თეგი: „გაზპრომი“
კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს
კანადა გერმანიას დაუბრუნებს რუსული Nord Stream 1 მილსადენის გარემონტებულ ტურბინას, რომელიც გერმანიისთვის რუსული გაზის მიწოდების წყაროა. მედია: უკრაინა კანადას მოუწოდებს, სანქციების ავლით „გაზპრომს“, გაზის ტურბინა არ გადასცეს უკრაინამ დაგმო ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძირს უთხრის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. „კანადა გერმანიას დაუბრუნებს გარემონტებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა Nord Stream 1 გაზსადენისთვის და შეიძლება, დაეხმაროს ენერგიის მიწოდებას, ვიდრე ევროპა არ შეწყვეტს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე“, - განაცხადა კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა. Reuters-ის ცნობით, კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ გასცემს „ლიმიტირებულ ნებართვას", რათა გაათავისუფლოს ტურბინების დაბრუნება რუსული სანქციებისგან და ასევე გამოაცხადა ახალი ზომები მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ. კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.
ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება სიცრუეა
ევროკომისია მიიჩნევს, რომ „გაზპრომმა“ ევროპას გაზი ცრუ საბაბით გაუთიშა. შესაბამისი განცხადება Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. „გაზპრომის“ განცხადება, რომ ის კიდევ ერთხელ აჩერებს NorthStream1-ით გაზის მიწოდებას მცდარი საბაბით, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ის არასანდო მომწოდებელია. ეს რუსეთის ცინიზმის კიდევ ერთი დასტურია, რადგან მას კონტრაქტების პატივისცემის ნაცვლად, გაზის დაწვა ურჩევნია“, - აცხადებს ევროკომისიის წარმომადგენელი. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა. თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ „გაზპრომის“ ნაბიჯი გასაკვირი არ იყო. „გაზპრომის ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, - წერს შარლ მიშელი. კრემლი ნებისმიერი საბაბით ეცდება გაზის სრულ შეწყვეტას. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC
მედია: „გაზპრომი“ რუსული გაზის „თურქული ნაკადის“ გავლით მიწოდებას დროებით აჩერებს
რუსული გაზის მიწოდება თურქული ნაკადის გავლით 5 ივნისიდან 12 ივნისამდე დროებით შეჩერდა, ნათქვამია გაზპრომის განცხადებაში. რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზი გაზსადენის ყოველწლიური სარეკონსტრუქციო სამუშაოა. ამავდროულად, რუსეთიდან გაზი თურქეთს კიდევ ერთი მილსადენის - ცისფერი ნაკადის გავლით მიეწოდება, რომლის შეკეთება მაისის მეორე ნახევარში დასრულდა. 2022 წელს თურქული ნაკადის გაზსადენის დაგეგმილი ტექნიკური სამუშაო 21-28 ივნისს ჩატარდა. რუსეთი გაზს თურქეთს შავი ზღვის გავლით ორი მილსადენით აწვდის. ცისფერი ნაკადი ექსპლუატაციაში შევიდა 2003 წლის დასაწყისში, მისი საპროექტო სიმძლავრე 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზია წელიწადში. თურქული ნაკადის მთლიანი სიმძლავრე 31,5 მილიარდი კუბური მეტრია, მისი ოპერირება 2020 წლის იანვარში დაიწყო.
„გაზპრომის“ მიერ წარმოებული გაზის მოცულობა 25%-ით შემცირდა
რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ მის მიერ გაზის მოპოვება 25%-ით შემცირდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს. ომამდელ პერიოდთან შედარებით, მოცულობა თითქმის მესამედით არის შემცირებული - 2021 წლის იანვარ-ივნისში გაზპრომმა 260.8 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის გაზი აწარმოა. ერთმანთთან შედარებაშია მოყვანილი 2023 წლის პირველი ნახევარი და 2022 წლის პირველი ნახევარი. „გაზპრომმა“ გაზის წარმოების ვარდნაში „რიგი ქვეყნების მიერ „პოლიტიკურად მოტივირებული“ გადაწყვეტილებების მიღება“ დაადანაშაულა. რეალურად კი, ამ გადაწყვეტილების მოტივი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსული გაზის იმპორტზე უარის თქმაა. კომპანიამ აღნიშნა, რომ გაზის მოხმარებაზე გავლენას ახდენს არასასეზონო თბილი ამინდი, ასევე „ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორები“. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, „გაზპრომმა“ წარმოება 16%-ით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ კი (1992 წლიდან 1998 წლამდე), მხოლოდ 12%-ით შეამცირა. Bloomberg-ის შეფასებით, წლიურად წარმოებული დაახლოებით, 90 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი მყიდველის გარეშე დარჩება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა მიზნად დაისახა, თავი დაეღწია რუსულ გაზზე, ისევე როგორც სხვა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან.
მოლდოვამ „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვაზე უარი განაცხადა
მოლდოვა რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ გაზს აღარ შეიძენს. Rueters-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა. „ჩვენ აღარ შევიძენთ ბუნებრივ გაზს „გაზპრომისგან“ კონსტიტუციური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისთვის,“ - განმარტა მინისტრმა. მინისტრის თქმით, რესპუბლიკამ გაზის ალტერნატიული წყაროებიდან მოპოვება ევროპულ ბაზარზე მისი შეძენით მოახერხა. „უფრო მეტიც, ჩვენ შევძელით ამის გაკეთება უფრო დაბალ ფასად იმ ფორმულასთან შედარებით, რომელიც გათვალისწინებულია "გაზპრომთან" ხელშეკრულებაში,“ - აღნიშნა პარლიკოვმა. მოლდოვა კიევის მიმართ მკაფიო მხარდაჭერას აფიქსირებს. მან არაერთხელ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.
საფრანგეთში დააყადაღეს ვილა, რომელიც სავარაუდოდ, რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა
საფრანგეთის სასამართლომ დააყადაღა ლაჟვარდოვან სანაპიროზე, კურორტ როკებრიუნ-კაპ-მარტენზე მდებარე ვილა, რომელიც სავარაუდოდ, რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა. სასამართლომ ვილაზე საკუთრების უფლება პარიზის პროკურატურის მიმართვის საფუძველზე გაყინა. ვილა „მარია ირინა“ ოფიციალურად, წარმოშობით სომეხ ოლიგარქს, სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის, რომელიც რუსეთში საქმიანობს. პარიზის პროკურატურა მიიჩნევს, რომ რეალური მფლობელი რუსეთის ნავთობის და გაზის კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი ფირმა „გაზპრომ ნეფტია“. 120 მილიონი ევროს ღირებულების ვილა განთავსებულია სამ ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც სამი აუზი და ვერტმფრენის მოედანიცაა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, პარიზის პროკურატურის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების გამოძიებით, ვილა ფიგურირებს დამამძიმებელ გარემოებებში ფულის გათეთრების საქმეში. დანაშაული ჩადენილია პარიზსა და როკებრიუნ-კაპ-მარტენში და ასევე, კვიპროსსა და რუსეთში. „გაზპრომის“ შვილობილმა „გაზპრომ ნეფტმა“ სამველ კარაპეტიანს ვილა 2016 წელს მიჰყიდა, თუმცა, გამოძიებისას გაირკვა, რომ რეალურად ეს ქონება კომპანიის კონტროლიდან არასდროს გასულა. გამოძიების მასალებით, კარაპეტიანმა ვილის მფლობელი კომპანიის, Maritime Villa Holding SNC აქციები შეიძინა 115 მილიონი ევროს კრედიტით, რომელიც კომპანია „გაზპრომის“ საკუთრებაში არსებული „გაზპრომბანკისგან“ აიღო და გარანტიად ვილა ჩადო. კარაპეტიანი უძრავი ქონების, მშენებლობის, ენერგეტიკის და ფინანსების სფეროში მომუშავე კომპანიების ჯგუფის, „ტაშირის“ პრეზიდენტია. „ფორბსის“ მონაცემებით, კარაპეტიანის ქონება 2,7 მილიარდი დოლარია. როგორც გამოცემა „მონდი“ წერს, კარაპეტიანის ბიზნესის წარმატება დიდწილად განაპირობა „გაზპრომისგან“ მიღებულმა კონტრაქტებმა.
ბელგოროდში რუსული კომპანია „გაზპრომის“ შენობას დრონი შეეჯახა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთში, ბელგოროდში, გაზპრომის ადმინისტრაციულ შენობას უპილოტო თვითმფრინავი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, „რესურსებით მომარაგების საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან უპილოტოს შეჯახებით“ გამოწვეული აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. გლადკოვს საწარმო არ დაუკონკრეტებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში 5 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უკრაინას ბელგოროდზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში 5 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, რომლებზეც უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ხშირია.
ბულგარული კომპანია რუსული „გაზპრომისგან“ 400 მილიონი ევროს კომპენსაციას მოითხოვს
ბულგარული კომპანია Bulgargaz რუსული „გაზპრომისგან“ 400 მილიონი ევროს კომპენსაციას მოითხოვს 2022 წლიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, განაცხადა რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმერ მალინოვმა, იუწყება Nova. მისი თქმით, შესაბამისი მოთხოვნა უკვე მზად არის, მაგრამ ჯერ „ბულგარგაზი“ „გაზპრომს“ მისცემს შესაძლებლობას, ნებაყოფლობით მოაგვაროს მოთხოვნა მოკლე დროში. „თუ ეს არ მოხდება, ჩვენ საარბიტრაჟო სასამართლოს მივმართავთ პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში,“ - განაცხადა მალინოვმა. უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, 2022 წლის 27 აპრილს, „გაზპრომმა“ შეუწყვიტა გაზის მიწოდება Bulgargaz-ს რუბლით გადახდაზე უარის გამო. ეს გაანგარიშების სქემა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემოიღო, როგორც ულტიმატუმი მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს სანქციების პირველი ტალღით დაარტყეს. „გაზპრომის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შედეგად ბულგარეთში გაზის ფასებმა მკვეთრი მატება დაიწყო. 2022 წლის ივლისში 100 კუბური მეტრი (1 მგვტ.სთ) დაახლოებით 95 ევრო ღირდა, აგვისტოში კი, უკვე - 149 ევრო. ომამდე ბულგარეთი იმპორტის საჭიროების სამ მეოთხედს რუსული გაზით ფარავდა. 2023 წლის ბოლოს, „გაზპრომმა“ პირველად განიცადა წმინდა ზარალი 25 წლის განმავლობაში. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით, მისი მოცულობა - 629 მილიარდი რუბლი რეკორდია კომპანიის მთელი ისტორიის განმავლობაში.
„გაზპრომი“ 100 უმსხვილეს რუსულ კომპანიას შორის აღარ არის
Forbes-ის თანახმად, წმინდა მოგების მიხედვით, უმსხვილესი რუსული კომპანიების ყოველწლიურ რეიტინგში, 2023 წლის ლიდერმა - „გაზპრომმა“ არამხოლოდ დაკარგა პოზიცია 2024 წელს, არამედ, ტოპ ასეულშიც ვერ მოხვდა. პირველად 25 წლის განმავლობაში, „გაზპრომმა“ 2023 წელი 629 მილიარდი რუბლის ზარალით დახურა, ხოლო ერთი წლით ადრე მისმა მოგებამ 1,23 ტრილიონი რუბლი შეადგინა. კომპანიის შიდა ანგარიშის მიხედვით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში გაზის ექსპორტის წინა დონემდე აღდგენა შეუძლებელი იქნება. „გაზპრომის“ ზარალის მთავარი მიზეზი გაზის მოპოვებისა და ევროპისთვის მიწოდების მკვეთრი ვარდნა იყო, რაც უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. ყველაზე მომგებიანი რუსული კომპანიების რეიტინგში ახალი ლიდერი „როსნეფტია“, რომელმაც 2023 წლის ბოლოს წმინდა მოგება 1,529 ტრილიონი რუბლი მიიღო. რეიტინგის 100 საუკეთესო მონაწილის მთლიანმა მოგებამ 13,2 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა.