თეგი: ჯოზეფ ობრელი
ევროკავშირი ნავალნის სახელობის ადამიანის უფლებათა სასანქციო რეჟიმის ამოქმედებას განიხილავს
„ამ დღეებში რუსეთის ქუჩებში ბევრი ადამიანი გამოვიდა, რეპრესიების მიუხედავად, ბევრი მათგანი დააკავეს. ჩვენ უნდა გავიგზავნოთ მხარდაჭერის გზავნილი რუსეთის ოპოზიციას,“ - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და ასევე, რუსი ხალხის მიმართ მხარდაჭერა, რომელსაც თავისუფლებაში ცხოვრება სურს. ნავალნის მიმართ პატივსაცემის გამოსახატად და მისი ხსოვნის პატივსაცემად, შევთავაზებთ მინისტრებს, გლობალური ადამიანის უფლებათა სასანქციო რეჟიმი მისი სახელობის გავხადოთ და მას ვუწოდოთ ნავალნის სახელობის ადამიანის უფლებათა სასანქციო რეჟიმი, რათა მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწეროს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის საქმიანობაში,“ - აღნიშნა ბორელმა. ბორელის თქმით, წევრი სახელმწიფოები აუცილებლად წარადგენენ სანქციებს ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, საბოლოოდ კი, თავად პუტინია. მისივე განმარტებით, მინისტერიალს ესწრება ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია. „შეგვიძლია, რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემის ინსტიტუციურ სტრუქტურამდე ჩავიდეთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, ვინ არის ნამდვილი პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე”, - აღნიშნა ბორელმა. ევროკავშირი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სასანქციო რეჟიმი 2020 წლის 7 დეკემბერს შეიქმნა. სასანქციო სიაში ხვდებიან ფიზიკური პირები, სუბიექტები და კომპანიები, მათ შორის სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც პასუხისმგებელნი, ჩართულნი ან დაკავშირებულნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებთან მსოფლიოში.