თეგი: „როსგვარდია“
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა „არ მოაწერს ხელს „როსგვარდიასთან“ ხელშეკრულებას“
„რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიასა და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება „არ ექვემდებარება ხელმოწერას,“ აცხადებს ოკუპირებული რეგიონის შსს-ს ხელმღვანელი, რობერტ კიუტი. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს უწყებაში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ხელმძღვანელობაში, არ არიან ადამიანები, რომლებიც იმოქმედებენ და პროფესიული საქმიანობას შეასრულებენ აფხაზეთის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისა ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ,“ - განაცხადა კიუტმა. დე ფაქტო მინისტრის მტკიცებით, აფხაზეთი არის „სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო“ და ამ სტატუსს 30 წელია, იცავენ. „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას უცხო სახელმწიფოს ძალოვანმა სტრუქტურებმა,“ - აღნიშნა კიუტმა. რამდენიმე დღის წინ მედიაში გამოქვეყნდა ოკუპირებული რეგიონის შსს-სა და „როსგვარდიას“ შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელსაც წინააღმდეგობა მოჰყვა ოპოზიციისა და საზოგადო მოღვაწეების მხრიდან. კრიტიკოსების აზრით, შეთანხმებით შესაძლებელი ხდებოდა აფხაზეთის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა.