თეგი: „ნიკე-ლუსო“
სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს ქალი ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს სააპელაციო სასამართლომ 27 ნოემბერს შეცვალა პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი მეჰმეთ უიარი ამავე კლუბის 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ფეხბურთელის ადვოკატმა ანა თავხელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. თავხელიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სხდომა სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეზე დღეს გაიმართა. ადვოკატი სხდომას არ დასწრებია. მისი თქმით, განაჩენის შესახებ პროკურორისგან შეიტყო. დღესვე, ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთი“ განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სადისციპლინო კომიტეტისგან სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელის მომდევნო სეზონის მატჩებში პირობით დისკვალიფიკაციას და 24-თვიან საგამოცდო ვადას ითხოვს. იგივე სასჯელს, პირობით დისკვალიფიკაციას და 24 თვიან საგამოცდო ვადას ითხოვს ფედერაცია კლუბისა და ფეხბურთელებისთვის, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 წევრისთვის. „ნაცვლად ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირების, პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისა, ფედერაციის ძალისხმევა მიმართულია იმ კლუბისა და ფეხბურთელების დასჯისკენ, რომლებიც სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობენ,“ – ნათქვამია კლუბის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში. „იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ ფედერაცია თავისი ქმედებებით ფაქტობრივად იცავს დარღვევებთან დაკავშირებული კლუბის ინტერესებს, ხოლო იმ კლუბის მიმართ, რომელიც ამ საკითხებზე საჯაროდ საუბრობს, მკაცრი სადისციპლინო სანქციების გამოყენებას ცდილობს,“– ნათქვამია განცხადებაში. განცხადების მიხედვით, ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა 27 ნოემბერს არის ჩანიშნული.