თეგი: ჯორჯ სანტოსი
რესპუბლიკელი კონგრესმენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან გარიცხეს
ბრალდებული რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსის ხანმოკლე კარიერა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში პარასკევს დასრულდა, როდესაც კოლეგა დეპუტატებმა მის გაძევებას კორუფციული ბრალდებებისა და საარჩევნო კამპანიის თანხების არასწორად ხარჯვის გამო მხარი დაუჭირეს. კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თავის კოლეგა რესპუბლიკელებს განუცხადა, რომ სანტოსის გარიცხვის წინააღმდეგი იყო. სანტოსი რიგით მესამე კონგრესმენი და პირველი რესპუბლიკელი, რომელიც კანონმდებლებმა საკუთარი რიგებიდან გააძევეს. მან შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში 10 თვეზე ოდნავ მეტი იმსახურა. 35 წლის სანტოსმა საკუთარი ბიოგრაფიის დიდი ნაწილის გაყალბება აღიარა. ფედერალური პროკურორი მას კამპანიის სახსრების არამიზნობრივად ხარჯვასა და დონორების მოტყუებაში სდებს ბრალს. სანტოსი ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ნოემბრის დასაწყისში, კონგრესიდან გაძევების მცდელობისას, მისმა თანაპარტიელებმა და 31-მა დემოკრატმა ჯორჯ სანტოსის გარიცხვას მხარი არ დაუჭირეს, რადგან სანტოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ჯერ დასრულებული არ იყო. გასულ თვეში კონგრესის ორპარტიულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მან საარჩევნო კამპანიის ფონდიდან თითქმის 4000 დოლარი გადაიხადა სპაში მიღებული მომსახურებისთვის, რაშიც ბოტოქსიც შედიოდა.