თეგი: ჯასტინ ტრუდო
უკრაინის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონთან და ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ჩვენ გვაქვს უცვლელი მხარდაჭერა საფრანგეთის მიმართ, გაააქტიუროს სამშვიდობო პროცესი „ნორმანდული ფორმატის" ფარგლებში და დაუპირისპირდეს პროვოკაციებს, რომლებიც კონფლიქტის დეესკალაციას გამოიწვევს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. როგორც Reuters-ი წერს, საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მაკრონმა პუტინთან საუბრისას ვერ დაინახა იმის ნიშანი, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავს. ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასეგე განაცხადა, რომ საფრანგეთმა რეკომენდაცია მისცა საფრანგეთის მოქალაქეებს, თავი აარიდონ უკრაინაში მოგზაურობებს და შეუწყობენ ხელს საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს, თუ სურთ, რომ დატოვონ ქვეყანა. რაც შეეხება ტრუდოსთან მოლაპარაკებებს, ზელენსკის თქმით, კანადა, კანადელი ხალხი უკრაინის ძლიერი მოკავშირეები არიან.უკრაინის პრემიერ-მინისტრმა კანადის პრემიერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ტრუდომ უკრაინასა და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების მობილიზების, ასევე, რუსეთის მიმდინარე აგრესიისა და დესტაბილიზაციის აქტივობების შესახებ შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო შეჭრას უკრაინაში, სერიოზული შედეგები მოჰყვება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კანადის ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რაც მოიცავს სამხედრო წვრთნებს და შესაძლებლობების განვითარებას ოპერაცია UNIFIER-ის მეშვეობით და ფინანსურ დახმარებას უკრაინის მთავრობისთვის შეგახსენებთ, კანადამ საელჩოს კიევიდან ლვოვში დროებითი გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ცნობისთვის, 12 თებერვალს ბაიდენმა და პუტინმა ტელეფონით ერთი საათის განმავლობაში ისაუბრეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა ჩაერთოს დიპლომატიაში, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, თუმცა თანაბრად მზად არის სხვა სცენარისთვის.
კიევში ვიზიტისას, კანადის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა
უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ჯასტინ ტრუდომ კიევში კანადის საელჩოს გახსნის შესახებ განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ, მათ შორის არის საჰარეო ხომალდები, სატელიტური გამოსახულებები, მცირე იარაღი და საბრძოლო მასალა. კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, კანადა მომავალ წელს უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელზე სავაჭრო ტარიფებს მოხსნის. „ცხადია, ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია საზარელი ომის დანაშაულებზე“, - განაცხად ტრუდომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჯასტინ ტრუდო: კანადის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის გადაცემამ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია ჩაშალა
ენერგეტიკული პოლიტიკის შეიარაღებასთან დაკავშირებით რუსეთის მცდელობებმა უკუშედეგი გამოიღო, რადგან კანადა საკვანძო, გაზის ტურბინის მიწოდებას დათანხმდა. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა და გერმანია დარჩებიან რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებული მომავალი ერთი ან ორ წლის განმავლობაში. „რუსეთის მიზანი არ არის მხოლოდ განხეთქილების ჩამოყალიბება ქვეყნებს შორის, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, არამედ, ძირს უთხრის საზოგადოების მხარდაჭერას იმ მტკიცე პოზიციების მიმართ, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა დაიკავეს უკრაინის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ. „ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან მან გამოავლინა (რუსეთის პრეზიდენტის) პუტინის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს მოკავშირეების გაყოფას; მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს უკრაინის მხარდაჭერაზე“, - აღნიშნა თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „რუსეთი აღარ არის სანდო ბიზნეს პარტნიორი. მან შეამცირა გაზის მიწოდება მთელ ევროპაში, ყოველთვის მოჰყავდა ტექნიკური მიზეზები, რომლებიც არასდროს არსებობდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პუტინის ხაფანგში არ ჩავვარდეთ და ერთად დავდგეთ“, - დაამატა გერმანიის კანცლერმა.
კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს
კანადა უკრაინისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას შეიძენს, განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სამშაბათს, მექსიკაში გამართულ სამიტზე. შესაბამის ინფორმაცია ტრუდოს ოფისი ავრცელებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ კანადა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ მალე გამოაცხადებს. რეზნიკოვმა სატელეფონო საუბარი კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ანიტა ანანდთან გამართა. „დღეს მე მქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი ჩემს ახლო მეგობართან, კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ანიტა ანანდთან. განვიხილეთ ძალიან კარგი ახალი ამბავი კანადიდან, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს თავდაცვის შესაძლებლობებს. ჩვენ მოუთმენლად ველით ოფიციალურ განცხადებას", - განაცხადა რეზნიკოვმა.
ტრუდო უკრაინის პარლამენტში: ჩვენ გვინდა მშვიდობა უკრაინის პირობებით
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინის პარლამენტის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ კანადის ვიცე-პრემიერი, კრისტია ფრილანდი და უკრაინელი მინისტრები. ტრუდომ აღნიშნა, რომ უკრაინამ თავად უნდა აირჩიოს, როგორ დაიცვას თავი და კანადა მხარს დაუჭერს მის NATO-ში გაწევრიანებას. „ჩვენ გვინდა მშვიდობა უკრაინული პირობებით. რუსეთმა მთლიანად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს მთელი თავისი სამხედრო ძალები უკრაინიდან", - განაცხადა ტრუდომ.მან მადლობა გადაუხადა უკრაინელებს, რომ „ყოველდღიურად რჩებიან ჩემპიონები და დემოკრატიის დამცველები“. ტრუდოს თქმით უკრაინის გამარჯვება ისტორიის წიგნებში შევა და უკრაინელები განსაზღვრავენ 21-ე საუკუნის მომავალს. „თქვენ არ დანებდით და ჩვენც არ დავნებდებით“, - აღნიშნა ტრუდომ 25-წუთიანი გამოსვლისას.
კანადა უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაში მონაწილეებს სანქციებს უწესებს
კანადა, რუსეთის აგრესიის კონტექსტში უკრაინის კულტურული ძეგლების, დაწესებულებებისა და იდენტობის ნგრევაში მონაწილე რიგ ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებ სანქციებს უწესებს. უკრაინული მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი პასუხია რუსეთის მცდელობებზე, გაანადგუროს უკრაინული კულტურული ძეგლები, ინსტიტუტები და იდენტობა. თავის მხრივ, კანადის მთავრობის ცნობით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ათასობით უკრაინული კულტურული არტეფაქტია დაკარგული ან მოპარული რუსეთის ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მანამდე კი, 2014 წელს ყირიმის ანექსიის მცდელობის დროს. „უკრაინის იდენტობის წაშლის მცდელობისას, რუსეთმა, გავრცელებული ინფორმაციით, უკანონოდ გამოიტანა არტეფაქტები უკრაინიდან და დააზიანა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, - იუწყება კანადის მთავრობა. მისივე თანახმად, კანადა სანქციებს უწესებს რუსეთის მიერ უკრაინული კულტურული ობიექტების ქურდობასთან დაკავშირებულ პირებს. სანქცირებული პირების სიაში შედიან უკრაინელებიც, რომლებიც მუშაობენ მუზეუმებსა და სხვა კულტურულ ცენტრებში და თანამშრომლობდნენ რუსეთთან. სანქციები ასევე მოიცავს ახლად შექმნილ სუბიექტებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორიცაა, ე.წ. განათლებისა და კულტურის სამინისტროები, ასევე, ზომები შეეხება კერძო სამხედრო კომპანიებთან დაკავშირებულ პირებს და სუბიექტებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან. შეგახსენებთ, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილანდი უკრაინაში დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდნენ. ეს ტრუდოს მეორე ვიზიტია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
უკრაინის მხარდასაჭერად და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, კანადა $410 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს
უკრაინის მხარდასაჭერად და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, კანადა $410 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. ტრუდომ ასევე განაცხადა, რომ კანადა უმასპინძლებს უკრაინელ კადეტებს სამეფო სამხედრო კოლეჯში ინტენსიურ სამკვირიან ტრენინგზე უმასპინძლებს. „პუტინს სურს, გაანადგუროს უკრაინელები, მაგრამ ის ვერ შეძლებს, რადგან ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდებათ და სწორედ ეს არის უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა ტრუდომ. კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ლატვიაში უკრაინელი ჯარისკაცების სასწავლო მისიის გაფართოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც 40 000 სამხედრო და უსაფრთხოების პერსონალი მომზადდა.
კანადის პრემიერი: G7-ის ლიდერებს ესმით, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს და ამისთვის მზად არიან
კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „დიდი შვიდეულის ლიდერებს ესმით, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს, მაგრამ მზად არიან, მხარი დაუჭირონ ქვეყანას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. უკრაინის ამჟამინდელი კონტრშეტევის ტემპის შესახებ კითხვის საპასუხოდ, კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ G7-ის ლიდერებმა „ყოველთვის იცოდნენ, რომ ეს [უკრაინის ომი - რედ.] ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა.“ „ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება,“ - აღნიშნავს ტრუდო. ცნობისთვის, „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. შეგახსენებთ, უკრაინამ და კანადამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. კანადა გახდა G7-ის მესამე ქვეყანა შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რომლებთანაც უკრაინამ შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყო. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.
კანადისთვის ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას ნიშნავს - ტრუდო
კანადისთვის დონალდ ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას წარმოადგენს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. კანადის პრემიერის თქმით, კანადამ უკვე გაიარა გამოწვევები ტრაპის ადმინისტრაციის პირობებში, შესაბამისად, მისი მეორე ვადით არჩევა კანადისთვის „არაპროგნოზირებად“ ვითარებას წარმოადგენს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჟოლიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კანადა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგისთვის ემზადება, იქნება ეს ჯო ბაიდენის მეორე ვადით არჩევა თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება. „გამოწვევები გამოვიარეთ, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაცია ოთხი წლის განმავლობაში წარმოადგენდა, როდესაც ვამტკიცებდით, რომ კანადა და აშშ უკეთეს შედეგებს აღწევენ როდესაც ამას ერთად აკეთებენ. თვალსაჩინოა, რომ ბატონი ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას წარმოადგენს,” - განაცხადა ტრუდომ. მანვე აღნიშნა, რომ ოტავა ტრამპის შესაძლო მეორე ვადამდე აშშ-ში კანადის ინტერესების წინ წასაწევად ძალისხმევებს განაახლებს. ამ მიზნით ტრუდომ “კანადის გუნდის ურთიერთქმედების სტრატეგიის” შესახებ გამოაცხადა, რომელსაც კანადის მრეწველობის მინისტრი, საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი, და აშშ-ში კანადის ელჩი უხელმძღვანელებენ.