თეგი: ჯანდაცვის სამინისტრო
„ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი დაიწყო
დევნილთა სააგენტომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი დაიწყო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა. ასევე, იძულებით გადაადგილებულმა 7-მა ოჯახმა, განსახლების ალტერნატიული მოდელი აირჩია და თავად მოიძიეს საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც სააგენტო შეუსყიდის. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, სააგენტოს მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები ჩაბარდა. აღნიშნული საცხოვრებელი ფართები სააგენტომ, გაცემული დაპირების შესაბამისად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შესთავაზა. "განსახლების პროცესი დაწყებულია და 2022 წელს, ეტაპობრივად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებლი ფართით უპირობოდ დაკმაყოფილდება. დევნილთა სააგენტო აქტიურად მუშაობს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა ოჯახისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის საკითხზე და მათ განსახლების ორი გზას სთავაზობს: დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში; დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, 2022 წლის განმავლობაში, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახების ნაწილმა უკვე დაიწყო აღნიშნული შეთავაზებებით სარგებლობა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა.პროფესიული განვითარების საბჭო თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით საბჭო უფლებამოსილია სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება. თებერვლის თვეში ჩატარებულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა 9 საკითხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა. ამასთან, სხვადასხვა ვადით შეუჩერდათ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება კიდევ 4 ექიმს და დაევალათ პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. 14 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება.
თიანეთში, მესტიასა და ამბროლაურში დიალიზის ცენტრები გაიხსნება
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, თიანეთში, მესტიასა და ამბროლაურში, დიალიზის თერაპია ხელმისაწვდომი გახდება. ადგილობრივ მცხოვრებლებს, ვისაც აღნიშნული მომსახურება სჭირდება, მუნიციპალიტეტის სხვა ქალაქებში ჩასვლა აღარ მოუწევთ და სიცოცხლისათვის აუცილებელ სერვისს ადგილზე მიიღებენ. პროგრამის მიხედვით, უკვე არსებული სამედიცინო დაწესებულებები დიალიზის თერაპიისთვის საჭირო, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება და პაციენტებს პროფესიონალი მედპერსონალი მოემსახურება. ქალაქების იდენტიფიცირება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე, თიანეთის, მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, დიალიზის ცენტრები, საქართველოს კიდევ 4 ქალაქში, ეტაპობრივად, გაიხსნება. აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ახორციელებს.
რატომ იცვლება 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერის წესი - ჯანდაცვის სამინისტრო
ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, რეფორმის შედეგად, 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება, მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიახლე მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება. ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, კომიტეტის წარმომადგენლებსა და სპეციალურად შექმნილ სამუშაო ჯგუფის წევრებს გააცნო. „ჯანდაცვის კომიტეტმა და მოწვეულმა სტუმრება სამოქმედო გეგმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ცვლილებები ფარმაცევტულ ბაზარს უფრო გამჭვირვალეს გახდის, ხოლო ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. სამოქმედო გეგმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების ცნობით, 11 აპრილიდან ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც. ფორმა N2 რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება.
ჯანდაცვის სამინისტრო: გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას გარკვეული დასახელების მედიკამენტები ურეცეპტოდ გაიცემა
"ანტიარითმიული, სპაზმოლიზური, წნევის დამწევი, ანტიალერგიული, ანაფილაქსიური შოკის საწინააღმდეგო, შარდმდენი, ანტიდიაბეტური, ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე ბრონქული ასთმისა და სტენოკარდიული შეტევის კუპირების საშუალებები, აუცილებლობის შემთხვევაში, ურეცეპტოდ გაიცემა", - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "კაპტოპრილი, დექსამეტაზონი, ეპინეფრინი, ფუროსემიდი, გლუკოზა, ინსულინი, სალბუტამოლი, ნიფედიპინი, ამიოკორდინი, ატროპინი, დიფენჰიდრამინი, გლიბენქლამიდი, მეტფორმინი, მეტოპროლოლი, პრედნიზოლონი, ნიტროგლიცერინი, ნალოქსონი და სხვა დასახელების მედიკამენტის შეძენა, აუცილებლობის შემთხვევაში, რეცეპტის გარეშეც არის შესაძლებელი. აღნიშნული გამონაკლისი, მეორე ჯგუფის მედიკამენტებს ეხება, რომლის რეცეპტიც პირველი მარტიდან, მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება. რეცეპტის გარეშე გაიცემა III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებიც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედებით ხასიათდებიან. მსგავსი ტიპის პრეპარატებია: ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების დროს გამოსაყენებელი, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებები და სხვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების სია იხილეთ ამ ბმულზე.
კოვიდსტატისტიკა ყოველდღიურად აღარ გამოქვეყნდება
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების წესს ცვლილებები შეეხება - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება. ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რო პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში. „2 მაისიდან, პირბადის გამოყენება, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იქნება სავალდებულო. გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა, ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლიდან გამომდინარე მიიღეს - დღიურად, ვლინდება, საშუალოდ, 100-150 შემთხვევა და ერთეულია, ან საერთოდ არ ფიქსირდება გარდაცვალების დღიური შემთხვევები“, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ბოლო 24 საათში 4 638 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავური 51 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ამავე თემაზე დღეიდან პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება
რატომ გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რიცხვი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა მათ შეფასებაზე გამოცხადებულ მორატორიუმს უკავშირდება. ქვეყანაში Сovid19-ის გავრცელებიდან გამომდინარე, 2020 წლიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებასა და ხელახალ შეფასებაზე მორატორიუმია გამოცხადებული. ამ ოჯახებს უნარჩუნდებათ სარეიტინგო ქულა და უწყვეტად უგრძელდებათ სოციალური დახმარება. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას, ეტაპობრივად, ახალი ბენეფიციარები ემატებიან. შესაბამისად, იზრდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, რადგან, მორატორიუმის გამო სისტემიდან, უკვე არსებული ოჯახების გადინება შეჩერებულია. ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ივლისიდან გაორმაგდა 16 წლამდე, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და 100 ლარამდე გაიზარდა. 2022 წლის ივნისიდან ეს თანხა 150 ლარი, მომდევნო წლის იანვრიდან კი 200 ლარი გახდება. 100 000-დან 120 000-მდე გაიზარდა ამ დახმარების მისაღები სარეიტინგო ქულა, რამაც ასევე გაზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. აღნიშნული გადაწყვეტილებები მიმართულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პანდემიით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად. საქართველოს მთავრობა, კვლავაც გააგრძელებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას.
რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა
ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ორი წლის განმავლობაში კოვიდკლინიკად ფუნქციონირებდა, დღეიდან, 10 მაისიდან, მოქალაქეებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 10 მაისიდან, რესპუბლიკური საავადმყოფო მიიღებს როგორც კოვიდპაციენტებს, ისე უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო, სტაციონარული თუ ამბულატორიული სერვისების მიწოდებას, მათ შორისაა გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, რეანიმაცია, ინსტრუმენტულ - ლაბორატორიული კვლევები, ამბულატორიული მომსახურება. „პოსტპანდემიურ რეალობას რესპუბლიკური საავადმყოფო რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურით, განახლებული, მაღალი კლასის სამედიცინო ტექნიკით ხვდება. კოვიდკლინიკიდან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასაწყობად, ჩატარდა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები. უახლოეს მომავალში, კლინიკის გაძლიერების მიზნით, საწოლფონდის 600 ერთეულამდე გაზრდა და სხვა სამედიცინო მიმართულებების დამატებაც იგეგმება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა და კლინიკის მმართველი რგოლი „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ პაციენტებზე ორიენტირებული გარემოს სრულყოფისათვის აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისათვის, რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დაწყებისთანავე კოვიდკლინიკად გადაკეთდა. ამ ხნის განმავლობაში, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი კოვიდმიმღები ცენტრი 340 საწოლით. ამ პერიოდში, საავადმყოფომ 10 000-ზე მეტ ინფიცირებულს გაუწია სამედიცინო მომსახურება. შეგახსენებთ, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მენეჯმენტში ცვლილებები განხორციელდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრი: გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ
ჯანდაცვის სამინისტრო: თურქეთის ბაზრის გახსნიდან დღემდე, საქართველოს მოქალაქეებმა, წამლებში, 43 მილიონი ლარი დაზოგეს
ჯანდაცვის სამინისტრომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაყიდვების მაჩვენებელი შეისწავლა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოიკვეთა, რომ ფარმაცევტული ბაზრის გახსნიდან დღემდე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 125 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 62 მილიონის ლარის ნაცვლად, დაახლოებით, 19 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებმა წამლებში 43 მილიონ ლარამდე დაზოგეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აღნიშნავს, რომ თურქული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, საგრძნობლად დაბალ ფასადაა ხელმისაწვდომი. „საშუალოდ, როდესაც ძველი ფასებით მომხმარებელი, ფარმაცევტულ პროდუქტში თვეში იხდიდა 200 ლარს, დღევანდელი მონაცემებით, მას იგივე მედიკამენტების შეძენა დაახლოებით 60 ლარი უჯდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული რეფორმის შედეგად, ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს. ეს გამოიხატება წამლის ფასების 60-80%-მდე შემცირებაში. იმპორტირებული თურქული მედიკამენტების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და აღნიშნული შეღავათი უფრო მეტ მოქალაქეზე აისახება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
თამარ გაბუნია ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე „ა“ კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კომიტეტი განიხილავს და ამტკიცებს, ასამბლეაზე წარდგენილ ანგარიშებსა და რეზოლუციებს. მის შემადგენლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყანა შედის. "მსოფლიო ჯანდაცვის რიგით 75-ე ასამბლეა 22 მაისს გაიხსნა და მასზე სიტყვით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გამოვიდა. ჯანდაცვის წლევანდელი ასამბლეის თემაა „ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის“. 2022 წლის 28 მაისამდე დელეგატები, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური საკითხების მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტებს განიხილავენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროფესიული განვითარების საბჭო: ერთ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 18 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ექიმს ერთ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, ხოლო მეორე სპეციალობაში მოქმედების ვადა 6 თვით შეუჩერდა. „საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფესიული გადაცდომა დაუდგინდა კიდევ ერთ ექიმს, რომელსაც სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1 თვით შეუჩერდა. 18 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა. პროფესიული განვითარების საბჭო ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები განიხილავენ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება, ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა, ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, 7 საქმე განიხილეს.
გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურების დაანგარიშებაზე მუშაობა გაგრძელდება - ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს და პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდა. სამმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ის მოთხოვნები, რაც დასაქმებულებს აქვთ და სამინისტროს წარმომადგენლებისგან ალტერნატიული შეთავაზებები მოისმინეს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით სახელფასო ანაზღაურების დაანგარიშებაზე მუშაობა გაგრძელდება. „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. შეხვედრას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ჯანდაცვის სამინისტროში, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მოთხოვნების განხილვისთვის შეხვედრა დაინიშნა 7 ივნისს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობიდან ჯანდაცვის სამინისტროს შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-იან ზრდასთან ერთად ზეგანაკვეთური და მავნე სამუშაოს შესრულებისთვის დამატებით ანაზღაურებას ითხოვენ.
პროფესიული განვითარების საბჭომ 3 ექიმს, სხვადასხვა ვადით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, 5 საქმე განიხილეს და 6 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით 3 ექიმს, სხვადასხვა ვადით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა. 2 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა. „პროფესიული განვითარების საბჭო ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს განიხილავენ. გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს საქმიანობის უფლება შეუწყვიტოს, ან ოპტიმალური ვადით შეუჩეროს, პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა დაავალოს და წერილობითი გაფრთხილება გასცეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი: ქვეყანა გეგმავს მედიკამენტების ზღვრული ფასი განსაზღვროს - ჯანდაცვის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება
ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე რეფერენსული ფასების განსაზღვრასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო, მნიშვნელოვნად შემცირდება ჯანდაცვის ფასები - ქვეყანა გეგმავს მედიკამენტებზე ის ზღვრული ფასი განსაზღვროს, რა ფასის ფარგლებშიც წამლების შემოტანა და შემდგომ რეალიზაცია მოხდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნანა შაშიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“ განაცხადა. მისივე თქმით, მედიკამენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვეულებრივ შემოვა, თუმცა ზღვრული ფასი დაწესდება. „რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო, მნიშვნელოვნად შემცირდება ჯანდაცვის ფასები. რეფერენტული ფასების პოლიტიკას ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს. არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ თემაზე მუდმივად მუშაობს. პირველი ეს არის, რომელი ქვეყნები იქნება შერჩეული რეფერენტულ ქვეყნებად. ქვეყნების შერჩევისას გათვალისწინებულია რამდენიმე კრიტერიუმი, მათ შორის საქართველოს მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დაბალი ფასები. მედიკამენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვეულებრივ შემოვა, თუმცა ვიმეორებ, დაწესდება ის ზღვრული ფასი რა ფასის ზემოთაც ფიზიკურად მედიკამენტების მიწოდება პაციენტებისთვის ვეღარ მოხდება. მედიკამენტები შემოვა ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის აშშ-დან. ასევე, კანადადან და ავსტრალიიდან“, - განაცხადა შაშიაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, გახდება თუ არა ფასიანი სასწრაფო დახმარების გამოძახება
სასწრაფო სამედიცინო მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისა და ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო, – ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესებას ეხება. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო“, – აცხადებენ სამინისტროში. მათივე განმარტებით, კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის გაკეთდა დამატებითი არასტანდარტული მომსახურების შეთავაზება, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებაკი მიღებული არ არის. „საქართველოს ყველა მოქალაქისთვის როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ისე კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება არის და რჩება უფასო. ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება წერილს, აღნიშნულ წერილში იყო შეთავაზება კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომ დამატებითი არასტანდარტული მომსახურებისთვის დაუწესდეთ ტარიფი. ეს შეეხება რომელიმე კერძო, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, ასევე სხვა ღონისძიებებს, რაც შესაძლოა დასჭირდეთ სადაზღვევო კომპანიებს“ , – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.
ბათუმში, პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მოტომედიკოსები გაუწევენ
ბათუმში, პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მოტომედიკოსები გაუწევენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოტომედიკოსის ისეთ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, ტრავმები, გულის გაჩერება, მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს. „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახალი პროექტის - მოტომედიკოსების განხორციელებას იწყებს. დღეიდან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს სასწავლო ცენტრის მიერ გადამზადებული მოტომედიკოსები შეემატებიან, რომლებიც მსოფლიო ბანკის მიერ შეძენილი სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად შეძლებენ გამოძახებაზე გასვლას და სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, პროექტი იქნება ეფექტური, ვიწრო და რთული გამავლობის ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საკურორტო ზოლებში გადაუდებელი დახმარების შემთხვევებზე გაიზრდება ოპერატიულობა. მოტომედიკოსის ისეთ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, ტრავმები, გულის გაჩერება, მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს. ქ. ბათუმში ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე დაესწრნენ. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯანდაცვის სამინისტრო: ელექტრონული რეცეპტის გარეშე, მეორე ჯგუფის წამლების გაცემის 939 ფაქტი გამოავლინდა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ელექტრონული რეცეპტის გარეშე, მეორე ჯგუფის წამლების გაცემის 939 ფაქტი გამოავლინა, მათ შორის 49 შემთხვევაში ფაქტი დაფიქსირდა განმეორებით, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის, მოსახლეობის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით ფარმაცევტულ რეფორმას ახორციელებს. ცვლილების მიხედვით მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ გამოიწერება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა. ამასთანავე დაინერგა, წამლის გენერიკული რეცეპტის გაცემის სისტემა. პირველი მარტიდან 16 სექტემბრამდე 1 522 640 ელექტრონული რეცეპტი გამოიწერა. 11 აპრილიდან 16 სექტემბრამდე პერიოდში კი გენერიკული სახით გაიცა 956,000 დანიშნულება. რეგულირების სააგენტო აგრძელებს სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას. მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის კონტროლი, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით ხორციელდება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
რეგულირების სააგენტო: გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გამოასწოროს პრობლემები
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ, მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ინფექციის კონტროლის სისტემის არსებობასთან დაკავშირებით შეამოწმა. იაშვილის კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას დროებით აჩერებს სააგენტოს დირექტორის ლიანა ჭუმბურიძის განცხადებით, გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ პრობლემების გამოსწორება. „ამ ეტაპზე, დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა. ასევე, ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ იაშვილის კლინიკასთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ რეფერირებაში შესაბამისი პროფილის კლინიკებში. ჩვენი მიზანია, ყველა მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ლიანა ჭუმბურიძემ.
ჯანდაცვის სამინისტრო: კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება
კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.ცნობისთვის, კოვიდსტატისტიკა ამა წლის, მაისიდან კვირაში ერთხელ ქვეყნდებოდა. ბოლოს კი, ოქტომბრის დასაწყისში, ერთი თვის მონაცემები გამოქვეყნდა.
პროფესიული განვითარების საბჭომ ოთხ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერა
პროფესიული განვითარების საბჭომ ოთხ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერა, - ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი ხუთი საკითხი განიხილეს და რვა ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 285 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 210 ექიმს, აქედან ექვს მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 49 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანდაცვის სამინისტრომ შვიდ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა შვიდ ექიმს. პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 296 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 219 ექიმს, აქედან ექვს მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 56 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.
ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებს ზღვრულ ფასზე ძვირად ვეღარ გაყიდიან
ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ფარმაცევტული კომპანიები, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვას 15 თებერვლიდან ვეღარ შეძლებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს. „თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ცვლილება, ქვეყანაში, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 11 ექიმს შეუჩერდა
სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 11 ექიმს შეუჩერდა, - ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 11 ექიმს შეუჩერდა. „პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება”,- აღნიშნულია ჯანდაცვის უწყების ინფორმაციაში. საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 387 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს, რაც 266 ექიმს დაეკისრა. საბჭოს გადაწყვეტილებით 70 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა საქმიანობის უფლება, 6 მედიკოსს კი სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა. პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
ჯანდაცვის სამინისტრო: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების და სერვისის მიმწოდებლების რეგისტრაცია/დამატება, 2023 წლის 31 დეკემბრამდე, დროებით შეჩერდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების და სერვისის მიმწოდებლების რეგისტრაცია/დამატება, 2023 წლის 31 დეკემბრამდე, დროებით შეჩერდა. უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება და პროგრამაში ჩართულ დაწესებულებათა ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრაა. „ამ პერიოდში სამინისტრო ვალდებულია, შეიმუშაოს კრიტერიუმები და სტანდარტები, რომლითაც პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის, სამართლიანი და კონკურენტული პირობები განისაზღვრება. პროგრამაში უკვე ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია, შეინარჩუნოს ის სერვისები, რომელსაც პროგრამის ფარგლებში ახორციელებდნენ. შეზღუდვა არ ვრცელდება ზოგადი ანესთეზიით სტომატოლოგიური მომსახურებასა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციაზე. შესაბამისი მთავრობის დადგენილება მიმდინარე წლის 21 თებერვლიდან შევიდა ძალაში,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიების ნაწილმა, ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს - ჯანდაცვის სამინისტო
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კომპანიების ნაწილმა, ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. სამინისტროს განცხადებით, წამლების ფასის ხელოვნური ზრდა მიუღებელია და უწყებას თითოეულ დარღვევაზე მკაცრი რეაგირება ექნება. „მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება. ამჯერად, საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. კერძოდ, კომპანიების ნაწილმა, აღნიშნულ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს, ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე, იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული. წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს. ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედების შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის ეროვნული სააგენტო. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქიმიო-სხივური ჰორმონოთერაპიისთვის ერთ ბენეფიციარზე, ყოველწლიურად, 25 000 ლარი გამოიყოფა, ხელოვნურად გაძვირებული წამლების შედეგად კი, ონკოლოგიურ პაციენტებს, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ. სამწუხაროა, რომ ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ისევ გრძელდება მედიკამენტების ფასების ხელოვნურად ზრდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, არაერთხელ გაცხადდა, რომ მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და თითოეულ დარღვევაზე, უწყებას, ექნება მკაცრი რეაგირება,“ - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტრო: ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი, ამასთანავე, კლინიკის ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები და სამედიცინო ბიბლიოთეკა. „ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება 500 საწოლზე გათვლილი, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური კლინიკა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. ამასთანავე, კლინიკის ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა იქცევა რეგიონულ ჰაბად, რომელიც ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა. რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. შეხვედრაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ, ამჟამინდელ მდგომარეობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ კლინიკა აშენდა და ფუნქციონირებს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. ნახევარი საუკუნის განმავლობაში, არსებითად შეიცვალა როგორც სამედიცინო ტექნოლოგიების, ისე სამედიცინო არქიტექტურის და ინჟინერიის სტანდარტები. აქედან, გამომდინარე არსებული შენობა არ შეესაბამება თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სტანდარტებს. პრეზენტაციაზე, კლინიკის თანამშრომლებს, მიმდინარე და ჩატარებული კვლევებიც გააცნეს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, 2018 წელს, ჩატარებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს, ხოლო რიგელები საჭიროებენ გამაგრება-გაძლიერებას. 2022 წლის დასკვნაში, აღნიშნულია - „ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა, შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება“. რესპუბლიკურ საავადმყოფოს შენობასა და იქ არსებულ მდგომარეობას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სწავლობს. ორგანიზაცია, ასევე ახდენს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას, რომელიც მოიცავს ფინანსური, გარემოსდაცვითი, საბაზრო, სერვისების მოთხოვნა-მიწოდების, სტანდარტებთან შესაბამისობის და სხვა მიმართულებების შესწავლას',- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში. სამინისტროს ცნობით, საუბარი იყო კლინიკაში არსებულ გამოწვევებზეც, კლინიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის დასახელდა სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, კლინიკური და ფინანსური გამოწვევები. „ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, კლინიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე კლინიკური და ფინანსური გამოწვევები დასახელდა. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა 2025 წლისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების სავალდებულო აკრედიტაციაზე, რისთვისაც სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს წარუდგინოს შუალედური ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესის შესახებ. აღნიშნული პროცესის დაწყება კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია. პრეზენტაციაზე, სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, აღინიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები, სხვა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმდებიან ან მშენებლობის განმავლობაში, სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ. ახალი, მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებამდე ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებას სპეციალური პროგრამით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში", - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების სტანდარტები დაამტკიცა
ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების (კორონარული სტენტი, ბროლი, ორთოპედიული ენდოპროთეზი) მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სიახლე პირველი მაისიდან ჩატარებულ ქირურგიულ მომსახურებებზე გავრცელდება. სახარჯი მასალებისთვის ევროპული და ამერიკული სტანდარტების განსაზღვრით, სამინისტრო, მოქალაქეებისთვის, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს. სახარჯი მასალების გარდა, 2023 წელს განისაზღვრება სამედიცინო აღჭურვილობის საერთაშორისო სტანდარტები და რეგულირების საკითხები. 2025 წლიდან კი, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.
ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა დააჩქაროს - თამარ გაბუნია
ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. სწორედ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, სამინისტრო მზად არის, ასევე ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა. „პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის განცხადებების შესაბამისად, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს აქონდროპლაზიის პროტოკოლში შემავალი სხვადასხვა ღონისძიების პროაქტიურ დაგეგმვისა და მოლაპარაკებების მიმართულებით. ამასთან, უწყება განაგრძობს კომუნიკაციას მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ მწარმოებელ კომპანისთან, რათა პროტოკოლისა და მართვის მექანიზმების შემუშავებისთანავე, მოხდეს ბავშვებისათვის ყველა საჭირო პროცედურის უზრუნველყოფა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამასტან, როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ძალაშია ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება, დააფინანსოს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ. თამარ გაბუნიას განცხადებით, "აუცილებელია, პროცესები კონსტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდეს, რათა არ შეფერხდეს აქონდროპლაზიის მართვის სისტემის დანერგვის მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები, ვინაიდან ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება და ესკალაცია საფრთხეს უქმნის აქონდროპლაზიის მკურნალობის პროტოკოლის დანერგვის პროცესს".
რა შედეგით დასრულდა პროტესტის მონაწილე მშობლების შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე, თამარ გაბუნიასა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. „სამინისტროში თამარ გაბუნიას და ყველა იმ ადამიანს შევხვდით, ვინც, როგორც თავად თქვეს, მედიკამენტ „ვოსორიტიდის" საქართველოში შემოტანის სამუშაო ჯგუფში მუშაობენ. იქ აღარ იყო უკვე მედიკამენტის ვარგისიანობაზე ლაპარაკი, ყველა აღიარებს, რომ ის აქონდროპლაზიის სამკურნალოდ ერთადერთი და აუცილებელია. ეს უკვე კარგია და წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ, კარგად იცით, რომ ჩვენ გარანტიები გვჭირდება თუ 2023 წლის, არაუგვიანეს სექტემბრისა მედიკამენტი კონკრეტულად როდის შემოვა საქართველოში. ამაზე ქალბატონმა თამარმა განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, მას არ შეუძლია განსაზღვრულ დროსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთოს და ეს მისი მხრიდან არასერიოზული იქნება. თუმცა ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება და ამაზე მშობლები მზაობას ვაცხადებთ, რათა ყველაფერში ჩვენც ვიყოთ ჩართულები. ამიტომ, ვიდრე არ გვექნება განკარგულების აქტი თუ რაიმე ოფიციალური განცხადება, რომ ყველაფერი თავდაყირა აღარ დადგება და წელიწადის და 4 თვის წინანდელ მდგომარეობას აღარ დავუბრუნდებით, ისევ ქუჩაში ვრჩებით, პროტესტს ვაგრძელებთ. თამარ გაბუნია მხარს გვიჭერს, რომ მედიკამენტი შემოვიდეს ამიტომ, მისგან საიმედო ინფორმაციას ველოდებით", - განაცხადა ქეთი ბეგიაშვილმა, რომლის თქმითაც, მშობლები სამინისტროსგან წინააღმდეგობას აღარ გრძნობენ და საჭირო მედიკამენტის საქართველოში შემოტანის საკითხზე გარკვეული ნაბიჯები წინ გადაიდგა, თუმცა აქციებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გააგრძელებენ. გარდა ამისა მისივე თქმით, პროტოკოლი მაისის ბოლოს იქნება მზად. „პროტოკოლი მაისის ბოლოს იქნება მზად. მოლაპარაკებები „ბიომარინის“ კომპანიასთან გასული წლის ივნისიდან მიმდინარეობს. პროტოკოლი თუ გვაქვს, საბჭო 5 მაისს კიდევ იკრიბება და ჩვენც დავესწრებით, „ბიომარინთან" კავშირი არის, ფინანსური პრობლემა არაა, გაბუნია აღარ გვეწინააღმდეგება, მაშინ ამის წინააღმდეგ აღარაფერია", - განაცხადა ქეთი ბეგიაშვილმა. კიდევ ერთ-ერთი მშობლის, მაიკო გოჩიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების გარემოში ადაპტაციაზე და რეაბილიტაციაზე ისაუბრეს. „ვოსორიტიდის" გარდა, ვისაუბრეთ ამ ბავშვებისთვის რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გარემოში ადაპტირდნენ და სხვა საჭიროებები, რაც აქვთ, დაკმაყოფილდეს, იქნება ეს რეაბილიტაცია, მასაჟები და ყველაფერი რაც სჭირდებათ ფიზიკური თუ მენტალური განვითარებისთვის. ამასთან, სტატუსის მინიჭებაზეც ვისაუბრეთ. ამ მიმართულებითაც ცალკე გეგმა ჩამოვწერეთ. აქამდე ჩვენს შვილებს ამით სარგებლობის საშუალება არ ჰქონდათ",- განაცხადა მაიკო გოჩიაშვილმა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა დააჩქაროს - თამარ გაბუნია პრემიერმა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხზე კომენტარი გააკეთა
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში ჩაერთვებიან
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდნენ. უწყების ცნობით, შეხვედრაზე იშვიათი დაავადებების, მათ შორის აქონდროლაზიის მართვის გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სამინისტროს წარმადგენლებმა მშობლებს სამოქმედო გეგმა გააცნეს. რა შედეგით დასრულდა პროტესტის მონაწილე მშობლების შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შეთანხმდნენ, რომ მშობლები ჩართულნი იქნებიან იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში. საბჭოს მორიგი სხდომა, მშობლების მონაწილეობით 5 მაისს გაიმართება. ასევე, ჩაინიშნა პროტოკოლზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონდე ბავშვებისთვის, შშმ პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც იმსჯელეს. თამარ ბარკალაიას განცხადებით, პროცედურები მიმდინარეობს, შშმ სტატუსის მინიჭების შემდეგ კი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამით. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, უწყების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა მზაობა, ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა საჭიროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მშობლებს, კიდევ ერთხელ გააცნო პრეპარატთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებული ინფორმაცია. მისი განმარტებით მწარმოებელ კომპანიასთან კომუნიკაცია გრძელდება, პრეპარატის უსაფრთხოდ დანერგვისთვის კი, აუცილებელია იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, შესაბამისი მართვის სისტემის დანერგვა, რაც გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მნიშვნელოვანია, ინვესტიციების განხორციელება ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში - გაბუნია
საყოველთაო ჯანდაცვა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების განხორციელებას ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, ასევე მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო 76-ე ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდნენ „უნივერსალური ჯანდაცვა 2023-ის“ გარშემო გაერთიანებული ქვეყნების წარმომადგენლები და პლატფორმის მთავარ მიზანზე - ჯანდაცვის სისტემის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს. „საქართველო, ასამბლეის ფარგლებში გამართული ამ შეხვედრის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა იყო. თამარ გაბუნიამ, სიტყვით გამოსვლისას, საყოველთაო პროგრამის წარმატებაზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წელს დაამტკიცა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დოკუმენტის საბოლოო მიზანია, ჯანდაცვის მაქსიმალურად ეფექტური სისტემის შექმნა. ასევე - ქვეყანაში, შესაბამისი სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. როგორც თამარ გაბუნიამ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ადამიანის ფუნდამენტური - ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფის გარეშე, ქვეყნისთვის, მდგრადი განვითარების სხვა მიზნების მიღწევა შეუძლებელია, შესაბამისად, საქართველო, ამ მიმართულებით, რეფორმებს აქტიურად ახორციელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა - ჯანდაცვის სამინისტრო
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვების მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაიზარდა სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა - ტესტის ჩხირები, გლუკომეტრები და ლანცეტის ნემსები, საქართველოს მასშტაბით 60 აფთიაქში იქნება ხელმისაწვდომი. „1-ელი ივნისიდან, ბენეფიციარები საანალიზო-ტექნიკურ საშუალებებისა და მედიკამენტების მიღებას ერთდროულად შეძლებენ, პროგრამაში ჩართულ აფთიაქებში. გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას კი, პაციენტებს 11 სხვადასხვა დაწესებულება გაუწევს. ცვლილებების შედეგად, ინსულინი, ტესტის ჩხირები და სისხლის ასაღები ნემსები 3 - თვიანი მარაგის ოდენობით გაიცემა. დაკორექტირდა გაცემის თარიღიც - ბენეფიციარები შეძლებენ მარაგები, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე მიიღონ. დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ბენეფიციარებისთვის უფასოა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მანდატი ფართოვდება
ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსის, ეკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება, რაც მათ დროულ ჩართულობას და რეაგირებას გულისხმობს. „განხილვის პროცესშია საკანონმდებლო ცვლილებები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომ უფრო დროული რეაგირება და საქმიანობა შეეძლოს რეგულირების სააგენტოს. პარლამენტში მიმდინარეობს ამ პროექტის განხილვა. მნიშვნელოვანია ის, რომ თუ პაციენტი მომართავს რეგულირების სააგენტოს განცხადებით და საჩივრით, დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო დაუყოვნებლივ რეაგირებას ვერ ახდენს, ამასთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა მიმართოს. სასამართლომ 72-საათის განმავლობაში შუამდგომლობა უნდა წარმოადგინოს რეგულირების სააგენტოში, ასევე მიაწოდოს მხარეებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს გარკვეულწილად აფერხებს რეგულირების სააგენტოს დროულ და ოპერატიულ საქმიანობას. დაუყოვნებლივ ვერ ვრეაგირებთ პაციენტის საჩივართან დაკავშირებით და მეორე, როდესაც მხარე შუამდგომლობის მისვლისთანავე ამ შემთხვევის შესახებ იგებს, რეგულირების სააგენტოს კომისიას რეალური ფაქტები აღარ ხვდება. იქ წესრიგდება დოკუმენტაციები, ექიმების განმარტებები, უკვე ინფორმაციული ხდება ეს საკითხი დაწესებულებისთვის, რაც რეგულირების სააგენტოსთვის ეფექტიანი არ არის. ამ კანონპროექტის ცვლილების შემდეგ, გვექნება დროული რეაგირება და უფრო რეალური ფაქტი იქნება წარმოდგენილი იმისთვის, რომ პაციენტმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს“,- განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი სიცოცხლე, რომელიც მედიცინის დახმარებით უნდა გაჩნდეს, იყოს დაცული - გაბუნია
მნიშვნელოვანია, რომ სუროგაციის, ასევე დონაციის შესახებ გადაწყვეტილება ადამიანმა მიიღოს უანგაროდ და ეს არის მთავარი საფუძველი ამ სფეროში ევროდირექტივებისა და ევრორეგულაციების, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ახალი სიცოცხლე რომელიც მედიცინის დახმარებით უნდა გაჩნდეს, იყოს დაცული და ევროპის ქვეყნებმა ამის რეგულირება უფრო ადრე დაიწყეს, მთელი რიგი რეგულაციები არსებობს ევროპის სივრცეში ამ საკითხზე. საქართველოს ეს ვალდებულება განესაზღვრა ევროასაცირების შეთანხმების დროს. ჯერ კიდევ მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია ამ სფეროს რეგულირება და მთავრობის ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც სრულად აწესრიგებს ამ მიმართულებას. ეს არის არამხოლოდ იმ წრის განსაზღვრა ვისაც შეიძლება შეეხოს რეპროდუქციული სერვისების გამოყენება, არამედ კიდევ ძალიან ბევრი ეთიკური სამედიცინო ასპექტი და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები, რაც უკავშირდება ამ მეტად სერიოზულ მაღალტექნოლოგიურ ჩარევას. მნიშვნელოვანია ის, რომ სუროგაციის, ასევე დონაციის შესახებ გადაწყვეტილება ადამიანმა მიიღოს უანგაროდ და ეს არის მთავარი საფუძველი ამ სფეროში ევროდირექტივებისა და ევრორეგულაციების. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრინციპი ევროპის ბევრ ქვეყანაში დანერგილია, საფრანგეთი მაგალითად და მთელი რიგი ქვეყნები სუროგაციას სრულად კრძალავს იმდენად რთულია ბოლომდე ეთიკური მხარის მოგვარება. ჩვენ შემთხვევაში არ იკრძალება, მაგრამ,. გადაწყვეტა არის იმგვარი, რომ სადაც შესაძლებელია, მეტად მკაფიოდ და გასაგებად იყოს ჩამოყალიბებული მოტივაცია, ასევე გვქონდეს მეტი გარანტია იმის, თუ რა მომავალი ექნება ბავშვს, რომელიც გაჩნდება მედიცინის დახმარებით. ახალი კანონპროექტი ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე და რომ ამ გზით გაჩენილი ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს დაცული ყველა კუთხით“, - განაცხადა გაბუნიამ „ქრონიკასთან“.
თამარ გაბუნია: სუროგაცია, დონაცია უნდა იყოს მხოლოდ უანგარო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სწრაფი განვითარების ფონზე, ამ დარგს შესაბამისი რეგულაციები არ მოჰყოლია, რაც თამარ გაბუნიას შეფასებით, გარკვეული რისკებს მოიცავს. მისივე თანახმად, ეს სერვისი დანერგვის ადრეული ეტაპებიდან, მედიცინაში, ყველაზე კომერციალიზებულ მიმართულებად იქცა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენისა და სხვა რისკებს შეიცავს. თამარ გაბუნია ხაზს უსვამს, რომ საქართველოში, მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სხვა ფაქტორებთან ერთად, რეგულაციების არარსებობის გამო აღმოჩნდა მიმზიდველი ქვეყანა, მაშინ, როდესაც, ევროპის ბევრი ქვეყანა სუროგაციას საერთოდ კრძალავს. „ზოგ ქვეყანას აქვს მთელი რიგი მოთხოვნები, უანგარო, ალტრუისტული დონაცია, ალტრუისტული სუროგაცია. ამასთან, ევროდირექტივა ითვალისწინებს მხოლოდ უხერხულობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას. ჩვენ, ევროასოცირების შეთანხმებით, პირდაპირ გვაქვს ვალდებულება, რომ დარგი იყოს რეგულირებული. რეგულაციების არ არსებობის შემთხვევაში, ძალიან დიდი რისკები ჩნდება, როგორც ეთიკური, ისე - სამართლებრივი და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კუთხით", - განაცხადა თამარ გაბუნიამ, რომლის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციით დაბადებული ბავშვი საქართველოს ტოვებს, ქვეყანა მასზე პასუხისმგებლობას ვეღარ იღებს, რაც საერთაშორისო დონეზე, შესაძლოა, გარკვეულ რეპუტაციულ რისკებსაც აჩენდეს. თამარ გაბუნიამ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რასაც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს. „დღეს, სოციალურ ქსელში, უამრავ პოსტს ვნახავთ, რომ სუროგატის მომსახურებაში გადაიხდიან, მაგალითად, 25 000$-ს. არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს. გარდა ამისა, დაწესებულებები დაექვემდებარება ლიცენზირებას, შესაბამისი სერვისის მიწოდებისთვის. მოწესრიგდება კლინიკური საკითხებიც. ცალსახად აიკრძალება რეკლამა, სამინისტრო იღებს ცენტრალური მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქციას, რომ ინფორმაცია მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისების შესახებ გავრცელდება სამინისტროს მიერ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, როდესაც მოთხოვნა არის, სფერო ვითარდება, შესაბამისად არ გაქრება, მისი შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკს კი სჭირდება კონტროლი, როგორც ამას ევროპის ქვეყნები ახორციელებენ. „სწორედ ამიტომ არის მკაცრი სასჯელი გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ ეს არალეგალურ სახეს მიიღებს. სახელმწიფო, რეგულირების გაუმჯობესებით, ხარისხის უზრუნველყოფით და მთელი რიგი, მეტად ეთიკურად გამართული პრაქტიკის განვითარებით, საქართველოს მეტ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, აღნიშნული სერვისი უსაფრთხოდ მიიღოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. პრემიერ-მინისტრმა 12 ივნისს განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ამ მომსახურეობის მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. კანონპროექტის მიხედვით, კანონით დარეგულირდება სუროგატი დედის ანაზღაურების საკითხიც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, „მხოლოდ უანგარობის პრინციპს“ დაეფუძნება. მისი თქმით, სუროგატ დედას საშუალება ექნება მიიღოს „ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მერე მშობიარობას და აი, ამ ხარჯებთან დაკავშირებულს“. ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ასოციაციის განცხადებით, პრემიერის მიერ დაანონსებული აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების, მათ შორის, სუროგაციისა და დონაციის სერვისის მიღებასთან დაკავშირებით, საფრთხის შემცველია როგორც დარგის, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის არსებობისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. სფეროში მომუშავე 20-მდე კლინიკის წარმომადგენლები ითხოვენ მოლაპარაკებების დაწყებას ხელისუფლებასთან, რათა აკრძალვის ნაცვლად შემუშავდეს რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში დონაცია-სიროგაციის საკითხებს დაარეგულირებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოში, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გამოსცა ბრძანება და ამ ბრძანებით ცვლილება შევიდა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში. ცვლილების თანახმად, ექსტრაკორპორული (რაც ინ ვიტროს ნიშნავს) გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა შეუძლია ქალსა და კაცს, თუკი ისინი იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, ერთი წელი. ან იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, ასევე სულ მცირე, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში. სუროგაციას საქართველოში 1997 წლიდან არეგულირებს კანონმდებლობა. ის რამდენიმე ნორმატიული აქტისა და ბრძანების საშუალებით რეგულირდება. მაგალითად, კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“, ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის პროცედურებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის ერთობლივი ბრძანება. თუკი ირკვევა, რომ ბავშვი, რომელიც პირველად ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, არის საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული და მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ორივე მშობელი მითითებული არ არის, ან მის სახელზე არ არის რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე (საზღვრის გადაკვეთაზე) უარის თქმის შესახებ.
მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მედიაციის პროცესი წარმატებით დასრულდა - ჯანდაცვის სამინისტრო
„მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტს შორის შეთანხმება შედგა. სახელმწიფოს ჩართულობით, მედიაციის პროცესი წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზს“: ჩვენი ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული - ეს არის მოთხოვნა და არა ბიზნესის მართვა მათივე ცნობით, ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა. „ხელფასის მატებას რაც შეეხება, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან, პირველ ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო პირველი ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%-მდე გაიზრდება. შეიქმნება სპეციალური კომისიაც, რომელშიც ყველა მხარის წარმომადგენელი შევა. სწორედ ეს ორგანო იმუშავებს დასაქმებულთა შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე. ასევე ამავე კომისიამ სამი თვის განმავლობაში უნდა დადოს კომპანიის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. მხარეებს შორის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შედგა, სადაც გაფორმდა შეთანხმების შესახებ ოფიციალური სამედიაციო დოკუმენტი. მას ხელი მოაწერეს დამსაქმებელმა, დასაქმებულმა და მედიატორმა. დოკუმენტში გაწერილი შეთანხმების პირობების აღსრულებას, მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში. „ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა, „თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის“ შემთხვევაში, მაღაროელებს მართვა გადასცეს
ექთნებისა და სანიტრებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ახალი ოდენობა დაწესდება
სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის რეფორმის მოცვა ფართოვდება, რაც მათთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის დაწესებას გულისხმობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნება. „ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, შემუშავდა ცვლილებების ახალი პაკეტი, რომელიც სანიტრის, უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარისა და ექთნის თანაშემწის პოზიციაზე დასაქმებულებისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის დაწესებას გულისხმობს. ახალი ინიციატივა კლინიკების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შესთავაზეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულის მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას, ასევე გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ცვლილებებთან დაკავშირებით, დარგის წარმომადგენლები, ერთი კვირის განმავლობაში, საკუთარი მოსაზრებასა და არგუმენტებს წარადგენენ. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნება. სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი, საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792 ლარი) განისაზღვრა.
ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოვლინდა - ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე, დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა - ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა. საუბარია მედიკამენტზე “დეპაკინი ხრონო”, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება. რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად დაადგინა, რომ “დეპაკინი ხრონო” (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია. „მარაგების შესახებ, ფარმაცევტული კომპანიების მიერ, სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დაემთხვა საწყობებში არსებულ ნაშთებს. რის გამოც, კანონმდებლობის შესაბამისად, შედგა სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. აღნიშნული დარღვევა გაფრთხილებასა და 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. გარდა ამისა, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, აზარალებს მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მედიკამენტის რეალიზაცია, რეგულირების სააგენტოს რეაგირების შემდეგ ცალკეულ სააფთიაქო ქსელებში დაიწყო. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის. უწყება აქტიურ კომუნიკაციაშია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყოს. ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება,“ აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა
იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საბჭოს წევრმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა. ჩხაიძის თქმით, პროტოკოლმა მაღალი შეფასება მიიღო გერმანელი ექსპერტისგან. „შედგა იშვიათი დაავადებების საბჭოს შეხვედრა. აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი გაიდლაინების საბჭომ დაამტკიცა. დღეს მოხდა ამ პროტოკოლის განხილვა და საბოლოო დამტკიცება. რაც მნიშვნელოვანია, პროტოკოლმა მიიღო ძალიან მაღალი შეფასება გერმანელი ექსპერტისგან, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა, რომ ამ დაავადებასთან დაკავშირებით ასეთი კარგი, დეტალური და ინფორმატიული პროტოკოლი მსოფლიოში დღეისათვის არ არის, რაც გვაძლევს უფლებას, ვთქვათ, რომ დღეიდან უკვე საქართველოს აქვს ამ დაავადების დიაგნოსტიკისა და მართვის ერთი-ერთი საუკეთესო პროტოკოლი“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. საბჭოს წევრი ამბობს, რომ დღეს ასევე განისაზღვრა ტექნიკური საკითხები, როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტის დანერგვა და ადმინისტრირება. „მედიკამენტის პირველი დოზის მიღება მოხდება კლინიკაში და არა სახლში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ მედიკამენტს გააჩნია გარკვეული გვერდითი მოვლენები, რომელსაც შესაძლოა, დასჭირდეს სამედიცინო ჩარევაც კი. ამიტომ შერჩეულ იქნა ერთი კლინიკა საქართველოში. ეს არის იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. იმიტომ, რომ პროტოკოლის დანერგვას, პაციენტების დეტალურ შესწავლას სჭირდება მულტიპროფილური კლინიკა, მინიმუმ 6-7 სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობით, რაც იაშვილის კლინიკაში არის უზრუნველყოფილი. ასევე, განისაზღვრა პირველი პერიოდი. ჯერჯერობით რთულია ამის თქმა, ეს იქნება ორი კვირა, ეს იქნება ერთი თვე, მაგრამ პაციენტებს ეს მედიკამენტი მაინც გაუკეთდებათ კლინიკაში, ექიმის დაკვირვების შემდეგ. მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში დარჩებიან იქ, რადგან წნევის ვარდნა, რაც გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში განხილულია, როგორც ყველაზე სერიოზული, საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას. ბავშვების რაოდენობა პირველ ეტაპზე განისაზღვრა 5-6 ბავშვით. აქცენტი გავაკეთეთ იმ ბავშვებზე, რომელთაც ასაკის გამო აქვთ ყველაზე ნაკლები პერიოდი დარჩენილი, ვიდრე ამ პრეპარატის მოქმედების ეფექტი იქნება, ანუ ძვლის საზრდელას მინიმალური შესაძლებლობა არის გათვალისწინებული. ეს იქნება 11, 12, 13 წლის ასაკის ბავშვები, ვინაიდან მართლაც ცოტა პერიოდი აქვთ დარჩენილი, რათა პრეპარატი იქნას ეფექტური,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მისივე თქმით, პაციენტების შერჩევა მოხდება მულტიპროფილური ჯგუფის მიერ და მეორე ეტაპზე სხვა ბავშვების ჩართვა მოხდება. „პროცესი განსაზღვრულია და დღეს გადაწყვეტილება მიღებული 2023-2024 წლის პროგრამასთან დაკავშირებით. თარიღი ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ 2023 წელს ამ პროცესში ჩაერთვებიან პირველი ბავშვები, აუცილებლად წლის ბოლომდე. თარიღი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება მწარმოებელთან მოლაპარაკება კონკრეტულად ვადებთან დაკავშირებით. ეს პაციენტები ამ წამალს იღებენ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში. თუ წლის განმავლობაში ზრდის მატება 1,6 სანტიმეტრზე ნაკლებია, მედიკამენტი ითვლება უეფექტოდ და მაშინ ის უნდა შეწყდეს. ამიტომ, თუ მივიღეთ შედეგი და ზრდის მატება 1.6 სანტიმეტრზე მეტია, ამ პრეპარატის მიღებას გააგრძელებენ შემდეგი წლის განმავლობაშიც“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყების გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია წერია, რომ მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. „ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნული მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ,“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1-ელი ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით იზრდება
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი კვლავ იზრდება.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით გაიზრდება. ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. „ოქტომბრიდან, გაზრდილ ხელფასს, 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის - 2536, პარამედიკოსის - 2184, მოტომედიკოსის - 2184, უმცროსი ექიმის - 1800, ექთნის- 1664, მძღოლის - 1520, დისპეტჩერის - 1392, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის - 1648, ცვლის უფროსის - 2560, ცვლის უფროსის მოადგილის -2128, ოპერატორის -1024. აღსანიშნავია, რომ სახელფასო ანაზღაურება, 2024 წლიდან, დამატებით 10 %-ით, ისევ გაიზრდება. უკვე გაუმჯობესდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა. 2023 წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, მინდელის ქუჩაზე, ახლად გარემონტებულ შენობაში გადავიდა და მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში აგრძელებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაკორექტირდა და ის 500-ზე მეტი მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 15 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება როგორც ხელფასების ზრდას, ასევე უკვე დაწყებული პროექტების დაფინანსებას და მიმართული იქნება ჯანდაცვისკენ, განათლებისკენ, ეკონომიკისა და სხვა სფეროებისკენ. ღარიბაშვილის თქმით, დაკორექტირებული ბიუჯეტი პარლამენტს წარედგინება.
ჯანდაცვის სამინისტრო: ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს. „ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია „როშეს“ შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო, შვეიცარიული კომპანიისგან სხვადასხვა დასახელების პრეპარატს პირდაპირი წესით, მართული შესვლის შეთანხმების (MEA) პრინციპების გათვალისწინებით განხორციელდა. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობის კურსს სრულად დაუფინანსებს. „მედიკამენტების, უშუალოდ მწარმოებლებისგან შესყიდვის შედეგად, სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა მეტ პაციენტს დაუფინანსოს მკურნალობა და მკურნალობის კურსის გათვალისწინებით, გაუზარდოს დაფინანსებული წამლების რაოდენობა. ჯანდაცვის სამინისტრო, მსოფლიოს იმ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის. ცვლილების მიზანი, მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან მედიკამენტებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 3200-ზე მეტ მედიკამენტზე კი ფასის ზედა ზღვარი დაწესდა. შედეგად მედიკამენტების ფასი საშუალოდ 60%-ით შემცირდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მინისტრი: 2024 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვას პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა ემატება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2024 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვას სახელმწიფო პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება. ზურაბ აზარაშვილის თქმით, „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მეტი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს.“ „როგორც კი ეჭვი გაჩნდება რაიმე ტიპის სიმსივნეზე, კონკრეტულ კლინიკებში, საბოლოო დიაგნოზის დასმას და ამ პროცესის დაფინანსებას უზრუნველვყოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ონკოლოგიური დაავადება. ასეთ დროს, განკურნების შანსი უფრო მაღალია,“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, გაცილებით ეფექტურია ფინანსური კუთხითაც და ამას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც ადასტურებს, სადაც ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, დანახარჯები, დაახლოებით, 40%-ით მცირდება. თუმცა, მინისტრის განცხადებით, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მეტი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობაა. ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის წარმატებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება იყო განაცხადი, რომ სამედიცინო სერვისების, თუ მედიკამენტების ხარჯების მაქსიმალურად დაფინანსებით, სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, ზუსტად ისე, როგორც ეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია. „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა სწორედ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით დაიწყო. თუ 2013 წლისთვის, 75%-მდე გვქონდა ჯიბიდან გადახდები, დღეს უკვე, ეს მაჩვენებელი, სამედიცინო ჩარევების შემთხვევაში, 10%-მდე არის შემცირებული. მედიკამენტების შემთხვევაში ცოტა მაღალი გვაქვს, თუმცა, მიმდინარე წელს, მნიშვნელოვანი კლებაა. საბოლოო ჯამში, როდესაც რეფერენტული ფასები ყველა მედიკამენტზე გავრცელდება, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს კი სრულად დავფარავთ, ეს მაჩვენებელიც ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვა,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
სამინისტრო: სუროგაციის, ინ ვიტრო განაყოფიერებისა და ინსემინაციის მონაცემები ერთიან რეესტრში იანვრიდან აისახება
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2024 წლის იანვრიდან, სუროგაციასთან, ინვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება. ახალი წლიდან ყველა სამედიცინო დაწესებულება, სადაც რეპროდუქციული პროცედურები ტარდება, ვალდებული ხდება, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ, ინფორმაცია, ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს. „ცვლილების მიზანი მომსახურების ხარისხის, პროცესის ზედამხედველობა, ასევე - აღნიშნული მასალებისა და მათთან კავშირში მყოფი პირების მიკვლევადობაა. რეესტრში ყველა ინფორმაცია განთავსდება პირადი მონაცემების დაცვით და იქნება კონფიდენციალური. დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს," - წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 2023 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის ინიციატივით, 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ამ მომსახურების მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. მათივე ინიციატივით, კანონით უნდა დარეგულირებულიყო სუროგატი დედის ანაზღაურების საკითხიც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, „მხოლოდ უანგარობის პრინციპს“ დაეფუძნება. მისი თქმით, სუროგატ დედას საშუალება ექნება მიიღოს „ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან - ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მერე მშობიარობას და აი, ამ ხარჯებთან დაკავშირებულს.“
ჯანდაცვის სამინისტრო: ონკოლოგიური პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები, შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას, უფასოდ იღებენ. „13 დასახელების ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტული კომპანიისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო, პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს. ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, ჯანდაცვის სამინისტრომ, ხელშეკრულება უკვე გააფორმა მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“. უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით 8 დასახელების მედიკამენტს, მიიღებენ. ასევე, გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 400 000-ამდე ბენეფიციარს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ონკოლოგიური პაციენტებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 8 დასახელების მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი
ჯანდაცვის სამინისტრომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს" პერსონალს კომპენსაციები შესთავაზა
„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან" დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა და კომპენსაციების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კლინიკის თანამშრომლებს შეხვდნენ მანამდე მთავრობის სხდომაზე მიიღეს განკარგულება შენობის დემონტაჟისა და ახალი კლინიკის მშენებლობის საკითხზე. შეხვედრის შემდეგ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა თავართქილაძემ მედიასთან განაცხადა, რომ შეხვედრა კლინიკის თანამშრომელთა უმეტეს ნაწილთან გაიმართა. მისი თქმით, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კომპენსაციის პაკეტი თანამშრომლებთან ნაწილობრივ განიხილეს. ამჟამად „რესპუბლიკურ საავადმყოფოში" 650-მდე თანამშრომელი მუშაობს. თავართქილაძისთვის უცნობია, მას შეეხება თუ არა კომპენსაციასთან დაკავშირებული წინადადება. „თანამშრომლების მხრიდან განკარგულების მოსმენა მწვავე იყო," - განაცხადა თავართქილაძემ. მანვე აღნიშნა, რომ „საქართველოს და თბილისს ესაჭიროება მაღალკვალიფიციური სახელმწიფო კლინიკა: „მე ვარ მისი აშენების მომხრე." დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. მისი მიხედვით, „რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით.“ „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. უახლოეს მომავალში, დაიწყება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია. მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით,“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში. უწყება შეთავაზებების პაკეტზეც ავრცელებას ცნობას. მისი მიხედვით: ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი. თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს. სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს. სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის. სამინისტროს განცხადებით, „აღნიშნულ საკომპენსაციო პაკეტს, ჯანდაცვის სამინისტრო, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელს შესთავაზებს. თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა, სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა.“ ცნობისთვის, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა 1973 წელს გაიხსნა. 2008 წელს მას გადაუდებელი დახმარების ფუნქციაც დაემატა.
კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმე ეხება სამინისტროს მიერ, გასული წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ. „კონკურენციის სააგენტო, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტს, 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ სწავლობს. სააგენტო დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი, კომპანიების მხრიდან, არასამართლიანი ფასის ან სხვა, არასამართლიანი სავაჭრო პირობების ფიქსირებას. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, აღნიშნულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი უკვე გაავრცელა, რის შემდეგადაც წამლების ფასი შემცირდა. შეგახსენებთ, რომ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კიდევ ერთი საქმის მოკვლევა, დეკემბრის ბოლოს დაასრულა. მოკვლევის შედეგად დაადასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ ქმედებასა და კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევას. კერძოდ, „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები განსაზღვრეს. კონკურენციის სააგენტომ, სამართალდამრღვევი ფარმაცევტული კომპანიები, 52 797 934 ლარით დააჯარიმა,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 2023 წლის დეკემბერში კონკურენციის სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანია, "პსპ", "ავერსი", "გეფა" და "მერმისი", ჯამში, 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. ფარმაცევტული კომპანიები ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.
ჯანდაცვის სამინისტრო: რესპუბლიკურის 250-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. უწყების განცხადებით, კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. „რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გრძელდება კონსულტაციები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის. მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. პარალელურად, აქტიურად გრძელდება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკვნის მიხედვით, მწვავე ავარიულია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით. ჯანდაცვის სამინისტრომ 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან აწარმოვა მოლაპარაკებები, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ალტერნატიული დასაქმების შეთავაზებები აქვთ. შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:• ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.• თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.• სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.• სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის,“ წერს ჯანდაცვის სამინისტრო.
მარტიდან, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ამოქმედდება – ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარტიდან ამოქმედდება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე. „ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია, რისთვისაც უწყებამ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. 2022 წლის ნოემბრიდან, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობისა (ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია) და მედიკამენტების წლიური ლიმიტი, ყველა ბენეფიციარისთვის, 25 000 ლარამდე გაიზარდა, პაციენტის თანაგადახდის გარეშე. გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე - ონკოქირურგიის სერვისები. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა, უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, სახელმწიფომ, ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, რაც პაციენტების საჭიროებების მეტად დაკმაყოფილებას, მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფასა და ბენეფიციართა მოცვის გაზრდას უწყობს ხელს. მუდმივად მზარდია სახელმწიფო დაფინანსებაც - თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს, პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა. უშუალოდ მწარმოებლისგან, ონკოლოგიური მედიკამენტების მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეძენისა და გატარებული რეფორმების ხარჯზე, 2024 წელს, სამინისტროს, 350 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტის მედიკამენტის და სერვისის განსაზღვრის შესაძლებლობა ექნება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, პაციენტების საჭიროებებს, ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის, სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება. მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის მარტიდან, ამოქმედდება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას, ადრეულ ეტაპზე. ჯანდაცვის სამინისტრო, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან შეხვედრებს გეგმავს, სადაც მათთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან,“ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტრო: ჰოსპიტალიზებულია 3 პოლიციელი
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად სამი სამართალდამცავის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. „გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას. ამ დროისთვის განხორციელდა სამი სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია,“ წერს უწყება გავრცელებულ განცხადებაში. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.