თეგი: ჯონ შაჰინი
კონგრესში ინიცირებული საკანონმდებლო აქტი საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას ითვალისწინებს
აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი - ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი - იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავებას ავალებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის კონგრესში ინიცირებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ. კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, დოკუმენტი ეხმაურება უკრაინაში, საქართველოსა ან რუმინეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონალური ოფისის გახსნას. სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების აქტი შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებასაც ეხმაურება. კერძოდ, აქცენტი რეგიონში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის, რუსეთის ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებისა და რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ზრდის აუცილებლობაზე კეთდება. დოკუმენტში საუბარია მოკავშირეებთან ერთად გრძელვადიანი უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც აღმოსავლეთ ფლანგზე მათი მუდმივ და მდგრად ყოფნას უზრუნველყოფს. კანონპროექტი ასევე ეხმაურება და მხარს უჭერს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 3 ზღვის ინიციატივას, რომელიც ადრიატიკის, ბალტიისა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დაკავშირებულობის სტიმულირებას ემსახურება. აღნიშნული კანონპროექტის თანა-სპონსორები არიან აშშ-ის სენატორები ტომ თილისი (რესპუბლიკელი - ჩრდილოეთ კაროლინი ), ქრის ქუნსი (დემოკრატი - დელავერი), სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი - მისისიპი) და სენატორი ბენ კარდინი (დემოკრატი - მერილენდი).
ჯინ შაჰინი: ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც მათი ქვეყნის 20%-ს აკონტროლებს
ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე საუბრისას ამბობს, რომ ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც მათი ქვეყნის 20%-ს აკონტროლებს. „ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და ინარჩუნებს კონტროლს მათი ქვეყნის 20%-ზე. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს“, - წერს ამერიკელი სენატორი Twitter-ზე.
სენატორი შაჰინი: შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს: „შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული ტიპის "უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის" მიღების გამო, რომელიც უგულებელყოფს ქართველი ხალხის სურვილებს, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და ზიანს აყენებს საქართველოში დემოკრატიის წინსვლას.“
შაჰინი: ის რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას გონიერებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, საპასუხო ზომების გარეშე არ დარჩება. „გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ [საქართველოს] ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს, მათ “ქართულ ოცნებას”, რომ მათ ქმედებას შედეგები მოჰყვება,”- ამბობს სენატორი შაჰინი და აქვე განმარტავს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ფარგლებში, საქართველოში არასამთავრობო სექტორის მუშაობა, ასევე ამერიკული “ენ-დი-აის” (NDI) და “აი-არ-აის” (IRI) მუშაობა შეუძლებელი გახდება. “ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, ჩვენივე ეროვნულ დემოკრატიულ ინსიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, რომლებმაც ასეთი კარგი საქმე გააკეთეს საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ამ კანონის ფარგლებში, ისინი ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. ასე რომ, [ჩვენ მიერ წარდგენილი კანონპროექტით] დაწესდება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კანონის მიღებაში,” - აღნიშნავს ჯინ შაჰინი. სენატორი დემოკრატიული პარტიიდან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ასევე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯები გავლენას მოახდენს ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზეც. „როგორც იცით, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი სამხედრო ურთიერთობა, მას შემდეგ რაც [საქართველომ] დამოუკიდებლობა მოიპოვა. გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის ამ სამხედრო ურთიერთობებზეც. მართალია, ეს [ჩვენი] საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეა წარდგენილი, თუმცა ის ასევე აისახა თავდაცვის კანონპროექტზე, რომელიც ახლახან გავიდა შეიარაღებული ძალების კომიტეტში," - ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი. დემოკრატი სენატორი აქვე განმარტავს, რომ ვაშინგტონის საპასუხო ზომებს ოფიციალური თბილისი უახლოეს პერიოდში იგრძნობს და ეს არ იქნება კარგი “საქართველოს ლიდერებისთვის.” „იმედი გვაქვს, ეს ძალიან, ძალიან ძლიერი გზავნილი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დადგება შედეგები იმის საპასუხოდ, რასაც ისინი აკეთებენ. ეს გავლენას მოახდენს დახმარებაზე, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებიდან და ისეთ გავლენას იქონიებს ურთიერთობებზე, რაც [საქართველოს] ლიდერებისთვის სასარგებლო არ იქნება, მითუმეტეს, როცა მათი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას თვალი დასავლეთისკენ უჭირავს, სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, იყურება NATO-სკენ და ძალზე დადებითადაა განწყობილი შეერთებული შტატების მიმართ,“ - ამბობს სენატორი. ჯინ შაჰინი იმ საკანონმდებლო ინიციატივის სპონსორია, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ყველა იმ ინდივიდუალური პირის მიმართ, რომელთა მიერ გადადგმული ნაბიჯები, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზას აშორებს. საკანონმდებლო ინიციატივას სახელწოდებით - „ქართველი ხალხის“ აქტი, ამ დროისთვის ექვსი სენატორი აწერს ხელს. მათ შორის არიან: სენატორი ჯიმ რიში რესპუბლიკური პარტიიდან; სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიული პარტიის წევრი ბენ კარდინი; სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან პიტ რიკეტსი; სენატორი ლინდსი გრემი რესპუბლიკური პარტიიდან; სენატორი კრის კუნსი დემოკრატიული პარტიიდან და სენატორი რიჩარდ დურბილი დემოკრატიული პარტიიდან. მეთიუ მილერი: სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის