თეგი: ჯორჯია მელონი
იტალია ყოველთვის უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით იქნება - ჯორჯია მელონი
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაარწმუნა, რომ იტალია ყოველთვის იქნება უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „დიდი მადლობა, ვოლოდიმირ ზელენსკი. იტალია არის და ყოველთვის იქნება უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით, რომელიც იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის. თქვენ მარტო არ ხართ!“, - აღნიშნა მელონიმ. 22 ოქტომბერს იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა ფიცი დადო.
იტალიის პრემიერ-მინისტრი: ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად
ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი Twitter-ზე წერს. იტალიის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად „იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვვისთვის ვუხდი მადლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და თქვენი ერის მიერ არჩეულ ხაზზე დახმარების აღმოსაჩენად", - წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი. მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯორჯია მელონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს. „იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ ჯიორჯია მელონის. მოუთმენლად ველი საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს”, - წერს პრემიერ-მინისტრი. 22 ოქტომბერს იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა ფიცი დადო.
ვინ არის იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი
მის მიერ შექმნილი პარტიის სათავეში სწრაფად მოვიდა, თუმცა ჯორჯია მელონი - პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერი და იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკურად აქტიური ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდიდან იყო. აქტივისტი ჯორჯია მელონი მაშინ რომში, ნეოფაშისტური პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდა. ახლა, 45 წლის ასაკში ის იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თავის პარტიას, მისი გამოცდილება მხოლოდ ბერლუსკონის მთავრობაში, 2008-11 წლებში, ყველაზე ახალგაზრდა მინისტრად მუშაობით შემოიფარგლა. ფოტო: 2008 წელს მელონი გახდა იტალიის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი სილვიო ბერლუსკონის მთავრობაში მისმა პარტიამ 2022 წლის სექტემბრის არჩევნებში ხმების 26%-ით გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლით ადრე მას მხოლოდ 4.3% ჰქონდა მიღებული. „იტალიელებმა მკაფიო გზავნილი გაგზავნეს მემარჯვენე მთავრობის სასარგებლოდ, რომელსაც „იტალიის ძმები“ ხელმძღვანელობენ“, - განაცხადა ჯორჯია მელონიმ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ულტრამემარჯვენე „ლეგიდან“ მის პარტნიორებთან ერთად და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტებთან ერთად, მას ახლა აქვს ძლიერი უმრავლესობა, რომელიც მის პროგრამას წარმართავს. ახალი პრემიერ-მინისტრი ცდილობდა, დაერწმუნებინა იტალიის მოკავშირეები NATO-შიც და ევროკავშირშიც, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულება არ შეიცვლება. ეს მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან მატეო სალვინი და სილვიო ბერლუსკონი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ძლიერი თაყვანისმცემლები“ იყვნენ. ამასთანავე, იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მისი წინამორბედის პოლიტიკას არ შეცვლის. ჯორჯია მელონი წარმოშობით რომის რაიონის ქალაქ გარბატელადან არის, თუმცა აქ არც ისე ადვილია „იტალიის ძმების“ ამომრჩევლის პოვნა. 1996 წელს, 19 წლის ასაკში მელონი ფილმში გადაიღეს, როგორც პარტიის აქტივისტი.„ვფიქრობ, მუსოლინი კარგი პოლიტიკოსი იყო. ყველაფერი, რასაც აკეთებდა, აკეთებდა იტალიისთვის. და, ჩვენ ასეთი პოლიტიკოსები არ გვყოლია ბოლო 50 წლის განმავლობაში", - განუცხადა მელონიმ ფრანგულ ტელევიზიას. ნამუშევარს დედის, ანა პარატორეს კლიპიც ახლდა თან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დედა არ ცდილობდა საკუთარი ულტრამემარჯვენე შეხედულებების გავრცელებას მის ქალიშვილზე. მოგვიანებით, მელონი სათავეში ჩაუდგა მოძრაობის - „ნაციონალური ალიანსის“ სტუდენტურ ფილიალს.მელონის მტკიცედ სჯერა, რომ პარტიას, რომელიც მან 2012 წელს ჩამოაყალიბა, ფაშიზმთან კავშირი არ აქვს, მაგრამ მის ზოგიერთ წევრს, როგორც ჩანს, მუსოლინისადმი სიმპათიები დღემდე შემორჩა და ასევე ინარჩუნებს სამფეროვანი ცეცხლის ძველ ლოგოს, რომელზეც ხშირად მიიჩნევენ, რომ მუსოლინის საფლავზე გაჩენილ ცეცხლს წარმოადგენს. ამჟამად, მისი კოალიცია ერთიანი ჩანს, მაგრამ ეს ერთობა შეიძლება, არ გაგრძელდეს. 25 სექტემბრის არჩევნებში, ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობდა კოალიციას, რომელშიც სილვიო ბერლუსკონის „ფორცა იტალია“ და მატეო სალვინის „ლეგა“ შედიან. Forza Italia შეიძლება, უხერხული მოკავშირეც გახდეს, ვეტერან ყოფილ პრემიერ-მინისტრთან სილვიო ბერლუსკონისთან ერთად, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე „მსახიობი“, რომელიც მცირე ხნით დგას სცენაზე და ძალიან ცოტას ან საერთოდ არაფერს ამბობს. ბერლუსკონის სენატში სურდა თავისი მთავარი თანაშემწის, ლიცია რონზულის ხილვა, თუმცა „იტალიის ძმების„ ლიდერმა მას უარი უთხრა. ამ ორ ქალბატონს დიდ მტრებად მოიხსენიებენ რაც სამომავლოდ, კარგი არ არის. მომზადებულია BBC-ს მიხედვით
ცნობილია, რა საკითხები განიხილეს მელონმა და მაკრონმა პირველი შეხვედრისას
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირველი შეხვედრისას, რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ვინ არის იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მელონმა და მაკრონმა ასევე ევროპის აქტუალური საკითხები, (კერძოდ, ენერგეტიკული ფასების ზრდაზე სწრაფი და ერთობლივი რეაგირების აუცილებლობა, უკრაინის მხარდაჭერა და მიგრანტების ნაკადების მართვა) განიხილეს. თავის მხრივ, მაკრონმა, რომელიც ახლა ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს თანამშრომლობა „დიალოგითა და ამბიციით“. საფრანგეთის პრეზიდენტმა კვირას, რომში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. საფრანგეთის პრეზიდენტი პაპ ფრანცისკეს ორშაბათს, 24 ოქტომბერს შეხვდება.
იტალიის პრემიერს სურს, ხმელთაშუა ზღვაში ქვეყნის გავლენა გაზარდოს - მედია
იტალიის მთავრობა მტკიცედ არის მოწოდებული ხმელთაშუა ზღვაში გავლენის გაძლიერებისკენ. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გააკეთა. ამის შესახებ სააგრნტო Anadolu იუწყება. მისივე თქმით, ევროკავშირსა და აფრიკის ქვეყნებს შორის უნდა არსებობდეს ძლიერი თანამშრომლობა, ევროკავშირის ქვეყნებში ვერ იქნება კეთილდღეობა, თუ მათი აფრიკელი მეზობლები არ იქნებიან აყვავებულები. „ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ, რომ მიგრანტების ნაკადს მარტო ვერ გავუმკლავდებით, ის მიუღებელ დონეზეა. 2022 წლის დასაწყისიდან იტალიაში 94 000 მიგრანტი შევიდა უნებართვოდ“, - განაცხადა მელონიმ. მისივე განცხადებით, იტალიას შეუძლია, იმოქმედოს როგორც ენერგიის გამტარმა ხმელთაშუა ზღვასა და ევროპას შორის, მისი გეოგრაფიული მდებარეობის, ინფრასტრუქტურის, თანამშრომლობის სულისკვეთებისა და ბიზნესის მხარდაჭერის საშუალებით.
იტალიის პრემიერსა და მის ქალიშვილს მოკვლით ემუქრებიან
იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის და მის 6 წლის ქალიშვილს მოკვლით ემუქრებიან. Reuters-ის ცნობით, შესაბამისი გზავნილი მთავრობის მუშაობით უკმაყოფილო კაცის ეკუთვნის. მედია არ აკონკრეტებს, რა ფორმით გავრცელდა მუქარა, თუმცა 27 წლის სიცილიელი კაცის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კაცის სახლი გაჩხრიკეს, Twitter-ზე კი, ანგარიში დაუხურეს. მელონის მემარჯვენე მთავრობას სურს, მოქალაქეების შემოსავლის სქემა შეცვალოს. დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებული. პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თანამდებობა ოქტომბერში დაიკავა, ყოველთვის აკრიტიკებდა არსებულ სქემას, რომელიც 2019 წელს შემოიღეს. ის ამტკიცებდა, რომ სამუშაო ასაკის ადამიანებს არ უნდა მიეცეთ უფლება, განუსაზღვრელი ვადით იცხოვრონ სახელმწიფო სუბსიდიებით.
იტალიის პრემიერი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი 2023 წლის პირველ თვეებში უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. „მინდა ვესტუმრო კიევს მომავალი წლის პირველ თვეებში, ეს არის ერთ-ერთი მოგზაურობა, რომელსაც პრიორიტეტულად მივიჩნევ", - ამის შესახებ მელონიმ იტალიურ მედიას განუცხადა. მანამდე, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინიტრი მარიო დრაგი კიევს 2022 წლის ივნისში ეწვია. ის უკრაინის დედაქალაქში მატარებლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად ჩავიდა.
ჯორჯია მელონის თქმით, უკრაინის სამხედრო დახმარება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ერთადერთი გზაა
იტალია უკრაინას ყოვლისმომცველ ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს და ცდილობს უკრაინის პოზიციები, რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გაათანაბროს. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ბერლინში მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას, ვფიქრობ, რომ იტალიის პოზიცია იყო მხოლოდ ძალიან მკაფიო, ჩვენი მთავრობა იყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა დაეხმაროს ყველა დონეზე“, - განაცხადა პრემიერმა. მან აღნიშნა, რომ რომი ამ საკითხზე მუდმივ კონსულტაციებს აწარმოებს პარტნიორებთან, მათ შორის საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით. „ჩვენ უკრაინას ვუწევთ მნიშვნელოვან დახმარებას. ჩვენ იქ ვართ, სადაც ჩვენი ყოფნაა საჭირო“, - აღნიშნა მელონიმ.
იტალიური მედია: პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი 21 თებერვალს კიევს ეწვევა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი 21 თებერვალს კიევს ეწვევა. მელონი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება იტყობინება იტალიური ყოველდღიური გაზეთი il Fatto Quotidiano. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაადასტურა, რომ მელონი მალე ეწვეოდა კიევს. ცნობისთვის, მელონი და ზელენსკი 9 თებერვალს, ევროკავშირის სამიტზე, ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში პირველი ვიზიტით ჩავიდა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში პირველი ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ANSA იტყობინება. ის ბუჩასა და ირპინს ეწვევა და დღის მეორე ნახევარში მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მელონი ხაზს გაუსვამს, რომ იტალიის მხარდაჭერა კიევისთვის ურყევი დარჩება. მელონიმ თანამდებობა 2022 წლის ოქტომბერში დაიკავა. მისი მთავრობა უკრაინას ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს. ქვეყნის მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა უკრაინის დახმარების მეექვსე პაკეტი. ორშაბათს, 20 თებერვალს, მელონი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას შეხვდა.
იტალიის პრემიერი სამხედრო ხარჯების ზრდას მხარს უჭერს: თავისუფლებას ფასი აქვს
იტალიის პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს სამხედრო ხარჯების გაზრდას და აცხადებს, რომ „თავისუფლებას ფასი აქვს". ჯორჯია მელონის შეფასებით, მოსკოვზე ზეწოლა გეოპოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე ფუნდამენტურია. სენატში სიტყვით გამოსვლისას, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ თავისუფლების დაცვა აუცილებელია. „თავისუფლებას ფასი აქვს: თუ შენ არ შეგიძლია თავის დაცვა, ამას სხვები გააკეთებენ, მაგრამ ისინი ამას ფასის დაწესებით გააკეთებენ“, - განაცხადა ჯორჯია მელონიმ. მელონიმ ასევე მიუთითა რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნების აუცილებლობაზე და მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს მხარი დაუჭირა. „მოსკოვზე ზეწოლა გეოპოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე ფუნდამენტურია, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და შეიქმნას პირობები მოლაპარაკებების გზაზე სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა.
მელონი: ახლა უკრაინაში ფულის ჩადება არა რისკი, არამედ, ინვესტიციაა
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ფულის ახლა ჩადება არ არის რისკი, არამედ, შორსმჭვრეტელი ინვესტიცია. ამის შესახებ მან რომში, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად პრესისთვის ერთობლივი განცხადების დროს განაცხადა. მელონის შეფასებით, „უკრაინის რეკონსტრუქცია მთელი ევროპის საქმეა“. „მე მინდა, ვუთხრა მეწარმეებს, რომლებსაც აქ უკვე შევხვდი და უკვე ვესაუბრე ამის შესახებ: მჯერა, რომ დღეს უკრაინაში ინვესტიცია არ არის რისკი. არის ერთ-ერთი ყველაზე შორსმჭვრეტელი ინვესტიცია, რომელიც დღეს შეიძლება, განხორციელდეს“, - განაცხადა მელონიმ.
იტალია განიხილავს უკრაინელი სამხედრო მფრინავების მომზადების შესაძლებლობას - მელონი
იტალია თავის მოკავშირეებთან ერთად განიხილავს უკრაინელი საჰაერო ძალების მფრინავების დასავლური ტიპის სამხედრო თვითმფრინავებზე მომზადების შესაძლებლობას. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომელიც იაპონიაში G7-ის სამიტში მონაწილეობდა. „ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ჯერ არ მიგვიღია და რომელსაც ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვაფასებთ“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა და კომენტარი გააკეთა უკრაინელი მფრინავების F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე მომზადების შესაძლებლობის შესახებ. ამავდროულად, მელონიმ აღნიშნა, რომ იტალიას არ ჰყავს F-16 მოიერიშე თვითმფრინავები ექსპლუატაციაში, ამიტომ, მისი მთავრობა ვერ შეძლებს უკრაინისთვის მის მიწოდებას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს, ჯორჯია მელონთანაც გამართა შეხვედრა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და მისი ლიდერის, ჯო ბაიდენის „ისტორიულ გადაწყვეტილებას“ მიესალმა. სწორედ ამ სიტყვებით შეაფასა ზელენსკიმ „თვითმფრინავის კოლაციისადმი“ შტატების მხარდაჭერა. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.
მხარს ვუჭერთ იმ სამუშაოს, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ახორციელებენ - მელონი
მხარს ვუჭერთ იმ სამუშაოს, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ახორციელებენ - იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აცხადებს, იტალია მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ძალისხმევას, გახდნენ ევროკავშირის წევრები. "ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან, დავეხმარებით მათ ყოველთვის, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ სამუშაოს, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ასევე დასავლელი პარტნიორები აკეთებენ იმისთვის, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, რაც ნიშნავს არა ევროკავშირის გაფართოებას, არამედ ევროკავშირში ყველას ერთად უკან დაბრუნებას“, – განაცხადა მელონიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე. საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს - ბორელი ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
მელონი ნეთანიაჰუს: იტალია ისრაელის გვერდით დგას
21 ოქტომბერს, კაიროს სამშვიდობო სამიტის დასასრულს, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი თელ-ავივში გაემგზავრა, სადაც ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. „იტალია ისრაელის გვერდით დგას,“ - განუცხადა მელონიმ ნეთანიაჰუს ისრაელის მედიის ცნობით. იტალიის პრემიერი იმ ევროპელ ლიდერებს შორისაა, რომლებმაც მკაცრად დაგმეს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის სისასტიკე. „ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ომის აქტი,“ განუცხადა მან ნეთანიაჰუს. რატომ არ გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება კაიროს სამშვიდობო სამიტის შემდეგ იტალია მხარს უჭერს ისრაელის არსებობისა და თავის დაცვის უფლებას ტერორიზმთან ბროლაში. „ჩვენ გვჯერა და ვფიქრობთ, რომ თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას საუკეთესო გზით, რადგან ჩვენ განვსხვავდებით იმ ტერორისტებისაგან,“ - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.
უკრაინის სამხედრო დახმარების გარეშე, ომი უფრო ახლოს იქნება ჩვენთან - იტალიის პრემიერი
უკრაინის სამხედრო დახმარების გარეშე, ომი უფრო ახლოს იქნება ჩვენთან. შესაბამისი განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან უარყოფითად შეაფასა განცხადებები, რომ „არ უნდა ვაგზავნიდეთ იარაღს უკრაინაში, რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციამდე მიგვიყვანს.” „უკრაინის სამხედრო დახმარების გარეშე, შემოჭრა, მაშასადმე, ომი სახლთან უფრო ახლოს გვექნებოდა,” - განაცხადა მელონიმ.
იტალიის პრემიერი ცდილობს, მიაღწიოს შეთანხმებას ორბანთან, რომ უკრაინის დახმარება განბლოკოს - Bloomberg
Bloomberg-ის ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ცდილობს, დაარწმუნოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, აღარ შეეწინააღმდეგოს უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას და გააუმჯობესოს ურთიერთობები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მელონი ასევე უბიძგებს ორბანს, შეცვალოს თავისი მიდგომა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აღადგინოს ურთიერთობები კიევთან, როგორც ECR-ში გაწევრიანების პირობა. "დისკუსიები გაიმართა სხვადასხვა დონეზე, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის - განუცხადეს თანამოსაუბრეებმა Bloomberg-ს ანონიმურობის პირობით.
Politico: ორბანის დარწმუნებაში მთავარი როლი მელონიმ და მაკრონმა ითამაშეს
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბოლო კვირების განმავლობაში ამზადებდნენ ნიადაგს, რათა დაერწმუნებინათ ვიქტორ ორბანი, არ დაებლოკა უკრაინის 50 მილიარდიანი ფინანსური დახმარება. ამის შესახებ Politico-მ მოლაპარაკებების მიმდინარეობის მცოდნე წყაროებიდან შეიტყო. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, ამ კვირაში იტალიის პრემიერ-მინისტრი ასევე ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ტელეფონით, გამართა ერთსაათიანი შეხვედრა ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე და პირველ თებერვალსაც, დილით სხდომის დაწყებამდე. მაკრონმა ასევე ითამაშა როლი ორბანის დარწმუნებაში, რომელსაც უნგრეთის ლიდერთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა. როგორც გამოცემა წერს, საფრანგეთის პრეზიდენტი ორბანს ოთხშაბათს, 31 იანვარს შეხვდა. როგორც ცნობილია, ამ თვის დასაწყისში მაკრონი ორბანის გადაბირებას ჯერ კიდევ ელისეს სასახლეში ლანჩის დროს გამართული მოლაპარაკებებისა ცდილობდა. საბოლოოდ, როგორც Politico აღნიშნავს, ფრანგი და იტალიელი ლიდერების ძალისხმევამ უბიძგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომ ევროკავშირის ლიდერებს შორის მიღწელი შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება დეტალური განხილვის გარეშე, ძალიან სწრაფად გამოეცხადებინა. სამიტის ყველა მონაწილე დაეთანხმა გეგმას, რომელიც უნგრეთისთვის მცირე დათმობებს მოიცავდა. „მაკრონს არასდროს სურდა ორბანთან დაპირისპირება. ეს არის მიდგომა, რომელიც დღეს შედეგიანი აღმოჩნდა,“ - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ Politico-ს. როგორც მედია წერს, ევროკავშირის ლიდერები გამართავენ ყოველწლიურ დებატებს პროგრამის შესახებ და ორი წლის შემდეგ მათ შეუძლიათ, ევროკომისიას მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვა შესთავაზონ.
მელონი: იტალია-საქართველოს პარტნიორობა საერთო ღირებულებების ერთობლიობას ეფუძნება
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. „იტალიის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად თქვენი დანიშვნა. იტალიასა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება იმ საერთო ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც პირველ რიგში აისახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი სუვერენიტეტის ჩვენი მტკიცე მხარდაჭერით. ჩვენ კვლავ წინ აღვუდგებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესრიგის ამ ფუნდამენტურ პრინციპს. ჩვენი შეხედულებების იდენტურობა ასევე წარმოდგენილია იტალიის მხარდაჭერით საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ, რაც დასტურდება გასული წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საბოლოოდ აღიარებული წევრობის კანდიდატობის სტატუსით, რომლის სასარგებლოდ იტალია მუდმივად მუშაობდა შესაბამის ევროპულ სტრუქტურებში. ამ საფუძვლებზე დაყრდნობით მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთად ვიმუშაოთ იმ მჭიდრო კავშირების გასაღრმავებლად, რომელიც გვაერთიანებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ დონეზე, და, ამავდროულად, იტალიური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებით, ამბიციური რეფორმის განსახორციელებლად, სადაც საქართველოს ინსტიტუციები დაკავებულები არიან ევროპულ გზაზე წინსვლით. კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ და გამოვხატავ თქვენს მიმართ ჩემს პატივისცემას,“ - ნათქვამია ჯორჯია მელონის მისალოცში.
რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, „ჰამასი“ ისრაელს ასე არ დაესხმებოდა თავს - მელონი
რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ასეთ თავდასხმას არ განახორციელებდა, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ იტალიურ გაზეთ Il Giornale-თან ინტერვიუში განაცხადა. „გარდაუვალი იყო, რომ საერთაშორისო სამართლის ასეთ სერიოზულ დარღვევას, უფრო მეტიც, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, მსოფლიოს სხვა ნაწილებში, ახლო აღმოსავლეთიდან ბალკანეთამდე და აფრიკამდე, გადამდები შედეგები მოჰყვებოდა,“ - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ. როგორც ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა, როგორც ისრაელის, ისე პალესტინის ინტერესებშია. „ეს არის თამაში, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ და უნდა გვესმოდეს, რომ თუ უკრაინაში საერთაშორისო სამართალი არ აღდგება, კონფლიქტების აფეთქებები მოიმატებს,“ - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, ჯორჯია მელონი დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, კიევში ჩავიდა, საიდანაც „დიდი შვიდეულის“ სამიტს უხელმძღვანელებს.
მელონი აშშ-ს ბაიდენთან მოლაპარაკებებისთვის ეწვევა
პარასკევს ვაშინგტონში იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნების ლიდერებს შორის მოლაპარაკებებში, რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის დახმარების საკითხი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი იქნება. მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, უკრაინასთან უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის კომენტირებისას, ხაზი გაუსვა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების აუცილებლობას. აშშ-ის დახმარების გაგრძელების საკითხი კი, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან კოგრესში დავის ფონზე, პაკეტის განხილვა რამდენიმე ჩავარდნის შემდეგ ჭიანურდება.
მელონი: პუტინის მუქარის არ გვეშინია
იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მას არ ეშინია კრემლის მუქარის რიტორიკის. მის სიტყვებს სააგენტო ANSA ციტირებს. მელონიმ კომენტარი გააკეთა პუტინის განცხადებებზე, რომლითაც ის მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, კრემლის პროპაგანდა ცდილობს „უკრაინასთან კავშირის პოვნას“, მიუხედავად იმისა, რომ ISIS-მა აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე. „ვფიქრობ, სიტუაცია არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც აქამდე ხდებოდა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი საქმის კეთება, კერძოდ, იმ შეკავების უზრუნველსაყოფად, რომელიც ევროპამ და დასავლეთმა უკვე შეძლეს. ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ესკალაცია არ იქნება. პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გაცილებით ადრე შეგვეშინდებოდა,“აღნიშნა მელონიმ. უკრაინამ გამოთქვა ეჭვი, რომ პუტინი ტრადიციული მეთოდებით საბაბს ქმნის ომის ესკალაციისთვის.
თუ რუსეთი არ დათანხმდება უკრაინის პირობებს, ჩვენ ვაიძულებთ მას, დანებდეს - მელონი
რუსეთი იძულებული იქნება, დანებდეს, თუ კრემლი არ დათანხმდება სამშვიდობო პირობებს, განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სამშვიდობო სამიტის მეორე პლენარული სესიისას. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დაცვა ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ძალისხმევის გაერთიანებას უკრაინის დასაცავად. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და აღნიშნა, რომ მას შეუძლია მხარდაჭერის იმედი იქამდე ჰქონდეს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „ძვირფასო ვოლოდიმირ, დღეს მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ, იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უკრაინის მშვიდობიანი, თავისუფალი მომავალი რეალობად იქცეს,“ - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. მელონიმ აღნიშნა, რომ მშვიდობა კაპიტულაციას არ ნიშნავს. „ძვირფასო კოლეგებო, „მშვიდობა“ კაპიტულაციას არ ნიშნავს, როგორც ამას პრეზიდენტი პუტინი თავის ბოლო განცხადებებში გვთავაზობს. ეს ასე არ არის. მშვიდობის ცნების დამორჩილებაში აღრევა ყველასთვის სახიფათო პრეცედენტს შექმნის,“ - განაცხადა ჯორჯია მელონიმ. „თუ რუსეთი არ დათანხმდება უკრაინის პირობებს, ჩვენ ვაიძულებთ მას, დანებდეს. ჩვენ უნდა დავადგინოთ მინიმალური პირობები ამ დისკუსიისთვის," - აღნიშნა მელონიმ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ომი წარმოადგენს აგრესიას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. არავის შეუძლია, ეჭვქვეშ დააყენოს გლობალური ინტერესის სამი გადამწყვეტი თემის აბსოლუტური მნიშვნელობა, რომლებიც დღეს განიხილება: ბირთვული უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება და ადამიანური განზომილება, კერძოდ, დევნილი ბავშვების დაბრუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. იტალია ყოველთვის აკეთებს თავის გასაკეთებელს და ის არ აპირებს არსად წასვლას. ჩვენ უნდა შევუერთდეთ ყველა შესაძლო ძალისხმევას, რათა დავეხმაროთ უკრაინას მომავლისკენ,“ განაცხადა იტალიის პრემიერმა. სტოლტენბერგი პუტინს: უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა კვირას, შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი გაიმართა. ეს ღონისძიების მეორე დღე იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მშვიდობის სამიტს, რომელიც 15-16 ივნისს ჩატარდა შვეიცარიაში, შეიძლება, პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვეს მშვიდობის გზაზე. მან მადლობა გადაუხადა სამიტის მონაწილეებს “რუსეთის ჯარების მიერ დაპყრობილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების საჭიროების სრული გაგებისა და აღიარებისათვის." სამიტში 100-მდე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეხვედრის მუშაობის პირველ დღეს წარმოთქვა სიტყვა და გამართა შეხვედრები. რუსეთი სამიტზე არ მიუწვევიათ. მასში არ მონაწილეობდა ჩინეთი. უკრაინა ჩინეთს სამშვიდობო სამიტის საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს - რა პოზიცია აქვს ვაშინგტონს
იტალიამ და ჩინეთმა სამწლიან სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი
იტალიამ და ჩინეთმა კვირას, 28 ივლისს, სამწლიან სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. მელონის მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაზრდას ელექტრომობილებისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით. იტალიის პრემიერ მინისტრმა, ჩინეთში მისი პირველი ვიზიტისას განაცხადა, რომ ის პეკინთან "ორმხრივი თანამშრომლობის გადატვირთვას" ცდილობს. მისი ხუთდღიანი ვიზიტი ხორციელდება რამდენიმე თვის შემდეგ, რაც იტალიამ ჩინეთის „ერთი სარტყელი და გზის ინიციატივა“ დატოვა. მელონი ჩინეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის პრემიერს ლი ციანს შეხვდა. ჩინეთში თავის ვიზიტზე საუბრისას, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფაზის დაწყების სურვილის დემონსტრირება. მიუხედავად ამისა, იტალია ჩინეთთან სხვაგვარად ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობების განხორციელებას ემხრობა. Stellantis-მა, მსხვილმა ავტომწარმოებელმა, რომელიც იტალიურ Fiat-ს მოიცავს, მაისში გამოაცხადა, რომ ერთობლივი საწარმო ჩამოაყალიბა Leapmotor-თან - ელექტრო მანქანების ჩინურ სტარტაპთან, რათა ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვა დაეწყო. შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება ლი ციანის ოფისმაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა მიზნად ისახავს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის გაზრდას მცირე და საშუალო ზომის წარმოებებს შორის გემთმშენებლობის, აერონავტიკის, ახალი ენერგიისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იტალიური მხარე იმუშავებს ჩინეთთან, რათა უზრუნველყოს უფრო სამართლიანი და არადისკრიმინაციული ბიზნეს გარემო იტალიაში,“ განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ციანმა. თავის მხრივ, მელონიმ ბიზნეს ლიდერებს განუცხადა, რომ ორმა მხარემ ხელი მოაწერა სამრეწველო თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მოიცავს ელექტრომანქანებს და განახლებად ენერგიას.