თეგი: „დაკავშირებადობის მინისტერიალი“

რატომ არ მონაწილეობს საქართველო დაკავშირებადობის მინისტერიალში

16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებსა და, მათ შორის, დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენელი მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. „ამასთან, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის,“ – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. თავის მხრივ, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ხსენებულ საკითხზე.  “ბოლო პერიოდში ორჯერ თუ სამჯერ მივიწვიეთ საქართველოს წარმომადგენლები ჩვენს ღონისძიებებზე, რომლებიც დაკავშირებულობას ეხებოდა, მაგრამ ისინი არ მოსულან. ვცდილობთ თანამშრომლობას, ვიწვევთ მათ, თუმცა თავად არ სურთ მოსვლა. ჩვენ არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე, მაგრამ, ზოგადად, ვცდილობთ ჩართულობის შენარჩუნებას,” - აღნიშნა ევროკომისარმა. ევროპელი დიპლომატი იმედოვნებს, რომ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. “როგორც იცით, გვსურდა დიალოგის გამართვა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. იმედი მაქვს, რომ იანვარში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განვიხილავთ საქართველოს საკითხს, როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა დააანონსა და ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა იქნება,” - აღნიშნა კოსმა. რაროგორ აფასებს საქართველოს მთავრობის უარს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ხსენებულინ შეკითხვის საპსაუხოდ ამბობს, რომ „„შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან ბევრი რამ არის განსახილველი. „ზოგჯერ მათგანი შეხვედრებს არ ესწრება, თუმცა ბევრი მინისტრი ჩამოდის და იმედი მაქვს, რომ მომავალში შევძლებთ კონკრეტული, რეალური შედეგების მიღწევასაც,“ - აღნიშნა კალასმა. „სადაც ღირსეულ მოსაწვევს მიიღებს ჩვენი ქვეყანა, იქ სათანადოდ იქნება წარმოდგენილი. სადაც დავინახავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება,“ - თავის მხრივ, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დაკავშირებადების საკითხზე ბრიუსელში დღეს დაგეგმილ მინისტერიალზე საქართველო ელჩის დონეზე მიწვევას რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. პრემიერის შეფასებით, ეს არის არაჯანსაღი მიდგომა. „ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან და ჯანსაღ მიდგომას, რასაც დღეს ვერ ვხედავთ. ჩვენ გვექნება ღირსეული დამოკიდებულება, სადაც ღირსეულ მოსაწვევს მიიღებს ჩვენი ქვეყანა და იქ სათანადოდ იქნება წარმოდგენილი. სადაც დავინახავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება. [რაც შეეხება გაფართოების ფორუმზე არმიწვევას] ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. სუვერენიტეტის პრობლემაა აშკარად. სუვერენულად რომ მოქმედებდეს ევროპული ბიუროკრატია, ამ შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება, რა თქმა უნდა, იქნებოდა მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მინდა, შეგახსენოთ, რომ რუსეთისგან იზოლაციის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საქართველო ევროპისთვის რჩება ერთ-ერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებაში. როდესაც ასეთ დროს ხელოვნურად ქმნი პრობლემას, როდესაც ასეთ დროს აფერხებ ღია და გამჭვირვალე დიალოგს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია კიდევ ერთხელ არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად/ვერ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმს მასპინძლობენ. ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის ინფორმაციით, ღონისძიებას სახელწოდებით : „უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა“, დაესწრებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების პროცესში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და ბიზნესის წარმომადგენლები. გაფართოების ფორუმზე საქართველო არ მიუწვევიათ. დღესვე ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავენ. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალში, რომელიც რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან მინისტრები სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან, მოლდოვიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. საქართველო დაკავშირებადობის მინისტერიალზე ელჩის დონეზე იყო დაპატიჟებული, თუმცა ოფიციალურმა თბილისმა მასზე დასწრებაზე უარი განაცხადა.