თეგი: „დიდგორი 2023“

„დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში ერთობლივი საველე სწავლება ჩატარდა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების აღმოსავლეთის ბატალიონმა და შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ქვედანაყოფმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სიმულაციური სცენარის მიხედვით შექმნილ კრიზისში თავდაცვის ძალებისა და შსს ქვედანაყოფებმა კოორდინირებულად იმოქმედეს და ეფექტიანად შეასრულეს დასახული ამოცანა. ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობდა ქართული წარმოების „დიდგორი“ და „დიდგორი მედევაკი“, რომელმაც დაჭრილის ევაკუაცია განახორციელა. „შსს-ს დაშავებული წარმომადგენლის საჰაერო ევაკუაციაში კი, თავდაცვის ძალების ახლადმოდერნიზებული UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი ჩაერთო. საველე წვრთნაში მონაწილეობდა შსს-ს ტექნიკაც. უწყებათშორისი სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებასა და ურთიერთქმედების დახვეწას. „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია. მასში საშტაბო ნაწილის გარდა, სხვადასხვა სასწავლო უბანზე საველე კომპონენტებიც თამაშდება,“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში საველე სიტუაციური სწავლება ჩატარდა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში საველე სიტუაციური სწავლება ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2023“ ფარგლებში საველე სწავლებები ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს. „ამ მიზნით საწვრთნელი არეალი „ნორიოს“ ტერიტორიაზე სიმუალციური სცენარის მიხედვით მოწინააღმდეგის შეყოვნება-ბლოკირების ოპერაცია, დაჭრილის საჰაერო ევაკუაცია და სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გათამაშდა. სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალებისა და გენერალური შტაბის მთავარი სერჟანტები, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და მთავარი სერჟანტი კობა ოშხერელი აკვირდებოდნენ. „ოპერაციაში პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი იყო ჩართული, რომელსაც მხარს უჭერდა ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა ოცეული და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, რომელმაც მოთხოვნის შესაბამისად ბატალიონის ლოჯისტიკური მარაგებით გადავსება განახორციელა. სწავლებაში მხარდამჭერი ელემენტები გაათამაშეს ასევე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2 ერთეული საზენიტო სარაკეტო კომპლექსმა “ATLAS.” წვრთნებში მონაწილეობდა ქართული წარმოების „დიდგორი მედევაკი“, რომელმაც დაჭრილის ევაკუაცია განახორციელა. საჰაერო ევაკუაციაში კი, თავდაცვის ძალების ახლადმოდერნიზებული UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი ჩაერთო და დაშავებულები ვაზიანში, მე-4 ქვითი ბრიგადაში გადაიყვანა. სწავლებაში მოწინააღმდეგის როლს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საბრძოლო მომზადების ცენტრის პირადი შემადგენლობა თამაშობდა. ამავე სარდლობის შემფასებლებმა კი, სწავლება დადებითად შეაფასეს. საველე კომპონენტის მიზანს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის კოორდინირებულად მოქმედება და კრიზისული მდგომარეობის დროს ეფექტიანად მოქმედება წარმოადგენდა. „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

„დიდგორი 2023-ს“ ახალი კომპონენტი დაემატა

„დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში გამართული საველე სწავლებები საზოგადოებრივი და მოხალისეთა ორგანიზაციების ჩართულობით პირველად თამაშდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ სხვადასხვა საველე კომპონენტის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს. წელს „დიდგორი 2023-ის“ ერთ-ერთი სიახლე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოხალისეთა რაზმების ჩართვასაც ითვალისწინებს. უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2023’’ წინა სწავლებებთან შედარებით უფრო მასშტაბურია „კრიზისულ სიტუაციებში კოორდინირებულად თანამშრომლობისა და ეფექტიანად მოქმედებების მიზნით, საჩხერეში წყალდიდობის სცენარის მიხედვით სიმულაციური სწავლება გათამაშდა. ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ასეულმა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვედანაყოფებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების„ვემსახურები საქართველოს“ და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის“ წარმომადგენლებთან ერთად სამაშველო ოპერაციები კოორდინირებულად ჩაატარეს. „დიდგორი 2023“-ის საველე კომპონენტების ერთ-ერთ მიზანს, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით ბუნებრივ კატასტროფაზე რეაგირება, მოხალისეთა ორგანიზაციის კონტროლი, რეზერვისტთა მიღების, აღჭურვისა და მომზადების პროცედურების და უწყებათაშორისი კომუნიკაციის დახვეწა იყო,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ ნოემბერს დაიწყო.