თეგი: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

გაითვალისწინეს მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შორენა თეთრუაშვილის თანხმობა მსჯავრდებულისთვის შეღავათების გამოყენებაზე - SJC

ორგანიზცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებისას საბჭომ გაითვალისწინა, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის თანხმობა მსჯავრდებულისთვის შეღავათების გამოყენებაზე. ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გიორგი მამალაძე იცავდა დაწესებულების მოთხოვნებს, ხასიათდებოდა დადებითად, არ იყო კონფლიქტური და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სამომავლო რისკ-ფაქტორები არ იკვეთებოდა. „დღეს, 14 თებერვალს, დეკანოზი გიორგი მამალაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა. ამ პროცესში, ისევე როგორც პატიმრობის პერიოდში, უფლებების დაცვის საკითხებზე გიორგი მამალაძეს სამართლებრივ დახმარებას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” უწევდა. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გიორგი მამალაძე იცავდა დაწესებულების მოთხოვნებს, ხასიათდებოდა დადებითად, არ იყო კონფლიქტური და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სამომავლო რისკ-ფაქტორები არ იკვეთებოდა. ასევე, საბჭომ მხედველობაში მიიღო მამალაძის საყურადღებო ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. ამასთან, საბჭომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მამალაძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი (შორენა თეთრუაშვილი) თანხმობას აცხადებდა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე. დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელს 2017 წლიდან იხდის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წელს დამძიმდა და ამ პერიოდიდან იგი სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ციხის პირობებში ადეკვატური მკურნალობის ჩატარების სირთულის მიუხედავად, ჩვენი არაერთი მიმართვის შემდეგაც, სასამართლოებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება მისთვის სასჯელის გადავადების შესახებ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოგვიანებით შემოგთავაზებთ საქმის ვრცელ სამართლებრივ შეფასებას,” - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გიორგი მამალაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე ადრე 14 თებერვლის საღამოს გათავისუფლდა. მას სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა. დაცვის მხარემ საბჭოს საქმის განხილვისთვის 2023 წლის ნოემბერში მიმართა.