თეგი: „საპრეზიდენტო არჩევნები“
საქართველო რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები
საქართველო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე. ამ შინაარსის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ავრცელებს. საქართველოს საგარეო სამინისტრო გმობს მიმდინარე წლის 8 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზინდენტო არჩევნების მეორე ტურს. მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის ეფექტური კონტროლი და მისი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე მკაფიოდაა დადასტურებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.