თეგი: „ასოცირებული ტრიო“
ევროპარლამენტი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას მიესალმა და ქვეყნებს რეფორმების წინსვლისკენ მოუწოდა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომლითაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას მიესალმა და რეფორმების წინსვლისკენ მოუწოდებს. მისივე თანახმად, ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე, გაფართოების გაძლიერებული პოლიტიკა ევროკავშირის ხელთ არსებული უძლიერესი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია. რეკომენდაციას მხარი დაუჭირა 502-მა დეპუტატმა, 75 წინააღმდეგი იყო, 61-მა კი თავი შეიკავა. „იმისათვის, რომ იყოს უფრო სანდო და ეფექტური გლობალური მოთამაშე, ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურები ახალი წევრების გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გააუქმოს ერთსულოვნების საჭიროება და შეცვალოს ის კვალიფიციური უმრავლესობით. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, შეასრულონ ევროკავშირის ვალდებულებები დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ და უზრუნველყონ, რომ კანდიდატ ქვეყნებს არ შესთავაზონ ალტერნატივა ევროკავშირის სრული წევრობის ნაცვლად. ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ გაფართოების პროცესის სათავეში დემოკრატიული რეფორმა და კანონის უზენაესობა დადგეს. ევროპარლამენტის წევრების მიერ მიღებული რეკომენდაცია გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ ევროკავშირს მოუწოდებს, ევროკავშირის დაფინანსება და მისი ხელშესახები შედეგები უფრო თვალსაჩინო გახადოს გაფართოების ქვეყნებში. მათ ასევე სურთ, რომ ევროკავშირმა იმუშაოს ამ ქვეყნების პოლიტიკურ, საარჩევნო და სხვა დემოკრატიულ პროცესებში მესამე მხარის ჩარევის პრევენციაზე. უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების პროცესში ნებისმიერი სტაგნაცია ან უკან დახევა სანქცირებული იქნება რეალურ დროში, თუმცა ევროკავშირმა ასევე უნდა დააჯილდოოს კანდიდატი ქვეყნები, როდესაც ისინი მიაღწევენ მდგრად პროგრესს, მათ შორის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მათი ეტაპობრივი შეყვანის გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.