თეგი: „უცხოური გავლენის აგენტი
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დაიწყო
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 9 მარტის ნაცვლად დღეს განიხილავენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონპროექტების განხილვა დღეს დაიწყონ და თუ პროცესი დღესვე ვერ დასრულდება, ხუთშაბათს გაგრძელდეს. „დღევანდელი დღე „თავდაცვის კოდექსის“ განსახილველად გვქონდა დათმობილი, თუმცა ბიუროს გადაწყვეტილებაა, რომ არ განვიხილოთ. ამიტომ, გთავაზობთ, დავიწყოთ აგენტების ამერიკული კანონის განხილვა და ხუთშაბათს გავაგრძელოთ. ამას იმიტომ გთავაზობთ, რომ მოესწროს და რეგლამენტის ცუდად გამოყენებით არ მოხდეს პროცესის ჩაშლა. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ როგორც ვიცით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოტანილი აქვს განცხადება მთელი კვირის განმავლობაში ბოიკოტზე. ვერ იტყვიან, რომ ხუთშაბათს აპირებდნენ მოსვლას და ამ არგუმენტს ვერ იტყვიან. დანარჩენი ვინც უნდა იყოს, აქ არიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. „ეს პროექტები ჩვენი განსახილველია მიმდინარე კვირის განმავლობაში, განხილვას და საპარლამენტო დებატებს საზოგადოებაც მოელის და ალბათ, ჯობს, რომ დღეს დავიწყოთ“, - განაცხადა თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა. საპასუხოდ ოპოზიციამ მმართველი ძალა ტყუილში დაადანაშაულა და მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეები ახლა პარლამენტთან იკრიბებიან. „დღეს ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსული კანონის განხილვა ხუთშაბათს მოხდებოდა. ახლა მალულად, ვირეშმაკულად გამოაცხადეს, რომ დღის წესრიგი შეიცვლება და სწორედ ახლა, როცა ამას არავინ ელოდა, პარლამენტში, „რუსული კანონის“ განხილვა დაიწყება. ამ ძალადობით, როცა გავსებულია აქაურობა ძალოვნებით, ამ ვირეშმაკობით აპირებენ რუსული კანონის მიღებას იმიტომ, რომ სიმართლე, ხალხის რეალური ძალა და ქვეყნის ინტერესი ამათ გვერდით არ დგას და აი, ასეთი ფანდებით და ხელის გადაგრეხით აპირებენ ამ ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას. გთხოვთ, ვინც დილით იყავით, დაბრუნდით და ვინც ახლა ეკრანებთან გვიყურებთ, ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, მოვიდეთ და დადგეთ საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ ვაპირებთ შიგნოთ ბრძოლა“ს, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.