თეგი: ჯონ ბასი
ჯონ ბასი: საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. ბასი ამის შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „საქართველოს მთავრობას ქვეყანა გადაჰყავს ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც ქართველ ხალხს სურს. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან, მხარი დაუჭიროს ხალხის მისწრაფებებს და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ცნობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების შესახებ. აშშ ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის გვერდით,“ - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასი, რომელიც 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოვიდა. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა. 13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი). „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ჯონ ბასი: როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა
დღეს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი X-ზე წერს. „როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა. ჩვენ, შეერთებული შტატები, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი,“ - აცხადებს ჯონ ბასი, რომელიც 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის განსაზღვრული. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
ჯონ ბასი: საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს წევრობის ვალდებულებები
Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონ ბასმა განაცხადა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც თან სდევს წევრობას. 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე ალიანსის სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დადასტურდა 2009, 2010 და 2012 წლების სამიტებზე. 2009 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას არაერთხელ მოგვისმენია თქვენი კომენტარები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. როგორ შეესაბამება თქვენი ადრინდელი ვარაუდები/მოლოდინები ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის დღევანდელ დინამიკასა და პროცესს? ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ჯონ ბასს. “დასაწყისისთვის ვიტყოდი, რომ ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოში დრო დავყავით ან ვმუშაობდით ქართველებთან, განსაკუთრებით, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, როდესაც რუსეთი კვლავ ცდილობდა, ეკარნახა, როგორ უნდა ეცხოვრა მეზობელ ქვეყანას და ჰქონდეს თუ არა ამ ქვეყანას თავისუფალი არჩევანი, თავისი უსაფრთხოების დასაცავად იურთიერთოს, ამ შემთხვევაში NATO-სთან - ძალიან შემაშფოთებელია ევოლუციის დანახვა ბოლო წლებში, და განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის ბოლო თვეებში. თუ ვინმე პირდაპირ იკითხავს, თუ როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი - ამაზე პასუხი არის ის, რომ საქართველო გახდება წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც თან სდევს წევრობას, მათ შორის, დაიცვას პრინციპები, დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური პრინციპების ჩათვლით, რომ ხალხი თავისუფალია, აირჩიოს საკუთარი ლიდერები. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც მე ვიყავი ელჩი საქართველოში, ჩვენ არ გვინახავს საქართველოს პროგრესი ამ მიზნებისკენ. სამწუხაროდ, ბევრი უკუსვლა ვნახეთ,“ - აღნიშნა ბასმა საერთაშორისო და ქართული მედიისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე. „როგორც აშშ-ის ელჩისთვის, რომელიც ბევრს მუშაობდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოფილიყო პირობები, რათა "ქართული ოცნებისთვის" სამართლიანი კონკურენცია ყოფილიყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ღრმად შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ იგივე ჯგუფი ახლა ანადგურებს დემოკრატიული მმართველობისა და საზოგადოების საფუძვლებს. და ბოლოს, ვიტყოდი, რომ ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის დანახვა, რომ მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებების მძევალია,“ - განაცხადა ჯონ ბასმა. ჯონ ბასი 2009-2012 წლებში, საქართველოში ამერიკის ელჩი იყო. ის აშშ-ის სენატმა 2021 წლის 17 დეკემბერს დაამტკიცა მენეჯმენტის საკითხებში მდივნის მოადგილედ. სახელმწიფო მდივანმა კი, 2024 წლის 23 მარტს დანიშნა ჯონ ბასი პოლიტიკურ საკითხებში მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. აშშ საქართველოს NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებაზე მიიწვევს NATO-ს ურთიერთობები საქართველოსთან
ჯონ ბასი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი, მათ შორის, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გზით
პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონ ბასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი, მათ შორის, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გზით. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ პლატფორმა X-ზე, 10 ივლისს განათავსა. ჯონ ბასის თქმით, „საქართველოს ევროპული მომავალი დამოკიდებულია ხალხის შესაძლებლობაზე, ილაპარაკონ თავისუფლად, შეიკრიბონ მშვიდობიანად და აირჩიონ თავიანთი ლიდერები.“ NATO-ს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ჯონ ბასს 10 ივლისს შეხვდა. აღნიშნულს დარჩიაშვილი სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა. „ძალიან საინტერესო აზრთა მიმოცვლა მქონდა ჯონ ბასთან. ვინაიდან ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებები და პრინციპები აქვთ, მე ხაზი გავუსვი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ და გამოვთქვი მზადყოფნა ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერებისთვის," - წერდა დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე. 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“