თეგი: „ალტ-ინფო“

პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო რამდენიმე პირი დააჯარიმეს

პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 პირი დააჯარიმა, მათ შორის „კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი ზურა მახარაძე, რომლებსაც 1000-1000 ლარის გადახდა მოუწევთ. ამ ინფორმაციას რამდენიმე ქართული მედიასაშუალება შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს. შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება 14 მარტს დაიწყო. მანამდე, პრორუსული ორიენტაციის, „ალტ - ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.  

აღსრულების ბიურომ "ალტ-ინფოს" 233 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვა

აღსრულების ეროვნული ბიურომ პარტია "კონსერვატიულ მოძრაობას", სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის (217 482 ლარის) გადახდა მოსთხოვა. დოკუმენტი ბიურომ 25 იანვარს გამოსცა და პარტიას 7-დღიანი ვადა მისცა. ვადის ამოწურვის შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს პარტიის ანგარიშების დაყადაღება შეეძლება. "სრულიად უსაფუძვლოდ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ანგარიშებს დაყადაღება, ხოლო ქონებას ჩამორთმევა ემუქრება, ეს კი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - წინასაარჩევნოდ სრულად მოხდეს „კონსერვატიული მოძრაობის“ განეიტრალება," - აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე. პარტიის წინააღმდეგ სამართალწარმოება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წელს დაიწყო. იმ დროს სწორედ ამ უწყების ვალდებულება იყო, შეემოწმებინა პარტიების ფინანსური ანგარიშები. სადავო იყო 2021 წლის დეკლარაცია. აუდიტის სამსახური აცხადებდა, რომ ეს დოკუმენტი არასწორად იყო შევსებული - პარტია უთითებდა, რომ დეკემბერში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონია - სწორედ ამ დროის გაიხსნა "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისები; გარდა ამისა, საუბარი იყო არაფულადი შემოწირულებების დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებებზე - ბრენდირებული მასალის დაბეჭდვასა და რეგიონული ოფისების რემონტზე. იყო შემთხვევები, როცა პარტიამ ოფისი ხელშეკრულების გარეშე იქირავა. საუბარი იყო 72 ათას ლარზე. სასამართლომ გაიზიარა აუდიტის სამსახურის მოსაზრება და პარტიას სავარაუდოდ დამალული თანხის სამმაგი ოდენობა დააკისრა. იმის გამო, რომ "კონსერვატიულმა მოძრაობამ" დაკისრებული ჯარიმა არ გადაიხადა, საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა.  

"ალტ-ინფო" აცხადებს, რომ ბანკებმა ანგარიშები დაუხურეს

პრორუსული "კონსერვატიული მოძრაობის" დაფუძნებულ ტელევიზიას - "ალტ-ინფოს" ანგარიშები დაუხურეს. ინფორმაციას უდასტურებს რადიო თავისუფლებასთან უდასტურებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია. არხის სოციალურ ქსელში წერია, რომ "საქართველოს ბანკმა" "კონსერვატიული მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, შოთა მარტინენკოს ანგარიში დაუხურა. სწორედ მისი სახელით გროვდებოდა შემოწირულობები. "ალტ-ინფოს" ტელეეთერში გამოტანილია "თიბისი ბანკის" ანგარიში, რომელზე თანხის გადარიცხვაც შეუძლებელია. საბანკო ანგარიშის გახსნის დროს პრობლემები შეექმნათ "ქართუშიც." აღსრულების ბიურომ "ალტ-ინფოს" 233 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვა  

"ალტ-ინფოს" ლიდერს ზურაბ მახარაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 მარტს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარეგინა. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. წარდგენილი ბრალის მიხედვით, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მედიის ცნობით,  ბრალი წაუყენეს ქართული პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერს, ზურაბ მახარაძესა და კიდევ ერთ პირს, გიორგი გოგიას.  

"კონსერვატიული მოძრაობის" წევრებს სასამართლომ გირაოს გადახდა დააკისრა

სასამართლომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და ქართული პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერ ზურაბ მახარაძეს, ამავე პარტიის კიდევ ერთ წევრს გიორგი გოგიას, ჯგუფური ძალადობის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს, 5000-5000 ლარის გადახდა დააკისრა.  ზურაბ მახარაძემ და გიორგი გოგიამ განაცხადეს, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და უდანაშაულოები არიან. ზურაბ მახარაძის თქმით, ის არ აპირებს გირაოს გადახდას, რადგან უდანაშაულოა. მან სასამართლოს გადაწყვეტილება “წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლად” შეაფასა. ბრალდების ინფორმაციით, ზურაბ მახარაძემ და გიორგი გოგიამ 23 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენიმე პირზე ფიზიკურად იძალადეს. კერძოდ, უწყების ცნობით, ზურაბ მახარაძემ ერთი პირის, ხოლო გიორგი გოგიამ ორი პირის მიმართ იძალადა. ბრალდებულების ადვოკატმა სერგო ხურციძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. მისი თქმით, ზურაბ მახარაძე და გიორგი გოგია უდანაშაულო არიან, სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით კი დაადასტურა რომ მიკერძოებულია და პროკურატურის მითითებებს ასრულებს. ბრალდება ზურაბ მახარაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო გიორგი გოგიას „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) 3 აპრილს წარედგინა. "ალტ-ინფოს" ლიდერს ზურაბ მახარაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინეს  

ალტ-ინფოს პარტია გაუქმდა

საჯარო რეესტრმა პრორუსული პარტია - „კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელით არის ცნობილი რეგისტრაცია გაუუქმა. გადაწყვეტილება დღევანდელი, 8 აპრილის თარიღით არის გამოცემული. პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, საჯარო რეესტრმა კი, გადაწყვეტილება ამ მიმართვის საფუძველზე მიიღო. რეესტრმა საკითხის შესწალის დროს რამდენიმე გარემოება გამოავლინა: ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერდა წარდგენილ განცხადებას; სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებას ხელს აწერდა მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარე; სარეგისტრაციოდ წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავდა წევრთა პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ ინფორმაციას; სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება მითითებული იყო არაერთგვაროვნად; სარეგისტრაციოდ წარდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას; სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით, პარტიის წევრთა ყრილობა არ იყო განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ; სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებდა. „შარი ვერაფერზე ვერ მოგვდეს და დღეს, როდესაც ცესკოს თავმჯდომარეს ხელი უნდა მოეწერა ჩვენი პარტიის არჩევნებში რეგისტრაციაზე, მოგვივიდა მათგან ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრამა პარტია გააუქმა,“ - განაცხადა ზურა მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში. მორგოშიას თქმით, ალტ-ინფომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა  

„ალტ ინფოს“ პარტიის გაუქმების გადაწყვეტილებას სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის

სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას პარტია “ალტ ინფოს” გაუქმების შესახებ და ამის შემდეგ აპარატის მოსაზრებებს საზოგადოებას გააცნობენ. ამის შესახებ იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „გუშინ გავიგე ინფორმაცია პარტიის გაუქმების შესახებ. მიუხედავად იმისა, როგორი პარტიაც არ უნდა იყოს, როგორი იდეოლოგიის, საქართველოს კანონმდებლობის შესახებ არის რეგისტრირებული, რომ მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული გაუქმების საფუძვლები, რაც ასევე კანონში წერია. ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხს შეისწავლის და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენ მოსაზრებას რამდენად სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საჯარო რეესტრმა,” - განაცხადა ლევან იოსელიანმა.  

ბრეგაძე „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე: რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ „ალტ-ინფოს“ პარტია გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, რომ შეესწავლათ მისი [“კონსერვატიული მოძრაობის“] რეგისტრაციის კანონიერება. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ყრილობის შეცვლილი წესდება. „აღნიშნული პოლიტიკური პარტიის [“კონსერვატიული მოძრაობის“] რეგისტრაცია გაუქმდა. ის გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, რომ შეესწავლათ მისი რეგისტრაციის კანონიერება. შესწავლის შემდეგ საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რეგისტრაცია გაეუქმებინა. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ არ იყოს შესაბამისი შემთხვევა დასაშვები, მაშინ კანონმდებლობა არც გაითვალისწინებდა. იქ იყო მამხილებლის განცხადება, შემდგომში, ასევე მიმართვა ანტიკორუფციული ბიუროსი და ამ მიმართვის შემდეგ რეესტრმა განიხილა, ნახა, რომ ნამდვილად აღნიშნული პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ, მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ყრილობის შეცვლილი წესდება, ამიტომ მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ. მისივე შეფასებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს და პარტიამ დაშვებულ შეცდომაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს. „არავითარი პოლიტიკური მოტივაცია ამას ჩვენი მხრიდან არ აქვს, როგორც მოგახსენეთ იყო მომართვა, აღმოჩენილი იყო ხარვეზი და გაუქმდა რეგისტრაცია. რაც შეეხება, ჩამოშორდა თუ არა ეს პარტია პოლიტიკურ პროცესებს, ეს მათი გადასაწყვეტია, თუ მათ სურვილი აქვთ, რომ პოლიტიკაში აქტიურები იყვნენ და კვლავ დარეგისტრირდნენ როგორც პოლიტიკური პარტია, ამ შემთხვევაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია, კანონმდებლობის სრული დაცვით. მათთვის, ისევე როგორც, სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის არავის შეუშლია ხელი არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ და როგორც იცით, საკმაოდ ბევრი პარტიაა რეგისტრირებული. თუ პოლიტიკური პარტია უშვებს შეცდომას, მის გამოსწორებაზეც თავად უნდა იზრუნოს და პასუხისმგებლობაც თავად უნდა აიღოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტია იქნება,” - განაცხადა რატი ბრეგაძემ. სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას პარტია “ალტ ინფოს” გაუქმების შესახებ და ამის შემდეგ აპარატის მოსაზრებებს საზოგადოებას გააცნობენ.  

პრორუსული „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს

პრორუსული და ჰომოფობიური განწყობებით ცნობილი ტელეარხი „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ არხის დამფუძნებლებმა ბოლო ეთერიდან განაცხადეს. „იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაიდო ის შედეგი, რაც ველოდით, აქედან გამომდინარე შეიქმნა ვითარება, რომ ვეღარ გავაგრძელებთ,“ - განაცხადა შოთა მარტინენკომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს. გადაწყვეტილებას „ალტ-ინფოს“ ლიდერები არჩევნებში მიღებული დაბალი შედეგით ხსნიან. „ალტ-ინფოს“ პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად მონაწილეობდა. მათ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, რაც აუცილებელია პარლამენტში მოსახვედრად. პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით