თეგი: ჯარები
ISW: რუსეთის არმიამ ბახმუტის ალყაში მოქცევა ვერ შეძლო
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, ხარკოვის რეგიონის მცირე ნაწილში, რომელიც რჩება რუსული არმიის კონტროლის ქვეშ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს რამდენიმე დასახლების გათავისუფლება. იმავდროულად, რუსმა სამხედროებმა, ISW-ს თანახმად, მიაღწიეს მცირე წარმატებას ბახმუტთან ახლოს, მაგრამ ამ დრომდე ვერ შეასრულეს თავიანთი ძირითადი მიზანი - ქალაქის ალყაში მოქცევა. ამერიკელი ექსპერტები წერენ ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოს მახლობლად გამართულ ბრძოლებზე, რომლის მიმართულებითაც უკრაინის არმია წინ მიიწევს. ეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ხარკოვის რეგიონის განთავისუფლების შემდეგ გახდა. უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით, ISW იუწყება, რომ რუსმა სამხედროებმა დაბომბეს უკრაინული პოზიციები სამ დასახლებულ პუნქტთან, სვატოვოდან დაახლოებით 50 კმ-ში და საერთაშორისო საზღვრიდან 15 კმ-ში, რაც მიუთითებს უკრაინის არმიის გარკვეულ პროგრესზე. „რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე უნებლიედ აღიარა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს სოფელ კისლოვკაზე (მდებარეობს სვატოვოდან 25 კილომეტრში), რადგან განაცხადა, რომ იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამეთაურო პუნქტი ამოქმედდა“, - ნათქვამია ანგარიშში. ბახმუტთან არსებული ვითარების შესახებ, სადაც ახლა ყველაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევას, მაგრამ ვერ შეძლეს ქალაქის ალყაში მოქცევა. რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, ISW იუწყება "მცირე წარმატებების" შესახებ, რომელსაც აქ რუსეთის არმიამ 5 და 6 დეკემბერს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს ბახმუტისთვის ბრძოლებში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.