თეგი: ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ირანი უცნაური ქვეყანაა დიპლომატიისთვის, იმ პირსაც კი ვერ ესაუბრები, ვინც ქვეყანას მართავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანთან ურთიერთობაში არსებულ დაბრკოლებებზე საუბრობს. მან აღნიშნა, რომ პირი, ვინც ირანში გადაწყვეტილებებს იღებს, უზენაესი ლიდერია. პრეზიდენტის როლი კი, ფაქტობრივად, უმნიშვნელოა. ჯეი დი ვენსის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ჩანს, უზენაეს ლიდერს ესაუბრება, და სწორედ ეს არის პირი, ვისთანაც ამერიკას ძირითადად, კომუნიკაცია ჰქონდა. „მაგრამ ეს ძალიან უცნაური ქვეყანაა დიპლომატიის წარმოებისთვის, როდესაც არც კი შეგიძლია საუბარი იმ პირთან, ვინც ქვეყანას მართავს. ტრაპმპმა შეიძლება, აიღოს ტელეფონი და დაურეკოს პუტინს. შეიძლება, აიღოს ტელეფონი და დაურეკოს სი ძინ პინს. მტრულად განწყობილ ქვეყნებსაც კი...ჩრდილოეთ კორეასთანაც, დონალდ ტრამპი ამ ადამიანს [კიმ ჩენ ინს] შეხვდა. უცნაურია, რომ ჩვენ უბრალოდ, არ შეგვიძლია ირანის რეალურ/ფაქტობრივ ლიდერებთან საუბარი. ეს ნამდვილად ძალიან ართულებს დიპლომატიას,“ - აღნიშნა ვენსმა. ცნობისთვის, აშშ-ს და ირანს შორის მოლაპარაკებები 6 თებერვალს, სავარაუდოდ, ომანში გაიმართება. Axios-ი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის თხოვნას დაეთანხმა და მოლაპარაკებები, თურქეთის ნაცვლად, ომანში გაიმართება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ, შეუერთდებიან თუ არა რეგიონის სხვა ქვეყნები ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებს. რა მოხდება, თუ აშშ ირანს დაარტყამს - შვიდი სცენარი
აშშ-მ და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
სომხეთმა და აშშ-მ ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ჯეი დი ვენსმა ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სომხეთთან პარტნიორობით ძალიან ამაყობს. აღსანიშნავია, რომ სომხეთში აქამდე აშშ-ის არცერთი მოქმედი პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი არ ჩასულა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სომხეთის სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში $9 მილიარდამდე ინვესტირების შესახებ გამოაცხადა. „ეს ნიშნავს 5 მილიარდ დოლარამდე საწყის ამერიკულ ექსპორტს, პლუს დამატებით, 4 მილიარდ დოლარს გრძელვადიანი მხარდაჭერის სახით საწვავისა და ტექნიკური მომსახურების კონტრაქტების მეშვეობით. ეს კლასიკური ორმხრივი მოგებაა როგორც სომხეთისთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს ნიშნავს უფრო ძლიერ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ჩემი ქვეყნისთვის და ასევე, ვფიქრობ, ნიშნავს უფრო ძლიერ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას სომხეთისთვის. ეს ასევე შექმნის უამრავ ახალ სამუშაო ადგილს შეერთებულ შტატებში. ეს ნიშნავს მცირე მოდულურ რეაქტორებს. ამერიკული ტექნოლოგია შემოვა ამ ქვეყანაში და კიდევ ერთხელ, ეს არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც ჩვენ საკმარისად თავდაჯერებულად ვგრძნობთ თავს, რომ ამ დონეზე ინვესტირება მოვახდინოთ, ამ ტიპის ტექნოლოგია გავაგზავნოთ. და ეს ხდება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობის წყალობით,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მანვე დაადასტურა 11 მილიონი დოლარის ღირებულების საგარეო სამხედრო გარიგება, რომელიც სომხეთის მიერ ამერიკული V-BAT დრონების ტექნოლოგიის შეძენას გულისხმობს. ვენსის თქმით, ეს გარიგება სამშვიდობო სტრატეგიის ნაწილია. „ჩვენ ახლა დავამტკიცეთ 11 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზვერვო დრონების ტექნოლოგიების მიყიდვა სომხეთისთვის, ჩვენი კარგი მეგობრისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ მშვიდობა მდგრადი იქნება, რაც მომავალში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და შემდგომ ინვესტიციებს ნიშნავს,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. შეთანხმების გამოცხადებას წინ უძღოდა ნიკოლ ფაშინიანისა და ჯეი დი ვენსის პირისპირ შეხვედრა. „სომხეთისთვის არამხოლოდ მშვიდობას, არამედ, სომხეთისა და აშშ-სთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას ვქმნით,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხსენებული შეთანხმება ახალ ეტაპს გახსნის სომხეთსა და აშშ-ს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის პროცესში და ხელს შეუწყობს სომხეთის ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციას უსაფრთხო და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე სომხეთში ინსტიტუციური რეფორმებისა და ამ სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. „ასევე, ხაზი გავუსვი „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განვითარების მიზნით სომხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მზადყოფნა გამოვთქვით, რომ სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების ხალხების საკეთილდღეოდ განვავითაროთ,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა აშშ-სგან V-BAT-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა. ფაშინიანმა განმარტა, რომ $11 მილიონიანი გარიგება აშშ-ის სავალდებულო სამხედრო გაყიდვების (Foreign Military Sales) პროგრამის ფარგლებში საფუძველს შეუქმნის მომავალში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. „მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება სომხეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო და თავდაცვის პარტნიორობის სფეროებშიც. უპილოტო საფრენი აპარატები ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. დღესვე, ვენსმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მოახლოებულ არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა. „ახლა კითხვა ისაა, როგორ დავეხმაროთ პრემიერ-მინისტრს, რათა იყოს კარგ მდგომარეობაში იმისთვის, რომ მომავალზე კონცენტრირდეს. მე ვიცი, რომ მას არჩევნები აქვს წინ. მე ამაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ თუკი ჩემი მხარდაჭერა რამეს ნიშნავს, მას აქვს ჩემი მხარდაჭერა,“ - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა. ჯერ უცნობია, თუ ვინ იქნება 2026 წლის არჩევნებში ნიკოლ ფაშინაინის კონკურენტი, თუმცა ოპოზიციის უმრავლესობა პრორუსულად არის განწყობილი. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფება, საიდანაც ხვალ, 10 თებერვალს აზერბაიჯანში, ბაქოში გაემგზავრება. უფრო ადრე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენსი ამ ქვეყნებში ჩადის, რათა „გააძლიეროს ამერიკის სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (პროექტი TRIPP-).“ აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკა გააძლიერებს: „სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან; მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესანიშნავ შეთანხმებას სომხეთთან; ნახევარგამტარების დიდი მწარმოებლებისთვის ამერიკის შეთანხმებებს; აშშ-ში დამზადებული თავდაცვის აღჭურვილობის, - ჯავშანჟილეტების, ნავებისა და ა.შ. - აზერბაიჯანში გაყიდვას.“
აშშ-მ და აზერბაიჯანმა “სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას” მოაწერეს ხელი
აშშ-მ და აზერბაიჯანმა “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას” მოაწერეს ხელი. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” ხელმოწერის ცერემონია ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. აშშ-ის მხრიდან ქარტიას ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევის თქმით, შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები „აბსოლუტურად ახალ ფაზაში შედის.“ „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვართ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის – ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი,“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ვენსის ვიზიტს ისტორიული უწოდა, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ კი, აზერბაიჯანის მეგობრად მოიხსენია. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განმარტა, რომ დღეს ხელმოწერილ ქარტიაში მოცემულია თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება. ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყნები განაგრძობენ მჭიდრო მუშაობას უსაფრთხოებასთან და ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი იწყებენ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, რაც „ძალიან პერსპექტიულია.“ აზერბაიჯანი და აშშ ასევე ითანამშრომლებენ ანტიტერორისტული ოპერაციების დროს. გარდ ამისა, ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი და შეერთებული შტატები თავდაცვითი აღჭურვილობის გაყიდვის მიმართულებით ახალ თავს ხსნიან. „ხელოვნური ინტელექტის ცენტრების შექმნა ასევე ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ნაწილია,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. აშშ-მ და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს ალიევის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონია ასახავს ექვსი თვის განმავლობაში ორი ქვეყნის გუნდების ნაყოფიერ მუშაობას. „ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ უკვე მშვიდობიან გარემოში ვცხოვრობთ. ვსწავლობთ მშვიდობაში ცხოვრებას და ძალიან მადლიერი ვართ შეერთებული შტატების მთავრობის ამ დიდი წვლილისთვის,“ – აღნიშნა ალიევმა. ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა არამხოლოდ მოხსნა ყველა შეზღუდვა სომხეთისკენ ტვირთების ტრანზიტზე, არამედ, დაიწყო ნავთობპროდუქტების მიწოდება სომხეთში, რითაც ფაქტობრივად წამოიწყო ვაჭრობა და თანამშრომლობა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი რეგიონში ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის განხორციელებაა. „ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი არამხოლოდ დააკავშირებს აზერბაიჯანის ორ ნაწილს, არამედ, იქნება ძალიან საიმედო, უსაფრთხო და მასშტაბური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც დააკავშირებს აზიას ევროპასთან აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის გავლით,“ – განაცხადა ალიევმა. ილჰამ ალიევმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან გამართულ მოლაპარაკებებს უკიდურესად პროდუქტიული უწოდა. მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი შედეგი - TRIPP-ის პროექტია. ეს პროექტი არამხოლოდ სომხეთს, არამედ, რეგიონის სხვა ქვეყნებსაც წაადგება. თავის მხრივ, ვენსის თქმით, აილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და დონალდ ტრამპმ მრავალწლიანი ომი დაასრულეს: „საბოლოოდ, რეგიონში მშვიდობაა. ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი მშვიდობის დამყარებაა.“ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვენსმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოში ერთადერთი ლიდერები არიან, რომლებსაც ნამდვილად კარგი ურთიერთობები აქვთ როგორც თურქეთთან, ასევე, ისრაელთან. ინფორმაციისთვის, სომხეთმა და აშშ-მ “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას” ხელი 2025 წლის იანვარში მოაწერეს.
ჯეი დი ვენსი: აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ავღანეთიდან გავიდა
აშშ-სა და აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-სა და აზერბაიჯანს “ხანგრძლივი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ.” აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” ხელმოწერის შემდეგ ვენსმა აღნიშნა, რომ „შეიძლება, ბევრმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ავღანეთიდან გავიდა.“ „ოპერაციები ჩავატარეთ რთულ პირობებში და მაშინ ჩვენი რეპუტაციის შენარჩუნება შევძელით,” - განაცხადა ვენსმა. „მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გასწიეს ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში. ისინი ავღანეთში აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად იბრძოდნენ და ყველაზე გამძლე და ქმედითი დანაყოფების რეპუტაცია დაიმსახურეს,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. აშშ-მ და აზერბაიჯანმა “სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას” მოაწერეს ხელი
ჯეი დი ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩადის: პოლ გობლის ანალიზი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთში დღეს, 9 თებერვალს ჩადის, რის შემდეგაც ის 10-11 თებერვალს აზერბაიჯანს ეწვევა. ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე კომენტირებისას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი, პირველ რიგში, ფართო რეგიონულ სურათზე საუბრობს. „აზერბაიჯანიც და სომხეთიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება აშშ-სთვის, არამხოლოდ იმიტომ, რომ ორივე დაშორდა მოსკოვს და მხარს უჭერენ TRIPP-ს, არამედ, იმიტომ, რომ ირანთან დაკავშირებული დაძაბულობა, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაზეც აისახება,“ - განმარტავს გობლი. გობლის შეფასებით, ვენსი ბაქოსა და ერევანში ჩადის „იმისათვის, რომ დაარწმუნოს ისინი აშშ-ის მხარდაჭაში. ის ხაზის უსვამს, რომ ვიზიტის განხორციელების დრო უფრო მეტად, ირანის პრობლემებით აიხსნება. „თუმცა ვანსმა იცის, რომ ამ ვიზიტით შეუძლია, პოლიტიკური სარგებელიც მიიღოს, განსაკუთრებით, სომხეთის თემის თვალსაზრისით [ამერიკაში არჩევნების კონტექსტში], რადგან სომხები ბევრ მნიშვნელოვან ოლქში ცხოვრობენ ამერიკაში,“ - აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი. ვიზიტთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხია, თუ რამდენად მზად არის ვაშინგტონი რეაგირებისთვის, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა დაიწყება. კონფლიქტის შემდგომ გარემოში დარღვევების შესახებ ურთიერთბრალდებები იშვიათი არ არის და არც სამხრეთ კავკასიაა ამ მხრივ გამონაკლისი. „ვაშინგტონი ნამდვილად აცნობიერებს, რომ სამხრეთ კავკასიაში თითოეული მხარე, სავარაუდოდ, მეორეს დაადანაშაულებს ტრამპის მიერ 2025 წლის აგვისტოში დადებული შეთანხმების დარღვევაში. მას სურს უზრუნველყოს, რომ ასეთი ბრალდებები ღია კონფლიქტში არ გადაიზარდოს,“ - განმარტავს გობლი. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ვენსის ვიზიტი და აღნიშნა, რომ ის მოიცავს „ღონისძიებებს, რომლებიც გააღრმავებს ვაშინგტონთან ურთიერთობებს და გახსნის თანამშრომლობის ახალ სფეროებს.“ სახელმწიფო დეპარტამენტმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში, ჯეიკობ ჰელბერგი, ვენსს თან ახლავს სომხეთსა და აზერბაიჯანში 9-11 თებერვლის ვიზიტების დროს. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას და „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის“ (TRIPP) ინიციატივის წინსვლას.“ ტრამპი: თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა
ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის საკითხთან დაკავშირებით, ჯეი დი ვენსი მისგან „ფილოსოფიურად ოდნავ განსხვავებულია“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი „ფილოსოფიურად ოდნავ განსხვავებულები“ არიან, როდესაც საქმე აშშ-სა და ირანს შორის ომს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ვიცე-პრეზიდენტთან ირანის წინააღმდეგ ქმედებებთან დაკავშირებით რაიმე უთანხმოება, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ასე არ ფიქრობს.“ „ამ საკითხში ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ვიტყოდი, რომ ის ფილოსოფიურად ჩემგან ოდნავ განსხვავებული იყო. ვფიქრობ, შესაძლოა, ნაკლებად ენთუზიაზმით იყო განწყობილი წინსვლის მიმართ, მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს ისეთი რამ იყო, რაც უნდა გაგვეკეთებინა. არ მიგრძვნია, რომ არჩევანი გვქონდა. ეს ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა, ამას ისინი გააკეთებდნენ,“ – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის ეს კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც „ეიბისი ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯეი დი ვენსმა, რომელიც, მედიის ცნობით, დიდწილად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის საზღვარგარეთ ინტერვენციას, ირანის წინააღმდეგ დარტყმებთან დაკავშირებით საკუთარი ეჭვები შიდა სივრცეში გამოხატა. როგორც „ეიბისი ნიუსი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, როგორც კი გაირკვა, რომ დარტყმების გაგრძელების გადაწყვეტილება მიღებული იყო, ვენსმა ყურადღება სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერაზე გადაიტანა.
უნგრეთის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ბუდაპეშტს ეწვია
უნგრეთის არჩევნების წინ, ვენსი ბუდაპეშტში ვიზიტის დროს ორბანს მხარდაჭერას უცხადებს და ევროკავშირს აკრიტიკებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში ჩავიდა, რათა კვირას დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარი დაუჭიროს. ჯეი დი ვენსს აეროპორტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო დახვდა. ორბანი იმედოვნებს, რომ ვენსის ვიზიტი საკმარის შთაბეჭდილებას მოახდენს გადაუწყვეტელ უნგრელ ამომრჩევლებზე. 12 აპრილის არჩევნები ორბანის თითქმის 40-წლიანი პოლიტიკური კარიერის ურთულეს გამოწვევად ითვლება. 2010 წლიდან მან ზედიზედ ოთხი არჩევნები მოიგო. დღევანდელი ვიზიტის შესახებ სიიარტომ განაცხადა, რომ "ეჭვგარეშეა, რომ ეს უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობების ოქროს ხანაა" და რომ 1991 წლის შემდეგ, ეს უნგრეთში აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის პირველი ვიზიტია და აშშ-ის უმაღლესი დონის ვიზიტი 2006 წელს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის შემდეგ. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. ასევე, ვენსი ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს 12 აპრილს დაგეგმილი არჩევნების წინ მხარდაჭერას გამოუცხადებს. „როგორც ვიცი, ერთ კვირაში უნგრეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრის ასარჩევად არჩევნები გაიმართება. რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მოუსმენს. ეს ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი არ არის. მაგრამ, მსურს სიგნალი გავუგზავნო ყველას, პირველ რიგში ბრიუსელში არსებულ ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელი ხალხი დაჩაგრონ, რადგან მათ არ მოსწონთ ლიდერი, რომელიც უნგრელ ხალხს იცავს,“ - განაცხადა ჯეი დი ვენსმა. მან რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით ვიქტორ ორბანის მიერ გაწეული სამუშაო შეაქო. ვენსის თქმით, ორბანი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ის ლიდერები არიან, რომლებიც ამ დამანგრეველი კონფლიქტის დასასრულებლად ყველაზე მეტს აკეთებენ.“ „თქვენი ლიდერობა მშვიდობის მიღწევისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და თქვენ გაცილებით კონსტრუქციული პარტნიორი ხართ, ვიდრე თითქმის ყველა სხვა ნებისმიერი მსოფლიოს სხვა წერტილში,“ - მიმართა ვენსმა ორბანს. კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა აშშ უნგრეთის სხვა მთავრობასთან, ვენსმა უპასუხა, რომ დიახ, თუმცა დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ვიქტორ ორბანი გაიმარჯვებს. ვენსის ვიზიტს გამოეხმაურა უნგრეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, Tisza-ს ლიდერი პეტერ მადიარი. "არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს უნგრეთის არჩევნებში. ეს ჩვენი ქვეყანაა. უნგრეთის ისტორია არ იწერება ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში - ის იწერება უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე. ხუთი დღე დარჩა!" - წერს მადიარი სოციალურ ქსელში. წინასწარი გამოკითხვებით, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz არჩევნებში ვერ იმარჯვებს. როგორც ცნობილია, ორბანის მთავრობა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევისა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრების მოწინააღმდეგეა. ტრამპმა ორბანს უნგრეთის პრემიერად ხელახლა არჩევისთვის მხარდაჭერა გამოუცხადა
ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არასდროს უთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი იყო ლიბანი. ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ისრაელი ლიბანთან დაკავშირებით შენელდება, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის პირობაა, არამედ - ისრაელის კეთილსინდისიერებით შეერთებული შტატების მიმართ, ასევე, ირანთან მოლაპარაკებების „წარმატების“ სურვილით. „შეხედეთ, თუ ირანს სურს, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალოს კონფლიქტში, ლიბანის გამო - რასაც მათთან არაფერი აქვს საერთო - შეერთებულ შტატებს არასდროს უთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი იყო, ეს საბოლოო ჯამში, მათი არჩევანია,“ - აღნიშნა ვენსმა. მისი შეფასებით, ირანთან „ლეგიტიმური გაუგებრობა“ მოხდა, რომელმაც, შეცდომით გაიგო, რომ ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში იქნებოდა. „ვფიქრობ, ირანელები ფიქრობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანსაც მოიცავდა და ეს ასე არ მოხდა. ჩვენ არასდროს მიგვიცია ეს დაპირება. ჩვენ არასდროს მიგვითითებია, რომ ასე მოხდებოდა,“ - აღნიშნა ვენსმა. "ჩვენ ვთქვით, რომ ცეცხლის შეწყვეტა ირანზე იქნებოდა ორიენტირებული, ის ამერიკის მოკავშირეებზე როგორც ისრაელზე, ასევე, სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებზე იქნებოდა ორიენტირებული,“ - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, აშშ არ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუ ირანი არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, დარჩენილ მიზნებს ისრაელი ან შეთანხმების მეშვეობით ან ომის განახლებით მიაღწევს. "ჰეზბოლას გამო. შეთანხმება მათ არ მოიცავს. ესეც მოგვარდება. ყველაფერი რიგზეა," - თქვა თავის მხრივ, ტრამპმა. "ეს შეთანხმების ნაწილია, ყველამ იცის ეს. ეს განცალკევებული დაპირისპირებაა." - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიესალმება თუ არა ისრაელის იერიშებს.
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა
BBC შეჯამება: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები „დაბლოკავს ყველა გემს“, რომელიც შეეცდება ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან გასვლას - საუბარია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ირანს არ სურს, უარი თქვას თავის ბირთვულ ამბიციებზე.“ ირანის დელეგაციის ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-მ ვერ მოიპოვა თეირანის ნდობა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების დროს. ამასობაში, ისრაელი და ლიბანი მომავალ კვირას ვაშინგტონში საკუთარ მოლაპარაკებებს გამართავენ. ქვეყნის სამხრეთში ისრაელის თავდასხმები გრძელდება. ისლამაბადში, აშშ-ისა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია, ჩაეყარა თუ არა რაიმე სახის საფუძველი მოლაპარაკებების გაგრძელებას, ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილ პერიოდში - ასევე რამდენად მზად იქნება თითოეული მხარე დათმობებზე წასასვლელად, რათა უზრუნველყოს შეთანხმება, რომელიც ორივე მხარის, ასევე, დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებში იქნება. შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ისლამაბადში, პაკისტანის შუამავლობით, ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს. მხარეების განცხადებით, 21-საათიანი მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა. „უკვე 21 საათია ამ საკითხზე ვმუშაობთ და ირანელებთან არაერთი არსებითი განხილვა გვქონდა - ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, რომ ეს ირანისთვის ბევრად უფრო ცუდი ამბავია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასე რომ, ვბრუნდებით შეერთებულ შტატებში შეთანხმების მიღწევის გარეშე,“ - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მა „საბოლოო და საუკეთესო შეთავაზება“ წარადგინა, ირანელმა მომლაპარაკებლებმა უარი თქვეს აშშ-ის შეთანხმების პირობების მიღებაზე, რომლებიც, ვენსის მტკიცებით „საკმაოდ მოქნილი“ იყო. „ჩვენ საკმაოდ დამთმობები ვიყავით. პრეზიდენტმა გვითხრა: „თქვენ აქ კეთილი ნებით უნდა მოხვიდეთ და ყველაფერი გააკეთოთ შეთანხმების მისაღწევად“. ჩვენ ეს გავაკეთეთ და სამწუხაროდ, ვერ შევძელით რაიმე პროგრესის მიღწევა,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მუდმივ კონტაქტზე იყო. „ცხადია, პრეზიდენტს მუდმივად ვესაუბრებოდით. არ ვიცი, რამდენჯერ ვესაუბრეთ მას, ექვსჯერ თუ 12-ჯერ ბოლო 21 საათის განმავლობაში,“ - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს. მოლაპარაკებების განმავლობაში ის ასევე ესაუბრა აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეთს, ფინანსთა მინისტრს სკოტ ბესენტს და აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურს, ადმირალ ბრედ კუპერს. „ჩვენ მუდმივად ვურთიერთობდით გუნდთან, რადგან კეთილი ნებით ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს,“ - განაცხადა ვენსმა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ირანმა არ აიღო ვალდებულება, რომ უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის გეგმაზე. კერძოდ, კითხვას, რა პირობები უარყო ირანმა მოლაპარაკებების დროს, ჯეი დი ვენსმა განაცხადა: „მარტივი ფაქტია, რომ ჩვენ გვჭირდება დადებითი ვალდებულება, რომ ისინი არ შეეცდებიან ბირთვული იარაღის შექმნას და არ შეეცდებიან ჰქონდეთ ინსტრუმენტები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, სწრაფად მიაღწიონ ბირთვულ იარაღს. კითხვა ასეთია: ვხედავთ თუ არა, რომ ირანელები იღებენ ფუნდამენტურ ვალდებულებას, არ შეიმუშაონ ბირთვული იარაღი არა მხოლოდ ახლა, არა მხოლოდ ორი წლის შემდეგ, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში? ჩვენ ეს ჯერ არ გვინახავს, იმედი გვაქვს, რომ ვნახავთ,“ - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა. დღესვე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დაწყების შესახებ გამოაცხადა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ბლოკადა მალე დაიწყება და მას სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. ტრამპის თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები „დაიწყებენ ყველა გემის ბლოკირებას“, რომელიც ცდილობს ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას. ტრამპმა ასევე დაავალა სამხედრო-საზღვაო ძალებს, გამოავლინონ და დააკავონ საერთაშორისო წყლებში გემები, რომლებმაც ირანს გადასახადი გადაუხადეს სრუტეში გავლისთვის. „შემეძლო, დეტალურად მესაუბრა და ბევრ რამეზე მესაუბრა, რაც მიღწეულია, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - ირანს არ სურს, უარი თქვას თავის ბირთვულ ამბიციებზე! ბევრი თვალსაზრისით, შეთანხმებული პუნქტები უკეთესია, ვიდრე ჩვენი სამხედრო ოპერაციების ბოლომდე გაგრძელება, მაგრამ ყველა ეს პუნქტი არაფერს ნიშნავს იმასთან შედარებით, რომ ბირთვული ენერგია ასეთი არასტაბილური, რთული და არაპროგნოზირებადი ადამიანების ხელში აღმოჩნდეს. ჩემი სამი წარმომადგენელი, მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან მეგობრულად და პატივისცემით განეწყო ირანის წარმომადგენლების — მოჰამედ-ბაღერ ღალიბაფის, აბას არაღჩისა და ალი ბაღერის მიმართ, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი სრულიად შეუვალები იყვნენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე. როგორც ყოველთვის ვამბობდი, თავიდანვე და მრავალი წლის განმავლობაში — ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!”- წერს ტრამპი. ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი, რომელიც პაკისტანის მოლაპარაკებებში თეირანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ ახლა დროა, აშშ-მ „გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა თეირანის ნდობის მოპოვება.“ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ღალიბაფი ამბობს, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე მან ხაზი გაუსვა, რომ ირანს ჰქონდა „კეთილი რწმენა და ნება“, მაგრამ წინა ორი ომის გამოცდილების გამო, მას „არ ჰქონდა ნდობა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ.“როგორც ღალიბაფი აღნიშნავს, მოლაპარაკებები „ინტენსიური“ იყო და მადლობას უხდის პაკისტანს მათი ხელშეწყობისთვის. ის ამბობს, რომ ირანის დელეგაციამ „წარადგინა მომავალზე ორიენტირებული ინიციატივები, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარემ საბოლოოდ ვერ მოიპოვა ირანის დელეგაციის ნდობა მოლაპარაკებების ამ რაუნდში.“ „ჩვენ ერთი წამითაც არ შევწყვეტთ ჩვენს ძალისხმევას ირანის ეროვნული თავდაცვის მიღწევების კონსოლიდაციისთვის.“ თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს შეთანხმების მიღწევა ერთ სესიაზე იქნებოდა შესაძლებელი. თეირანი „დარწმუნებულია, რომ მათსა და პაკისტანს, ასევე, რეგიონში „სხვა მეგობრებს შორის“ კონტაქტები გაგრძელდება.“ ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობდა დელეგაციას, რომელშიც შედიოდნენ პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი. აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ასევე დაესწრნენ ვენსის მთავარი მრჩევლები - ენდრიუ ბეიკერი (მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) და მაიკლ ვენსი (სპეციალური მრჩეველი აზიის საკითხებში). ირანის დელეგაციაში 71 ადამიანი შედიოდა, მათ შორის იყვნენ მომლაპარაკებლები, ექსპერტები და მედიისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები. მოლაპარაკებების შუამავალი ქვეყნის, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისჰაკ დარიმ განაცხადა, რომ ირანს და აშშ-ს სჭირდებათ პოზიტიური განწყობის შენარჩუნება, რათა მიაღწიონ რეგიონში მდგრად მშვიდობასა და სტაბილურობას. მისი თქმით, პაკისტანი მომდევნო დღეებში განაგრძობს ორი ქვეყნის ჩართულობისა და დიალოგის ხელშეწყობას. შეგახსენებთ, 8 აპრილს, აშშ და ირანი ორკვირიან ზავზე შეთანხმდნენ.