით არ მიიღება და ჯერ კიდევ არის შესაძლებელი მისი შეცვლა,” - განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა სააგენტო „ინტერპრესნიუსის მიერ მოყვანილი ციტატის მიხედვით. მისივე თანახმად, მეორე მოსმენით მიღებული „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიუღებელია და შექმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, 9 ნაბიჯზე პროგრესი ჯერჯერობით შეზღუდულია და ესეც არ არის კარგი. „თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო, ჩვენ რეკომენდაციებს წარვადგენთ სექტემბერში, გამოვაქვეყნებთ ანგარიშს ოქტომბერ-ნოემბერში, ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო, მაგრამ ბურთი ძალიან მყარადაა მთავრობის მოედანზე. „ჩემი კარი ყოველთვის ღიაა და კომისია მზადაა, კანდიდატ ქვეყანასთან იმუშაოს, აღმოვაჩინე გარკვეული ღიაობა ამის განსახორციელებლად,“ - აღნიშნა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა.  კოოპმანის შეფასებით, „სიტუაცია, უკიდურესად გაუარესებულია. თბილისის ქუჩებში ხდება ძალადობა, რასაც გმობს ევროკომისია. ის ასევე აღნიშნავს, რომ „სამწუხარო მოვლენები ვითარდება კანონმდებლობასთან დაკავშირებით. მეორე მოსმენით მიღებული „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიუღებელია და შექმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.“ მან ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო ჯამში, ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას. „ვიცი, რომ ქართველ ხალხს სურს, ევროკავშირს დაუახლოვდეს და მწამს, რომ ეს იქნება მთავრობის სურვილიც. იმედი მაქვს, რომ ამის საფუძველზე შეიძლება გადაიჭრას ის ძალიან რთული მდგომარეობა, რომელსაც დღეს ვხედავთ. რა თქმა უნდა, ამის იმედი მაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ახლა ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას“, - განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა. კოოპმანთან საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე ინფორმაცია გაავრცელა საგარეო უწყებამაც. უწყების ცნობით, „საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და მიმდინარე დღის წესრიგს. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების გატარების პროცესში, მათ შორის ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის კომუნიკაციაში განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესრულების კუთხით და ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მნიშვნელობას და გამოიხატა მხარეების მზადყოფნა გააგრძელონ საქართველოს დახმარება რეფორმების გატარების პროცესში ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესის მისაღწევად.“ სამინისტროს განცხადებით, „მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ აქტიურ კომუნიკაციას საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიას შორის წარმატებით დამკვიდრებული დიალოგის პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს ევროპული დღის წესრიგის განხორციელების მიზნით.“ ვიზიტის დასასრულის ამსახველი პოსტი კოოპმანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა. „ჩემი ვიზიტი ულამაზეს საქართველოში დღეს სრულდება. ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლისთვის ჯერ კიდევ არის დრო, თუ „უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის“ დაბრკოლება გადაილახება და კარგი პროგრესი მიიღწევა 9 ნაბიჯთან დაკავშირებით. ევროკავშირი აგრძელებს მხარდაჭერას ყველა შესაძლო გზით. პირადად ჩემი კარი ყოველთვის ღიაა,“ წერს კოოპმანი.  „ქართველებმა ბევრი იშრომეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად“ - ევროკომისის გენერალური დირექტორის ვიზიტი