თეგი: ჯაშუში
გერმანიის პროკურატურამ რუსეთის მოქალაქეს ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინა
გერმანიის პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა ზაფხულში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული ევროპის კოსმოსური ხომალდის Ariane-ის შესახებ რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებს აწვდიდა ინფორმაციას. გერმანიამ რუსეთის მოქალაქე გასულ წელს დააკავა. ბრალი მას 9 დეკემბერს წაუყენეს. ფედერალურმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც იდენტიფიცირებულია მხოლოდ როგორც ილნურ ნ., დაკავებამდე მუშაობდა მკვლევრად ბავარიის უნივერსიტეტში.
ცნობილი ჯაშუში, აშშ-ის ციხიდან 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
ანა მონტესი, რომელიც ცივი ომის დროინდელ ყველაზე ცნობილ ჯაშუშებს შორის იყო, პატიმრობიდან 20 წლის შემდეგ გაათავისუფლეს. თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოში ანალიტიკოსად მუშაობის დროს, კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებულმა, 65 წლის ანა მონტესმა ტეხასის შტატში, ციხეში თითქმის ორი ათწლეული გაატარა. ამის შესახებ BBC წერს. 2001 წელს მისი დაპატიმრების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მან კუნძულზე აშშ-ის დაზვერვის ოპერაციების შესახებ ცნობები თითქმის მთლიანად ხელმისაწვდომი გახადა. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ის იყო აშშ-ის მიერ დაჭერილ „ყველაზე მავნე ჯაშუშებს შორის“. მიშელ ვან კლივმა, რომელიც კონტრდაზვერვას ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს ხელმძღვანელობდა, 2012 წელს კონგრესს განუცხადა: „მონტესმა „პრაქტიკულად, ყველაფრის კომპრომეტირება მოახდინა, რაც ჩვენ ვიცოდით კუბის შესახებ და როგორც ვმოქმედებდით კუბაში“. დაპატიმრების შემდეგ, მონტესს საიდუმლო მასალების გავრცელებაში დასდეს ბრალი. მონტესს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოსამართლემ ის „მთლიანად ერის" რისკის ქვეშ დაყენებაში დაადანაშაულა. თუმცა ცივი ომის დროს დაპატიმრებული სხვა ცნობილი ჯაშუშებისგან განსხვავებით, მონტესი მოტივირებული იყო იდეოლოგიით და არა პირადი სარგებლით. ის კუბის დაზვერვაში მუშაობას დათანხმდა, ნაწილობრივ იმის საფუძველზე, რომ ლათინურ ამერიკაში რეიგანის ადმინისტრაციის საქმიანობას ეწინააღმდეგებოდა. მონტესი გათავისუფლების შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. მას ასევე აეკრძალება მთავრობაში მუშაობა ან უცხოელ აგენტებთან ნებართვის გარეშე დაკავშირება. პიტ ლაპმა, FBI-ს ერთ-ერთმა აგენტმა, რომელმაც მონტესი დააკავა, CBS News-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ანა მონტესი კუბელ აგენტებთან კონტაქტის აღდგენას ცდილობდა.„მისი ცხოვრების ეს ნაწილი დასრულდა. მან გააკეთა ის, რაც გააკეთა მათთვის. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რისკის ქვეშ დააყენებს თავის თავისუფლებას“, - ამბობს პიტ ლაპი.
ბერლინში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის ყოფილ თანამშრომელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლითა და ორი თვით პატიმრობა მიესაჯა
ბერლინში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის ყოფილ თანამშრომელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბრიტანული მედია წერს, რომ შოტლანდიაში დაბადებული 58 წლის დევიდ ბალანტინ სმიტი, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა მოქმედებდა რუსი აგენტის ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედებდა. 58 წლის დევიდ ბალანტინ სმიტმა აღიარა რუსეთის ხელისუფლებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა. მოსამართლემ განაცხადა, რომ სმიტმა საელჩოს თანამშრომლები „მაქსიმალური რისკის ქვეშ“ დააყენა, როდესაც მათი ფოტოები რუსეთის საელჩოს გადასცა ბერლინში. მაგრამ სმიტი ამტკიცებდა, რომ მას საელჩოსთვის უბრალოდ „უხერხულობის შექმნა“ სურდა და იმ დროს დეპრესიით იტანჯებოდა.
პოლონეთმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი უცხოელი დააპატიმრა
ჩრდილოეთ პოლონეთის პროკურორებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილია, სამი თვით პატიმრობაში დარჩება გამოძიების დასრულებამდე. სამხედრო საკითხებზე პასუხისმგებელი გდანსკის პროკურორებმა განაცხადეს, რომ უცხოელმა, რომლის ვინაობაც უცნობია, აღიარა, რომ სენსიტიური ინფორმაცია გადასცა რუსეთის დაზვერვას. ეჭვმიტანილი იანვრიდან იმყოფებოდა ევროკავშირის წევრ პოლონეთში და აგროვებდა ინფორმაციას ქვეყნის ჩრდილოეთში არსებული ძირითადი ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების პროცედურების შესახებ, განაცხადა სპიკერმა გრაზინა ვავრინიუკმა. ცნობისთვის, პოლონეთის გაზის ტერმინალი და ძირითადი პორტები ჩრდილოეთით მდებარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პოლონეთი კიევის მტკიცე მხარდამჭერად რჩება. ამ თვის დასაწყისში პოლონეთის ხელისუფლებამ დააკავა ცხრა ადამიანი, რომლებიც რუსული ჯაშუშური რგოლის წევრობაში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი დივერსიული აქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი. იმავდროულად, ესპანელი ჟურნალისტი, რომელსაც ასევე აქვს რუსული პასპორტი, ერთ წელზე მეტია, პატიმრობაში იმყოფება ჯაშუშობის ბრალდებით. ამავე თემაზე წაიკითხეთ: პოლონეთმა ქვეყანაში მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი გაანადგურა და ცხრა ადამიანი დააკავა - Reuters
შვედეთში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს
შვედეთის ქალაქ გოტენბურგის პოლიციამ ჯაშუშობის ბრალდებით დაააკავა რუსეთის მოქალაქე ქალი. რუსეთის მოქალაქე, რომლის სახელს არ აკონკრეტებენ, შვედეთის ენერგეტიკული კომპანია Preem-ი ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე დააკავეს. შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა (SAPO) დამატებითი დეტალები არ გაამჟღავნა. იმ დაწესებულებაში, სადაც დაკავება მოხდა, კომპანიამ განაცხადა, რომ ქალი დასაქმებული იყო მათ ერთ-ერთ ქვეკონტრაქტორთან.
პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი გამოავლინა. ის ბელარისის მოქალაქეა.უკანასკნელ პერიოდში, ჯამში პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 16 ადამიანი დააკავეს. დაზვერვის სამსახურის კოორდინატორი, სტანისლავ ჟარინი აცხადებს, რომ რუსები კვლავ ეძებენ გზებს პოლონეთის დესტაბილიზაციისა და ქვეყნის დასუსტებისთვის, თუმცა პოლონეთის დაზვერვის სამსახური ძალიან ეფექტიანად მუშაობს. პოლონეთმა ივლისშიც დააკავა რუსული ჯაშუშური ქსელის კიდევ ერთი წევრი, რითაც გამოძიების შედეგად დაკავებულთა საერთო რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ჯაშუჯობაში ბრალდებულები პოლონეთში მარტსა და ივნისშიც დააკავეს. ცნობისთვის, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 აგვისტოს განაცხადა, რომ უსაფრთხოების გასაძლიერებლად პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე დამატებითი სამხედრო ნაწილების გაგზავნა.
გერმანიამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოფიცერი დააკავა
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ოთხშაბათს დააკავა ბუნდესვერის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები) ოფიცერი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების ცნობით, 2023 წლის მაისში ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის გენერალურ საკონსულოს ბონში და რუსეთის საელჩოს ბერლინში, თანამშრომლობის წინადადებით რამდენჯერმე მიმართა. ოთხშაბათს გერმანიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ ეჭვმიტანილის დაპატიმრების ორდერი გასცა. გარდა ამისა, გერმანიის კრიმინალური პოლიციის გამომძიებლებმა ბრალდებულის ბინასა და სამუშაო ადგილზე ჩხრეკა ჩაატარეს. „გამოძიება ჩატარდა ფედერალურ სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურთან და კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით,“ - ნათქვამია გერმანიის გენერალური პროკურატურის განცხადებაში. Reuters-ი წერს, რომ გერმანია, რომელიც უკრაინის სამხედრო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია, რუსული ჯაშუშური ოპერაციების მთავარი სამიზნეა. ამ სახის საფრთხე მასშტაბური გახდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც „ვაგნერთან“ დაკავშირებით, პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ - მინისტრი
პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ დააკავა ორი რუსი, რომლებიც „ვაგნერ“ ჯგუფთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს. მარიუშ კამინსკი ამბობს, რომ ორივე რუსს ჯაშუშობაში ედება ბრალი. უკანასკნელ პერიოდში, ჯამში პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 18 ადამიანი დააკავეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა. პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ბულგარეთის 3 მოქალაქე დააკავეს
დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაკავებულებს ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს. ბულგარეთის მოქალაქეები თებერვალში დააკავეს და მას შემდეგ წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების „უკანონო განზრახვით“ ფლობა ედებათ ბრალად. დოკუმენტები მოიცავს პასპორტებს, პირადობის მოწმობებს და სხვა დოკუმენტებს დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკისთვის. გარდა ამისა, ბულგარეთის სახელმწიფო დოკუმენტების თანახმად, ისინი მუშაობდნენ ლონდონის საარჩევნო კომისიებში, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მიერ ბულგარეთის არჩევნებში ხმის მიცემას უწყობდნენ ხელს. განახლება: ლონდონში ბულგარეთის საელჩომ რადიო თავისუფლების ბულგარეთის სამსახურს განუცხადა, რომ დიპლომატიურ მისიას არ აქვს ინფორმაცია ბულგარეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ. „ჩვენი საელჩო და საკონსულო სამსახური არ იყვნენ ინფორმირებული ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ასეთი სახელების მქონე ადამიანების დაკავებაზე," - განუცხადა ელჩმა მარინ რაიკოვმა ჟურნალისტებს. ბულგარელი დიპლომატის თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ შეიძლება, არ აცნობოს უცხოურ საელჩოებს მომხდარის შესახებ, თუ დაკავებულები ამას ითხოვენ. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უწყება ამ საქმეს ჯერ კიდევ სწავლობს.
ესტონეთში ჯაშუშობის ბრალდებით რუსი პროფესორი დააპატიმრეს
ესტონეთის პოლიციამ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა რუსეთის მოქალაქე ვიჩესლავ მოროზოვი, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკური თეორიის პროფესორად ტარტუს უნივერსიტეტში მუშაობდა. ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მარგო პალოსონის განცხადებით, მოროზოვის საქმეს წინ უწრდებდა "ათობით მსგავსი საქმე, რაც მოწმობს რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების მიზანს, ინფლიტრაცია მოხდეს ესტონეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - საუნივერსიტეტოში." მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოროზოვი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. NATO-ს შორეულ აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებული ესტონეთი დიდი ხანია, რუსეთის მხრიდან არასათანადო გავლენების გამო შეშფოთებულია. ქვეყანა ასევე გამხდარა მასიური კიბერშეტევის სამიზნე, რაც რიგ ესტონელ აქტორებში განიხილებოდა, როგორც ერთგვარი გამოღვიძების ზარი რუსეთისგან მომდინარე საფრთხის მიმართ.