თეგი: „რა? სად? როდის?“
ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის თამაშების - „რა? სად? როდის?“ ერთწლიან მარათონს იწყებს
ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ახალგაზრდებისთვის თამაშების - „რა? სად? როდის?“ ერთწლიანი მარათონი იწყება. კახეთის რეგიონში ჩატარდა პოპულარული თამაში „რა? სად? როდის?“ ევროპის შესახებ, რომელშიც ერთდროულად 100-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. თამაშის კითხვები მომზადებული იყო სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, რომ მათ, მხიარული და ინტერაქტიური გზით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ. თელავის თამაშებს დაესწრო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, ნიკოლას სენდროვიჩი. მან ხაზი გაუსვა ამ სახის ინიციატივების მნიშვნელობას: „ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს ახალგაზრდებსა და მათ განათლებას, ვინაიდან ახალგაზრდა თაობა ჩვენი მომავლის საყრდენია. ისეთი ინიციატივებით, როგორიცა არის თამაში „რა? სად? როდის?“ ევროპის შესახებ, ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს შევუთავსოთ განათლება და გართობა იმ სახით, რომ ახალგაზრდები ხალისიანი და ამავდროულად ინფორმირებულები იყვნენ. გვიხარია, რომ მომდევნო წლის მანძილზე, ჩვენ შევძლებთ გავაძლიეროთ მათი ცნობისმოყვარეობა და ცოდნის მიღება ახალგაზრდებისთვის სასიამოვნო და შინაარსობრივი ფორმით.“ „რა? სად? როდის?“ თამაშების სერიას უძღვებოდნენ თამაშის ავტორი და საქართველოს კლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე და კლუბის სხვა წევრები. წლის განმავლობაში თამაშები ჩატარდება არამხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისის თერთმეტ რაიონში და არასრულწლოვანთა კოლონიაში. თამაშში მონაწილეობის მიღება და ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია 8-12 კლასის მოსწავლეებისთვის. 2023 წლის ივნისში მარათონი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაიწყო, სადაც თამაშში ერთდროულად 100-ზე მეტი გუნდი ჩაერთო. ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მომზადებული ამ თამაში-ვიქტორინის მიზანია, ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ინფორმაციის მიღება უფრო სახალისო და ინტერაქტიური გახადოს. მარათონი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 2024 წლის გაზაფხულზე თბილისში დასრულდება.
ინტელექტკლუბის - „რა? სად? როდის?“ 550-ზე მეტი მოთამაშე ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ ეწინააღმდეგება
ინტელექტუალური თამაშის, „რა? სად? როდის?“, მოთამაშეები - 550-ზე მეტი მოთამაშე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ხელმომწერებს მიაჩნიათ, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციას. „ჩვენ, „რა? სად? როდის?“ მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც ქვეყნის კონსტიტუციაში. ვთვლით, რომ კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამიტომ მოვუწოდებთ პარლამენტს გაიმეოროს შარშანდელი ქმედება და მეორე მოსმენით ჩააგდოს ხსენებული კანონპროექტი. ჩვენი არჩევანია - ევროპა,“ - წერია განცხადებაში. ხელმომწერთა შორის არიან ინტელექტკლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე, ტელეპროექტის მთავარი რედაქტორი ლაშა კილაძე, კლუბის მაგისტრი გიორგი ბაქრაძე და სხვადასხვა გუნდის კაპიტნები: დავით რაფავა, ია მეტრეველი, ოთარ საბაშვილი, ირინა ფრუიძე, ბაჩანა შენგელია, დავით სიჭინავა, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გიორგი მელაძე. შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები