თეგი: ჯანდაბარის ტბა
აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად გამოიყენებენ ჯანდარის ტბის წყალსაცავს - მედია
ზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვარზე მდებარე ჯანდარის ტბის წყალსაცავის ერთობლივი გამოყენების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო Report-ი. თანამშრომლობის ხელშეკრულება შპს „საქართველოს მელიორაციასა“ და „აზერბაიჯანის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის ღია სააქციო საზოგადოებას“ შორის გაფორმდა. დოკუმენტს ხელი „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და „აზერბაიჯანის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის ღია სააქციო საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ზაქირ გულიევმა მოაწერეს. „თანამშრომლობის ფარგლებში, გათვალისწინებულია ტრანსსასაზღვრო მდინარე მტკვარზე აშენებული გარდაბნის სარწყავი სისტემის და ჯანდარის (ჯანდარ-გიოლის) წყალსაცავის ექსპლუატაციისა და სარგებლობის საკითხები. საქართველოს მელიორაციაში გამართულ შეხვედრაზე კოლეგებმა არსებულ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. თენგიზ ნასარიძემ სტუმრებს კომპანიის სერვისების, სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მიღწეული შედეგების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საირიგაციო კომპანიის წარმომადგენლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს“, - ნათქვამია თავის მხრივ, საქართველოს მელიორაციის Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. ჯანდარის ტბა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. ჯანდარის ტბა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია აღმოსავლეთ საქართველოში. იგი მდებარეობს მტკვრის აუზში. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა. მისი გარკვეული ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ის საქართველოს წყალსატევთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის.