თეგი: ჰაუბიცა
ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს აშშ-ის მიერ გაგზავნილი „ჰაუბიცების“ გამოყენებაში გადაამზადებენ
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინულ ჯარს მოამზადებს, თუ როგორ გამოიყენონ უკრაინაში გაგზავნილი ჰაუბიცების საარტილერიო სისტემები, განაცხადა ორშაბათს აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა. "ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ტრენინგის დაწყებას მომდევნო რამდენიმე დღეში", - განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს. წვრთნებს სავარაუდოდ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, პოლონეთსა და რუმინეთში განლაგებული ამერიკული ჯარები ჩაატარებენ. ამასთან, შესაძლოა, იყოს დამატებითი სასწავლო სესიები სხვა იარაღთან დაკავშირებითაც, რომელიც შედის სამხედრო დახმარების უახლეს პაკეტში. შეერთებულმა შტატებმა რიგი საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ თვის დასაწყისში უკვე გაწვრთნა რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. ინფორმაციისთვის, ჰაუბიცა არის საარტილერიო იარაღის ტიპი, რომლის დანიშნულებაა დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანა. ჰაუბიცები შედიან საბრძოლო არტილერიის ჯგუფში, მათი კალიბრი 100 მილიმეტრი და მეტია, შედარებით მოკლე ლულა, ცვალებადი ჭურვები, სროლის საკმაოდ მაღალი სიჩქარე - 0,5-1-დან 6 გასროლამდე წუთში, სროლის მანძილი 17 კმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
უკრაინული ეკიპაჟის წვრთნა დასრულდა, უკრაინისთვის ჰაუბიცების მიწოდება დაიწყო - გერმანიის საელჩო
გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას 12 თვითმავალ ჰაუბიცას Panzerhaubitze 2000-ს გადასცემენ. ამის შესახებ გერმანიის საელჩომ უკრაინაში Twitter-ზე განაცხადა. „დასრულდა უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნა Panzerhaubitze 2000-ზე. დაიწყო იარაღის სისტემის გადაცემა უკრაინაში“, - ნათქვამია განცხადებაში. მარკ რუტე: ნიდერლანდები გერმანიასთან ერთად მალე მზად იქნება, უკრაინაში 12 თვითმავალი ჰაუბიცა გაგზავნოს საელჩომ დაამატა, რომ გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას 12 ჰაუბიცას მიაწვდიან. 21 ივნისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ გერმანიიდან მიიღო პირველი ჰაუბიცები.
სლოვაკეთმა უკრაინას ოთხი ჰაუბიცა Zuzana 2 გადასცა
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაროსლავ ნადმა უკრაინისთვის ოთხი, თვითმავალი ჰაუბიცის Zuzana 2-ის გადაცემა დაადასტურა. სლოვაკეთის პრეზიდენტი: უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადავცემთ „სლოვაკეთი ეხმარება უკრაინას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დაცვაში. მოხარული ვართ დავადასტუროთ, რომ უკრაინას ოთხი, თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana 2 გადავეცით. ჰაუბიცები უკვე უკრაინელი სამხედროების ხელშია და მიმდინარეობს იარაღის მომზადება რუსული აგრესიისგან თავდასაცავად“, - წერს ნადი Twitter-ზე. სლოვაკეთი უკრაინაში MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების და ტანკების გაგზავნას გეგმავს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.