თეგი: „ევროპული მარში“

პრეზიდენტი „ევროპულ მარშს“ შეუერთდა: ჩვენ გვინდა ევროპა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ევროპულ მარშს“ შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილმა ადგილზე მედიას განუცხადა, რომ ევროპაში ადამიანებს და ადამიანის აზრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აქედან გამომდინარე ის იმედოვნებს, რომ 15 დეკემბერს ზეიმის შესაძლებლობა გვექნება. „ამდენი ხალხი მოდის და ამდენმა ხალხმა თავისი ხმა მიაწვდინა ევროპას. ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს აქვთ უდიდესი მნიშვნელობა, სადაც მათ თავისუფალ აზრს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მე მაქვს დიდი იმედი, რომ ეს თავისუფალი აზრი იქნება გათვალისწინებული და ჩვენ შევძლებთ 15 დეკემბრის მერე კიდევ ერთხელ ზეიმს და მერე მომზადებას შემდეგი წლისთვის, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება,“ – განაცხადა პრეზიდენტმა. „ჩვენი ხმა ევროკავშირს“ – ამ სახელწოდებით დედაქალაქში მარში გაიმართა. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და მონაწილეები ევროპის მოედნისკენ გაემართნენ, სადაც რეკორდული მასშტაბის ევროკავშირის დროშა გაიშალა. ორგანიზატორები, არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დროშაზე გამოსახული თითოეული ვარსკვლავი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია დამზადებული, რაც ევროპული ინტეგრაციისადმი მთელი საზოგადოების მისწრაფებას გამოხატავს. მარშში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით იმართება, რიგით მოქალაქეებთან ერთად, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.