თეგი: ჯაუნშერ ბურჭულაძე
თავდაცვის მინისტრი: ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენაზე ვმუშაობთ
„რაფაელი არის ერთ-ერთი საუკეთესო მოწინავე კომპანია მსოფლიოში და ჩვენ მოდერნიზაციაზე ვმუშაობთ. ასევე ვმუშაობთ პოლონურ სახელმწიფო საწარმოსთან, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა ევროპაში და მთელს მსოფლიოში როგორც ჰაერსაწინააღმდეგო, ასევე, ჯავშანსაწინააღმდეგო ხელსაწყოების შეძენაზე. დღეს ძალიან გართულებულია ეს პროცესი”, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას. თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, რაც უკრაინის ომმა გამოიწვია. „უკრაინის ომმა შეცვალა წარმოების ტემპები, მეთოდები და შესყიდვის საშუალებები. თუმცა, საქართველო ყოველთვის არის პრიორიტეტული თითქმის ყველა მსოფლიო მსხვილმწარმოებელთან. ჩვენ მივაღწიეთ აქაც შედეგს და უახლოეს მომავალში დეტალებს გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას. პროცესი, რომელიც ავიაციის განახლების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს”, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შესყიდვების მიმართულებით იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება საქართველოში. „უკრაინის ომში დრონები გამოცდილია. ჩვენ წლის ბოლომდე მივიღებთ სატესტო ვერსიებს და მომავალ წელს გადავალთ მასიურ წარმოებაზე. ამასთან ერთად, ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები - ისრაელში გავაგზავნეთ მოდერნიზაციისთვის არსებული საშუალებები“. „ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს განვავითარებთ და შესყიდვების მიმართულებით რა ნაბიჯებიც გადავდგით, დიდ მასშტაბებს მივაღწევთ“,- აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, სამხედრო ავიაციის ბიუჯეტი არ და ვერ შემცირდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება სამხედრო ავიაციის სფეროში დაგროვილი გამოცდილებითა და ცოდნით აქცენტს კომერციულ შეკვეთებზეც გააკეთებს. „სამხედრო ავიაციის ბიუჯეტი ვერ შემცირდება, რადგან ის გეგმა, რაც ჩვენ დასახული გვაქვს, არ ისახავს მიზნად ბიუჯეტის შემცირებას. თუმცა, გარდა ამისა, ჩვენ აქამდე რაც გვყავდა საფრენი აპარატები, დავისახეთ ყველა ამ საფრენი აპარატის ექსპლუატაციაში მიღება. ამ გეგმას მივაღწევთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ცოდნასაც ვიგროვებთ ამ პროცესში და კომერციულ შეკვეთებზეც აქტიურად ვმუშაობთ. ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი საწარმო“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.