თეგი: ჯიმ ო’ბრაიენი
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სანქციების გვერდის ავლაზე ო’ბრაიენის ნათქვამი, მედიის მიერ არის ინტერპრეტირებული
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და „ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების მხრიდან საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში - ამ შემთხვევაში, გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოყვანილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადება“. „სამწუხაროა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება კვლავ ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის მიერ ხდება ბ-ნ ჯიმ ო’ბრაიანის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია. საინტერესოა, რომ Politico პუბლიკაციის საფუძვლად იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის მიერ 7-8 ივნისს, სართაშორისო ანალიტიკური ცენტრის - საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე https://www.youtube.com/watch?v=Z-jdOX42Cow ღია დისკუსიის დროს გამართულ დიალოგს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათი შესრულების მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებს და აშშ-ის და ევროკავშირის თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიზნით. დისკუსიისას წამოჭრილ საკითხზე, თუ რომელ ქვეყნებთან მიდის მუშაობა სანქციების ეფექტურობის გაზრდის მიზნით და რამდენად წარმატებულად ახერხებს აშშ და ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის პრევენციას, საქართველო ნახსენები იყო არა როგორც ქვეყანა, სადაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, არამედ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია. სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის აქტიური და ქმედითი თანამშრომლობის გათვალისწინებით, მიუხედავად ზემოხსენებული მედია საშუალებებისა და ცალკეული პოლიტიკოსების ინტერპრეტაციისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ სანქციების გვერდის ავლის მიზეზად საქართველოს მოაზრება არ ასახავს არც შეერთებული შტატების პოზიციას და არც ჩვენი თანამშრომლობის ხასიათს ამ მიმართულებით. საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის თქმით, საქართველო 5 ქვეყანას შორის ერთ-ერთია, რომელიც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას იწვევს - Politico
სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ სახელმწიფოს შორის, რომელიც (რუსეთის წინააღმდეგ, რედ.) სანქციების გვერდის ავლის პრობლემას იწვევს. Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ო’ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა. კითხვას, რომელი ქვეყნები ქმნიან სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას, ო’ბრაიენმა უპასუხა, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა განსაკუთრებით ხუთი ქვეყანა, რომლებიც იწვევენ სანქციების გვერდის ავლის პრობლემას. ესენი არიან: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტით, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზების საბოლოოდ ჩაკეტვას გეგმავს. ევროკავშირის სანქციები შესაძლოა, მოიცავდეს კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ მიკროჩიპებს, ნახევარგამტარებსა და სხვა ელექტრონიკას. ევროკავშირი შიშობს, რომ ასეთი ფირმების პროდუქცია შეიძლება, იარაღის წარმოებისთვის გამოიყენონ. სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, ერთი თვის წინ განაცხადა, რომ „ქართველი ბიზნესმენები „რულეტს თამაშობენ“ რუსეთში ელექტრონიკის გაგზავნით, რომელიც ექვემდებარება ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციებს“. ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ ბიზნესის მფლობელები შეიძლება გახდნენ სანქციების დამრღვევები, ამიტომ ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ და თავიდან აიცილონ ასეთი სახის ვაჭრობა. „კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტრონული საქონელი რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება, ჩანდეს, როგორც კარგი ბიზნეს შესაძლებლობა ამ ქვეყნებში ვინმესთვის. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ როგორც ჩვენ განვმარტავთ, ამ საქონლის ნაწილი შესაძლოა ბრძოლის ველზე აღმოჩნდეს“, - აღნიშნა ო’ბრაიენმა. ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ საქართველო „ძალიან გულმოდგინედ ასრულებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს“, მაგრამ აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების შემოღების შემდეგ ელექტრონიკის მიწოდებაზე „ჩვენ ვხედავთ ელექტრონული საქონლის ტრანზიტის ზრდას საქართველოს გავლით რუსეთისკენ“. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სანქციების გვერდის ავლით რუსეთის ფედერაციისთვის ელექტრონიკის მიწოდების ბრალდებას უარყოფს. განახლება რადიო თავისუფლების თანახმად: Politico-ს ცნობა შეეხებოდა ჯიმ ო’ბრაიენის გამოსვლას ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე. ო’ბრაიენი 7 ივნისს, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის, „საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს“ (ECFR) ორგანიზებულ დისკუსიაზე იმყოფებოდა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: კარლ ბილდტი, ECFR-ის თავმჯდომარე და შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იოვიტა ნელიუპსიენე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არანჩა გონსალესი, პარიზის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი ჯიმ ო’ბრაიენი - სანქციების კოორდინატორი დისკუსია, სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათი შესრულების მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებს. ასევე, აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან სანქციების გვერდის ავლის პრევენციის მიზნით. ო’ბრაიენის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლა „პრობლემაა, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ ექსპორტის კონტროლისა და სანქციების დამსახურებით, რუსეთის უნარი, აწარმოოს იარაღი, მნიშვნელოვნად არის დაზიანებული“. „ვიცით, რომ [სანქციების გვერდის ავლა] სერიოზული პრობლემაა. ამიტომ დავდივარ ყაზახეთში, ამიტომ დავდივარ საქართველოში, სომხეთში, სხვა ადგილებში… გვყავს ჯგუფი, რომელიც თურქეთში დადის და ა.შ.“, - განაცხადა მან. როგორ უმკლავდებიან ამ გამოწვევას? ჯიმ ო’ბრაიენმა განმარტა, როგორ მიუდგა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ პრობლემას: „პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ამ ნივთების ექსპორტი თავად უნდა შეგვეწყვიტა. რადგან ეს ვაჭრობა, - იმის გამო, რომ ტექნიკურად ორმაგი დანიშნულების ტვირთი იყო, - ლეგალური იყო. ასე რომ, მაგალითად, ყაზახეთში მისი გაგზავნა ლეგალური იყო“, - განაცხადა მან. მისი განმარტებითვე, პირველად ევროკავშირმა დააწესა ამ მიმართულებით შეზღუდვები, რასაც დიდი შვიდეულის ქვეყნები თებერვალში მიჰყვნენ. „და ახლა უკანონოა ამ ნივთების გაგზავნა, თუკი ვფიქრობთ, რომ რუსეთის სასარგებლოდ იყენებენ მათ. ვაჭრობის შესახებ მონაცემები ოდნავ აგვიანებს ხოლმე, მაგრამ ვხედავთ, რომ რიცხვები მცირდება“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. „მეორე მხარეა ურთიერთობა იმ საკვანძო ქვეყნებთან, რომლებსაც იმპორტისთვის იყენებენ. მეორე მხარეა, მივიდეთ მათთან და ვუთხრათ: "ხომ იცით, რომ თქვენ ფულს ძირითადად შოულობთ ევროპასთან, ამერიკასთან, იაპონიასთან ურთიერთობით. და რატომ აყენებთ ამას რისკის ქვეშ რამდენიმე პარტიის გადაზიდვის გამო?" ამის გაკეთების შემდეგ ვნახეთ, რომ: თურქეთმა დაუყოვნებლივ დააწესა შეზღუდვები, და თქვა, რომ რეექსპორტს არ დაუშვებდა; ყაზახეთმა შეიმუშავა პროცედურების ახალი პაკეტი, და ვხედავთ, რომ [რუსეთთან აღნიშნული საქონლით ვაჭრობის] რიცხვები მცირდება; UAE მზადაა, იმოქმედოს, როდესაც კონკრეტული ინფორმაციით ვუპირისპირდებით; და სხვა რამდენიმე ქვეყანაც იწყებს ამ პროცედურების დანერგვას; ასე რომ, იმედია, ეს რიცხვები შემცირდება“, - განაცხადა ჯიმ ო'ბრაიენმა. ო’ბრაიენის თქმით, ამ შეზღუდვების შედეგი არის ის, რომ „რუსეთი აღარ არის ცენტრალურ აზიაში ეკონომიკის ცენტრი“.
აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი 27 ივნისს თბილისს ეწვევა, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში დღეს, 26 ივნისს ჩამოვიდა. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ორდღიანი ვიზიტით, თბილისში დღეს ჩამოდის
ჯიმ ო’ბრაიენი: ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, საქართველოში პოლარიზაცია არ არსებობს
სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ევროინტეგრაცია არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც, საქართველოში პოლარიზაცია არ არსებობს. „მიმდინარე კვირაში, სამოქალაქო საზოგადოების ქართველ აქტივისტთა ჯგუფს შევხვდი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია. ისინი განასახიერებენ ქართველი ხალხის ერთგულებას [ევროპული მომავლის მიმართ]. ქართველი ხალხის 90%-ზე მეტი ამბობს, რომ სურს ევროპის ნაწილი იყოს. ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით, პოლარიზაცია არ არსებობს.“ სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ, სანქციების კოორდინაციის ოფისის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სახელმწიფო დეპარტამენტში იმ ბიუროს ჩაიბარებს, რომელიც ევროპისა და ევრაზიის მიმართ, შესაბამისად საქართველოს მიმართ, შეერთებული შტატების პოლიტიკას იმუშავებს და ახორციელებს. ბიურო მხარს უჭერს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, NATO, ევროკავშირთან და სხვა რეგიონულ ორგანიზაციებთან კოორდინაცია, დემოკრატიის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება.
ჯიმ ო’ბრაიენი: აშშ გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს სრულად ვუჭერთ,“ - წერს ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე. შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ ჩატარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. როგორც ცნობილია, საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.