თეგი: ჯავშანმანქანა
თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული ექვსი ერთეული ჯავშანმანქანა გადაეცა
საქართველოს თავდაცვის ძალების ადგილობრივი ჯავშანმანქანებით აღჭურვა გრძელდება, ამჯერად, თავდაცვის ძალებს სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ექვსი ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „დიდგორი მედევაკების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრი დეტალურად გაეცნო „დიდგორი მედევაკის“ ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს და ჯავშანმანქანა პირადად გამოსცადა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მომავალშიც გაგრძელდება. „სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული. სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა. „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა 2020 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებს პირველად ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში გადაეცა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
თურქეთმა უკრაინას 50 ჯავშანმანქანა გადასცა
თურქეთის მთავრობამ უკრაინელ სამხედროებს 50 ჯავშანმანქანა გადასცა, რომლებიც ნაღმსაწინააღმდეგო დაცვითაა უზრუნველყოფილი. „შეთანხმების თანახმად, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას 50 „კირფის“ საწყისი პარტია გადასცა. იქნება შემდგომი მიწოდებაც", - განუცხადა მედიას თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა. უკრაინამ თურქეთისგან ჯავშანტრანსპორტიორების პირველი პარტია მიიღო ჯავშანმანქანა აღჭურვილია ტყვიამფრქვევით, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. ჯავშანმანქანას შეუძლია სულ 12 სამხედრო მოსამსახურისა და ეკიპაჟის გადაყვანა. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თურქეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, გადამწყვეტი სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.